in

8 წლის ანა, როგორც ფერების ოსტატი

ბავშვების ამბავი ხომ იცით.. ისინი თავიანთ განსაკუთრებულ და უსაზღვრო ფანტაზიებს, უმეტესწილად, ფერებით გამოხატავენ. ხატვა ბავშვობაში თითქმის ყველას უყვარს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც სწორედ ამ პერიოდიდან აღმოაჩენენ, რომ ეს მხოლოდ ბავშვური თვითგამოხატვა კი არა, შინაგანი მე-ს ძლიერი ძახილია. ასე მოხდა ანა კალანდიას შემთხვევაშიც.. ის ჯერ 8 წლისაა, თუმცა კი, რამდენიმე წელია უწყვეტად ხატავს და სწორედ ამაში პოულობს თავის კომფორტსა და სიამოვნებას.

და რადგან შევძელით, პატარა ფერების ოსტატის აღმოჩენა, გადავწყვიტეთ, ანასთან დაკავშირებით დედას, ნინო კალანდიას გავსაუბრებოდით:

“ანამ ხატვა 5 წლის ასაკში დაიწყო. ხატვის ნიჭი რომ ჰქონდა, სრულიად შემთხვევით მისმა მასწავლებელმა აღმოაჩინა – ანას დაუნის სინდრომი აქვს და ის დადიოდა ადრეული განვითარების ცენტრ “პორტიჯში”, სადაც მასწავლებელმა მოტორიკის განვითარების მიზნით, ერთ დღეს ხელის საღებავებით დაახატინა კედელზე გაკრულ ფურცელზე. შემდეგ მან ეს ნახატი გამომიგზავნა და მითხრა, რომ ანას ნახატები მთლად ბავშვურ ნაჯღაბნს არ გავდა და მეც მეყიდა მისთვის საღებავები, სახლშიც სცადოსო. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ვუყიდე საღებავები და ქაღალდი. ქაღალდები სახლში, კედლებზე გავაკარი, საღებავები მივეცი და დაიწყო ხატვა,” – ამბობს ანას დედა.

თავიდან დედა ანას ეხმარებოდა – ოღონდ მხოლოდ ტექნიკურად, მაგალითად, საღებავის ხელზე დასხმაში. ფერებს თავიდანვე თვითონ არჩევდა და ახამებდა ერთმანეთთან. თავიდან ცოტა უხრისხო საღებვებით დაიწყო, შემდეგ უკვე გადავიდა გუაშსა და აკრილზე. 2019-ში უკვე ტილოზე დაიწყო ხატვა. პირველ პერიოდში თითქმის ყოველ დღე ხატავდა.

“ითხოვდა ჯერ ქაღალდის გაკვრას კედელზე, მერე უკვე მოლბერტი გამოჰქონდა ხოლმე და საღებავებს სადაც ვინახავდით, იმ კარადასთან დგებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ხატვა უნდოდა. 2019-ის დასაწყისში გამოფენაც ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკაში.”

როგორც ნინო გვიყვება, პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე ისეთი ინტენსივობით აღარ ხატავდა, თუმცა მალე გადაერთო ე.წ. ციფრულ ხატვაზე. თავიდან დედას ტელეფონში, უკვე არსებულ ფოტოებზე გადახატვა დაიწყო, “ედიტის” გამოყენებით. ასე ძალიან წვალობდა და დედამ გადაწყვიტა, ტელეფონში ჩამოეტვირთა სახატავი პროგრამა. მას მერე ძალიან დაინტერესდა ამ ტიპის ხატვითაც.

“ტექნიკურად აქაც ვეხმარები, როცა უნდა ფუნჯის ზომის გამოცვლა, ან რამე ასეთი ტექნიკური საქმის შესრულება, სხვა დანარჩენს თვითონ აკეთებს. ხატვის დროს ვგრძნობ, როგორი კმაყოფილია. დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა, თვითონ თუ არ უნდა, რამდენიც არ უნდა სთხოვო, არ დახატავს და არც ვაძალებ. როცა მოუნდება, მაშინ დახატოს. ამასობაში ეს ციფრული ნახატებიც საკმაოდ ბევრი დაუგროვდა.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ ანას ციფრული ნახატებით ღია ბარათები დაბეჭდა, რომელიც 21 მარტის აღსანიშნავად გამართულ ბაზრობაზე იყიდებოდა. გარდა ამისა, სოციალურმა საწარმომ “ბაბალე”, რომელიც ასევე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დაარსებულია, სხვა წინდებთან ერთად, ანას ნახატების დეტალებისგან უკვე მეორე წინდა მოქსოვა. წინდები იყიდება როგორც საქართველოში, ასევე ამაზონზეც.

“გამომდინარე იქიდან, რომ არ ლაპარაკობს, ხშირად მიწევს გამოცნობა, რა დახატა, რა ჩაიფიქრა.. ადრე უფრო აბსტრაქტულ ნახატებს ხატავდა, რაც ციფრულ ხატვაზე გადავიდა, უფრო დახვეწა და უფრო მეტად გამოიკვეთა ფიგურები, ფორმები, გადავიდა ადამიანების ხატვაზე და ძალიან სასაცილო ადამიანებს ხატავს. საკმაოდ ბევრი ნახატი რომ დაუგროვდა, ფეისბუქზე გვერდიც გავუკეთეთ. ახლა უკვე თავისი მუდმივი დამთვალიერებლები/”ფოლოვერები” ჰყავს.”

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

მოტოციკლის ვიბრაციები iPhone-ის კამერას აზიანებს

სად „ორთქლდება“ სტრესი, როდესაც Lincoln-ს მართავთ? – ნახეთ ბრენდის ახალი რეკლამა