ხელით წერის რიტუალმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ციფრულ სამყაროში, თუნდაც იმ ტაქტილური კმაყოფილების გამო, რომელსაც კლავიატურა და ეკრანები ვერ გვთავაზობს. ციფრული წერის ხელსაწყოების უმეტესობა ჯერ კიდევ კომპრომისზე წასვლას გვთხოვს, გვაიძულებს, არჩევანი ფურცელზე კალმით წერის სიამოვნებასა და იმ ჩანაწერებს შორის გავაკეთოთ, რომელთა მოძიება და გაზიარებაც შესაძლებელია. Montblanc-ის Digital Paper-ის მოწყობილობა კი, რომელიც AKQA-სთან ერთად განავითარეს, სწორედ ამ გამოწვევას უყურებს სრულიად ახალი პერსპექტივიდან.

თუ ჩვეულებრივ ელექტრონული პლანშეტები ფუნქციონალობას ანიჭებს უპირატესობას და ფორმებს არა, Montblanc ქმნის იმას, რაც მისივე ლეგენდარული კალმებისა და ჩანაწერების ლოგიკური გაგრძელებაა. მოწყობილობა თხელია, შავ ტყავში მოქცეული, რითაც დღიურის გამოცდილებას გვაწვდის. ბრენდინგითა და დახვეწილი დეტალებით კი მიგვანიშნებენ, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ტექნოლოგიური მოწყობილობა კი არა, წერისთვის განკუთვნილი ციფრული ინსტრუმენტია.
სტილუსის შთაგონებაც საკულტო Meisterstück-ის კალმიდან მოდის, იმავე წონასა თუ ბალანსს გვთავაზობს, რომელსაც Montblanc-მა შეგვაჩვია. ხოლო ფიზიკური წერის გამოცდილებაზე აქცენტი იმ სტილუსებისგან გამოარჩევს, რომელსაც ჩვეულებრივ ელექტრონულ პლანშეტებში ვხვდებით. თანაც ისეთია, რომ მისით არც დიდხანს წერა გაგიჭირდებათ…

მაღალი რეზოლუციის მქონე E Ink ეკრანი კი ფურცლის მსგავსი ვიზუალითაა წარმოდგენილი, რათა წერის გამოცდილება გააუმჯობესოს. ვიზუალიც ნაკლებად გადატვირთულია, ყურადღება რომ არ გაგეფანტოთ და თქვენი აზრები გონებიდან ფურცელზე მარტივად გადაიტანოთ.
E Ink-ის ტექნოლოგიის წყალობით აღარც დამუხტვის პრობლემა შეგაწუხებთ — ბატარეა რამდენიმე დღიდან კვირებამდე ძლებს. ფასი 905 დოლარია.













