25
Apr
2018

რა ზიანი შეიძლება მოგიტანოთ თანამშრომლების კონტროლმა?

25 Apr 2018

დისციპლინა რომ ყოველი საქმისთვის აუცილებელი ნაწილია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა, ბოლო წლებია, განსაკუთრებით გამკაცრდა თანამშრომლების კონტროლის მექანიზმები. მითუმეტეს, დღესდღეობით, სულ უფრო მისაწვდომი ხდება მონიტორინგის ტექნოლოგიები, თუმცა, ამავდროულად, ექსპანსიურიც. ვგულისხმობთ, რომ რიგ შემთხვევებში მენეჯერის მხრიდან კონტროლი ემსგავსება პირად სივრცეში შემოჭრას და მიუხედავად იმისა, რომ ამას პროდუქტიულობის გაზრდის მიხნით აკეთებენ, ძალიან ხშირად, საპირისპირო შედეგებს იღებენ. დიახ, ადვილია თანამშრომლებისთვის თვალის დევნება სამუშაო გარემოში. კონტროლდება კლავიატურის გამოყენების ინტენსიობა, თანამშრომლის გადაადგილება… ბანკების, კლინიკები, პოლიციის დეპარტამენტების, ქოლ-ცენტრებისა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებს, ვისაც სურთ გაიგონ, რას აკეთებს თანამშრომელი, ამის გაკეთება სრულიად შეუმჩნევლად შეუძლიათ. თუმცა, არავის მოსწონს, როდესაც მის ყოველ მიხვრა-მოხვრას ვიღაც ეჭვიანი თვალით ადევნებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მენეჯმენტის მონიტორინგის სისტემის მიზანი მარტივია: გაკონტროლდეს თანამშრომელთა ქცევა და გაიზარდოს პროდუქტიულობა. თუმცა, მეორე საკითხია, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. კვლევებმა აჩვენა, რომ პედანტურმა მონიტორინგმა ცუდი შედეგები შეიძლება გამოიღოს.

2011 წელს, ერთი ასეთი კვლევის ფარგლებში, აეროპორტის ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟდა კამერა, რომელიც ოფიცრების ყველა რაკურსს აკვირდებოდა, დოკუმენტების შემოწმებით დაწყებული, სხეულის სკანირებით დასრულებული. ეს არ იყო პირდაპირ კავშირში ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ეს იყო მგზავრების განცხადებებით გამოწვეული, რომლებიც თავიანთი ნივთების დაკარგვით იყვნენ შეწუხებული – აეროპორტმა (TSA) ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსგავსი შინაარსის 7000 საჩივარი მიიღო.

მაშინ ლოგიკურიც იყო, რომ მენეჯერებმა კამერები დაამონტაჟეს, ქურდობის შემთხვევების გამოსავლენად და მგზავრთა დასარწმუნებლად, რომ თანამშრომლები არაფერ შუაში იყვნენ. ამის პარალელურად, TSA-ის თანამშრომლები ეჭვობდნენ, რომ მგზავრთა პირადი ნივთები უშუალოდ ავიაკომპანიების თანამშრომლების მიზეზით იკარგებოდა.

იმის მიუხედავად, რომ კამერების სისტემა კარგი საქმისთვის დამონტაჟდა, ეს ცუდად აისახებოდა თავად თანამშრომლების ფსიქიკაზე. ოფიცრებს გაუჩნდათ დამთრგუნველი განცდა, რომ ვიღაც, სადღაციდან აკვირდებოდა მუდმივად.

ამავდროულად, ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ვერ ამჩნევდნენ: “დიახ, ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ, აკვირდებიან ჩვენს თითოეულ მოძრაობას, თუმცა გვაქვს შეგრძნება, რომ ვერ გვამჩნევენ, როგორც ცალკეულ ადამიანებს. თითქოს, მენეჯერები ეძებენ მიზეზებს, რომ ვინმესთვის შენიშვნა მიეცათ.”
თუმცა, ოფიცრებმა, ასეთ გარემოებასთან გამკლავება მისი იგნორირებით გადაწყვიტეს. ცდილობდნენ, არ მიექციათ ყურადღება საკონტროლო სისტემისთვის და ასე ვთქვათ, თავი აერიდებინათ მისთვის, შესაძლო მეთოდებით. მაგალითად, მეტ დროს ატარებდნენ საპირფარეშოში, გაახანგრძლივეს შემოვლა, რომ კონტროლირებადი პერიმეტრიდან რაღაც დროით გასულიყვნენ.

ამასთან, ცდილობდნენ არ გამოყოფილიყვნენ პერსონალურად. თვლიდნენ, რომ შესაძლოა შეემჩნიათ და არასწორი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ მათი ქცევებისთვის. ამიტომაც, ცდილობდნენ, უბრალოდ, შეესრულებინათ საკუთარი საქმე და შემდეგ, სახლში წასულიყვნენ. ამასთან, გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ ამდენ ქაოსში, მიუხედავად ამგვარი დაკვირვებისა და კონტროლისა, მენეჯერები ვერ ამჩნევდნენ მათ გულმოდგინე მუშაობას და შესაბამისად, ეს არსად ფასდებოდა. ამიტომაც, ოფიცრები ცდილობდნენ “ღრმა დინებით” ეცურათ, ასე უფრო უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. ამგვარად, თავს არიდებდნენ მენეჯერებთან საუბარს.

დროთა განმავლობაში, დაკვირვების ქვეშ მყოფი თანამშრომლები სულ უფრო მეტად გაურბოდნენ დაკვირვების ზონებს, რაც მენეჯერებისთვის უკვე ნათელი გახდა, თუმცა, უფრო რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ მათ, კონტროლის გაზრდილი მექანიზმით დაკარგეს თანამშრომლების ნდობა და სიტუაცია გამოვიდა წყობიდან. საბოლოო ჯამში, მონიტორინგმა მარცხი განიცადა.
სწორედ, ამაზე გვსურდა საუბარი: გაძლიერებული კონტროლი აღიქმება თვალთვალად და ნდობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა, ზოგი მენეჯერი კიდევ უფრო ამკაცრებს კონტროლის მექანიზმს.

ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას არ ეხება ეს პრობლემა ასე მძაფრად, თუმცა აუცილებელია, რომ ყველა მენეჯერმა მიაქციოს ყურადღება, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოყვეს გაძლიერებულ მონიტორინგს. ძალოვანი სტრუქტურებიც კი იუწყებიან, რომ პოლიციელები თავს არიდებენ კამერების ჩართვას. მე-20 საუკუნეში კონტროლის სისტემის წინააღმდეგ უამრავი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე. 21-ე საუკუნეში კი აქციების ნაცვლად, ცდილობენ, უბრალოდ, ჩუმად აარიდონ თავი კონტროლის პერიმეტრს და დარჩნენ შეუმჩნეველი.

მომზადებულია HBR-ზე დაყრდნობით.



განხილვა