ნასა კოსმოსის მოყვარულებს იშვიათ შანსს აძლევს და Artemis II-ის მისიაში ჩართვას სთავაზობს. Moon Mascot: NASA Artemis II ZGI Design Challenge-ის ფარგლებში ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორის (ZGI) შექმნა შემოგვთავაზეს, რომელსაც ასტრონავტები მთვარის ირგვლივ მოგზაურობისას თან წაიღებენ.
კონკურსში ჩართვა ნებისმიერ ინდივიდსა თუ ჯგუფს შეუძლია მთელი მსოფლიოდან. ასე კი შანსს გვაძლევენ, საკუთარი წვლილი შეიტანოთ კოსმოსური ფრენების ისტორიაში, რისთვისაც პირადი რაკეტის ყოლა სულაც არ დაგვჭირდება…
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ZGI პატარა ობიექტია, რომელიც კოსმოსური ხომალდის შიგნით თავსდება და უწონადობის შესახებ მიგვანიშნებს. წინა მისიებშიც ვიხილეთ ასეთი ნივთები, დაწყებული სათამაშოებით და დამთავრებული პატარა ფიგურებით — Artemis I-ის მისიაში ეს როლი Snoopy-იმ მოირგო.
Artemis II-ისთვის კი რაღაც ახლის შექმნას სთხოვენ საზოგადოებას — პერსონაჟის, რომელიც კვლევის სულისკვეთებას ასახავს და არტემისის პროგრამის მნიშვნელობასაც. ზომებიც მკაცრად არის გაწერილი: 15.4-სანტიმეტრიანი კუბის ფორმის უნდა იყოს, არ უნდა იწონიდეს 340 გრამზე მეტს და კოსმოსური ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.
კონკურსის 25 ფინალისტი 27 მაისს გამოვლინდება, რომელთაგანაც თითოეული 1225 დოლარს მიიღებს. გამარჯვებულ დიზაინს კი Artemis II-ის ეკიპაჟის წევრები შეარჩევენ და 31 ივლისს გამოავლენენ.
შეგახსენებთ, რომ Artemis II აპოლოს ეპოქის შემდეგ პირველი მისიაა, რომლითაც ადამიანები მთვარეზე დაბრუნდებიან…