ის სინთეზატორის ხმები, რომლებიც დევიდ ბოუის Low-ში, ბობ მარლის Catch a Fire-სა და Dr. Dre-ს The Chronic-ში გესმით, Minimoog Model D-ის ინსტრუმენტის დამსახურებაა და იგი უკვე 70 წლის გახდა! ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად კი, Pentagram-ის პარტნიორის იური სუზუკის მიერ შექმნილი ვებგვერდი Minimoog Model D Factory ინტერაქციული 8-ოთახიანი სახლითაა წარმოდგენილი. ყველა ოთახი განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. აქ ვირტუალურ Minimoog Model D-საც კი შეხვდებით, რომელიც თავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ…
სუზუკისთვის კი, რომლის გამოცდილებამაც მრავალი შესანიშნავი ხმის ინსტრუმენტის შექმნამდე მიგვიყვანა, ეს მოდელი მაინც განსაკუთრებულია: „პირველი სინთეზატორია, რომელიც ბევრი მუსიკოსისთვისაა ხელმისაწვდომი მისი პორტატიულობისა და გამარტივებული ხმის სისტემის წყალობით. მე კი მინდოდა, სამყაროსთვის Moog-ის მიღწევები გამეცნო“…
საიტიც, ამ მოდელის მსგავსად, მარტივი და სახალისო უნდა ყოფილიყო. ხოლო იმის გამო, რომ სუზუკი დისლექსიკია, უჭირს დიდი ხნის მანძილზე კითხვა და გრძელი ვიდეოების ყურება, იფიქრა, რომ ყველაზე მარტივი გზა თამაში იქნებოდა. ამგვარად, ინსპირაციაც გვიანი 80-90-იანი წლების ინტერაქციულ კომპიუტერულ თამაშებში იპოვა.
როგორც თავად ამბობს, პირველი ინსპირაცია მაკინტოშის თამაში Manhole იყო, რომელიც Hypercard-ით სამყაროს აღმოჩენის საშუალებას გაძლევდათ. ეს თამაში პიონერია ამბების თხრობისას ჰიპერლინკების გამოყენებასა და ინფორმაციების წარმოდგენაში ვიზუალური გზებით. მეორე თამაში კი CD-ROM-ის L-Zone-ია — მოთამაშეები ვირტუალურ ქალაქს იკვლევენ, რათა იპოვონ მანქანები, რომლითაც თამაშსა და საიდუმლოებების ამოხსნას შეძლებენ.
აი, მესამე თამაში კი Maniac Mansion-ია, პირველი გრაფიკული თავგადასავალი, სადაც მოთამაშეები თავადვე ირჩევენ თავგადასავალს სიურპრიზებით სავსე სასახლეში. საიტი ყველაზე ახლოს სწორედ ამ თამაშთანაა, თუმცა სუზუკიმ ამჯერად ფერადი თოჯინების სახლი შექმნა. თავის მხრივ, ოთახები სავსეა ადამიანებით, რომლებიც ცეკვავენ, ერთობიან და „Moog-y რაღაცებს“ აკეთებენ. კალენდრის მსგავსად, საიტის სტუმრებმა თითოეულ ოთახს უნდა დააკლიკონ იმისათვის, რომ გაიგონ, რა ხდება მასში.
ქვემოდან რომ დავიწყოთ, პირველ ოთახს ინსტაგრამის ფილტრთან მიჰყავხართ, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ Moog-ის ხმები თქვენი სახის დახმარებით. მეორე კი PDF-ს გთავაზობთ გეგმით, რათა ააგოთ საკუთარი ქაღალდის Minimoog D. მესამე უკვე თეატრია — ინსტრუმენტის სამნაწილიან მინიდოკუმენტურ ფილმს შეგიძლიათ უყუროთ და იმ მუსიკოსებს, რომლებიც მას იყენებდნენ. აი რაც შეეხება ბოლო ოთახს, აქ Minimoog D აპლიკაციისკენ მიგიძღვებიან, თუმცა მანამდე 30$ უნდა გადაიხადოთ…