in

ქართული წარმოების ახალი ყავა „მონდო” საექსპორტოდ ემზადება

ქართული წარმოების ყავა „მონდო” ბაზრის დახლებზე 3 აპრილიდან გამოჩნდა. მას, ყავის იმპორტის 15 წლიანი გამოცდილების მქონე, BB Company აწარმოებს. კომპანიას წარმოდგენილი აქვს 14 პოზიცია ჰორეკა და 3 პოზიცია ნალექიანი ყავა 100 გრამიან შეფუთვებში, საცალო გაყიდვისთვის. აწარმოე საქართველოში” პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ საწარმოს, ოფიციალურ გახსნაზე, 24 აპრილს, ეკონომიკის მინისტრი ეწვია. ქართული ყავის ბრენდი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, საერთაშორისო გამოცდილებას იყენებს და ქართული პროდუქტის მსოფლიო ბაზარზე გატანას საკმაოდ მცირე დროში გეგმავს. „მონდოს” შექმნის ისტორიაზე, ფუნქციონირების დეტალებსა და საექსპორტო გეგმებზე მარკეტერი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს – მაკა კომახიძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: როგორია ქართული წარმოების ყავა “მონდოს” გაჩენის ისტორია?
BB Company 15 წელია ყავის იმპორტითაა დაკავებული და არის იტალიური ყავა illy-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გარდა ამისა, ეს კომპანია მრავალ სხვა ბიზნესშია ჩართული. 5 წლის წინ დავიწყეთ მწვანე მარცვლის გაყიდვა საქართველოში, რის შემდეგაც, გაჩნდა იდეა, რომ გვეწარმოებინა ქართული ყავა. თავიდან ვაპირებდით, რომ ჩვენი წარმოება საბითუმო ბაზრობებისთვის მოხალული ყავის მიწოდებით შემოფარგლულიყო, თუმცა, ხარისხიანი პროდუქტის შექმნის სურვილი დიდი იყო. 2 წლის წინ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ შეგვექმნა მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტი და დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. M: რა იყო პრიორიტეტი ბრენდზე მუშაობისას, რაზე დაყრდნობით შეარქვით კომპანიას „მონდო” და ვინ იმუშავა ბრენდინგზე?
ჰოლანდიელი და იტალიელი ტექნოლოგები გვყავს, იტალიური ესპრესოს შექმნის იდეა გვქონდა, რადგან ქართველ მომხმარებელს სწორედ ასეთი ყავა მოსწონს. კომპანია Betterfly-სთან გვქონდა ხელშეკრულება, ბრენდინგის მიმართულებით და ამ საკითხში, ჩვენი ჯგუფიც აქტიურად იყო ჩართული, თუნდაც სახელის მოფიქრების კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიური ტექნიკით ვამზადებთ ყავას და ამ ქვეყნის აღჭურვილობის საწარმო გვაქვს, იტალიური სახელი გვინდოდა, შესაბამისად, შევარჩიეთ სახელი „მონდო.”

M: ვინ შექმნა „მონდოს” რეცეპტი?
რეცეპტი არის ჰოლანდიელი ექსპერტის – იან შუითმახერის მიერ შექმნილი. ჰოლანდიელებსა და ამერიკელებს სხვა, ქართული და იტალიური სტილისგან განსხვავებული ესპრესოს მოხმარების ფორმა ახასიათებთ და მან, რეცეპტის შექმნისას გაითვალისწინა, რომ ჩვენ გვინდოდა იტალიური ესპრესო. M: როგორც ვიცით, ყავა მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ადგილზე მოდის, საიდან ჩამოგაქვთ ყავის მარცვალი?
დიდი რაოდენობის ყავა, რომელიც არის ჩვენი რეცეპტების ძირითადი ბაზა, ჩამოგვაქვს კოლუმბიიდან, ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, საიდანაც მსოფლიოს დიდი ნაწილი მარაგდება ყავით. ასეთი ქვეყნებიდან როცა ჩამოგვაქვს, უნდა იყოს აუცილებლად მთელი კონტეინერი. არის სხვადასხვა სახეობები, რომლებიც მცირე რაოდენობით გვჭირდება ჩვენი რეცეპტისთვის და ჰოლანდიიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, შედარებით მცირე რაოდენობით ჩამოგვაქვს.

M: რა უპირატესობა აქვს ქართული წარმოების ყავა „მონდოს” ქართულ ბაზარზე?
ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქტს, რომელიც არის საამაყო და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ყავა ის პროდუქტია, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ადგილას მოდის. ყავის აქ დამუშავება და გაყიდვა არის იმავე პროდუქტის შექმნა, როგორიც იქმნება თუნდაც იტალიაში. „მონდო” ქართულ ბაზარზე ნაკლები ეღირება, იმიტომ, რომ წარმოებულია საქართველოში და მას არ სჭირდება იმპორტის გადასახადი. ჩვენი კომპანია არის პირველი ყავის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელსაც წარმოდგენილი აქვს ჰორეკა, მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და საცალო გაყიდვებზეც.M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და სად არის თქვენი პროდუქტის შეძენა შესაძლებელი?
100 გრამიანი შეფუთვები ღირს 3, 4, და 5 ლარის ფარგლებში. ეს, რაც შეეხება საცალო ვაჭრობას, იმას, რაც მაღაზიების დახლებზე იყიდება. ჰორეკაში, კილოგრამის ფასი მერყეობს 35-დან 60 ლარამდე. ამჟამად, 1000-მდე მაღაზიაშია (ქსელები და პატარა მაღაზიები) წარმოდგენილი 100 გრამიანი შეფუთვები. ჰორეკას რაც შეეხება, რეალიზება ხდება იმათთან, ვისთანაც გვაქვს ხელშეკრულებები. ჯერჯერობით, 10-მდე ობიექტია ასეთი. გარდა ამისა, რესტორნებიც არიან დაინტერესებული, რადგან ჩვენი კომპანია მხოლოდ ყავის გაყიდვაზე არაა ორიენტირებული, იგი უზრუნველყოფს რესტორნებისთვის შესაბამისი ყავის აპარატების მიწოდებას, ასევე, ტექნიკურ მომსახურებას. ჩვენი ყავა, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით, რაც შეეხება ჰორეკას, მხოლოდ თბილისში შეიძლება შეძენა. 

M: ექსპორტის კუთხით რა გეგმები გაქვთ?
ექპორტი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. წელს, ვიქნებით რამდენიმე გამოფენაზე წარმოდგენილები, მსოფლიოს მასშტაბით. პირველი გამოფენა იქნება 8 მაისიდან, ჰონ-კონგში. მზად ვართ, გვაქვს სარეკლამო მასალა და რაც მთავარია, თვითონ პროდუქცია. შემდეგი გამოფენა, რომელშიც მივიღებთ მონაწილეობას, გაიმართება ნიუ-იორკში, ივლისში. ასეთივე გამოფენა იქნება პეკინში, ნოემბერში და ა.შ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპულ კომპანიებთან, რომლებიც თავიანთ, ადგილობრივ ბაზარზე ეძებენ დისტრიბუტორებს, რომ ჩვენი პროდუქციის გატანაში დაგვეხმარონ. უკრაინაში, ირანში, თურქმენეთსა და სხვა ქვეყნებში უკვე გაგზავნილი გვაქვს ნიმუშები და ველოდებით პასუხს, ექპორტთან დაკავშირებით. ასე რომ, ქართული წარმოების ყავას აუცილებლად გავიტანთ მსოფლიო ბაზარზე.

“არა” ყველაფერს, რაც ხელს გვიშლის ცხოვრებაში! – Marks & Spencer-ის კამპანია #SpendItWell

Goldman Sachs-იდან „თანასწორობის ცენტრამდე“ – ნინო კვერნაძის ქართულ-ამერიკული ამბავი