დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ბიზნესლიდერები პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არიდებდნენ თავს. იტყოდნენ ხოლმე, „ბიზნესისთვის მთავარი ბიზნესია“. თავშეკავებული ნეიტრალიტეტი აღარ მუშაობს – ამბობს დოვ სეიდმანი The HOW Institute for Society-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი აზრით, ბიზნესის მთავარი „საქმე“ საზოგადოებაა და ის, თუ როგორ უკავშირდება მას ბიზნესი და რამდენად პრინციპულია თავის საქმეში. მისი აზრით, ხელმძღვანელმა უნდა დაიჭიროს სწორი პოზიცია – სწორედ ამას ელიან მისგან თანამშრომლები, მომხმარებლები და დაინტერესებული მხარეები.
იმ ფონზე, როცა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის კონკურენტი ხდება, ადამიანური უნარები, როგორიცაა მორალური მსჯელობა და ემპათია, ყოველი ლიდერისთვის აუცილებელ ფაქტორად იქცევა. მანქანას შეიძლება ასწავლო, როგორ აკეთოს საქმე სწორად, მხოლოდ ადამიანს შეუძლია უთხრას მას, როგორ აკეთოს სწორი საქმე.
პირველი, რასაც კარგი ხელმძღვანელები აკეთებენ ისაა, რომ ისინი ცდილობენ გააცნობიერონ სამყარო, რომელშიც უწევთ ხელმძღვანელობა. ლიდერობა არ არის პოზიცია, არამედ გააზრება, საით მიდის სამყარო, რა ნაცნობი და უცნობი ფაქტორები ახდენენ გავლენას მის ფორმირებაზე?
ლიდერობა ყოველთვის ღირებული იყო. ლიდერობა 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა. რამდენჯერ გვინახავს, როცა მორალური ავტორიტეტის არმქონე ადამიანები ფორმალური ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ. რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ „ალბათ, ძალიან მაგარი ვინმეა, თორემ ასეთ პოზიციაზე როგორ მოხვდებოდა?“ ან „კარგი ხელმძღვანელი რომ არ იყოს, ამ პოზიციაზე არავინ დანიშნავდა“. მორალური ავტორიტეტი ნიშნავს იმას, ვინ ხარ, რა ღირებულებებით მოქმედებ, ვის ხელმძღვანელობ, როგორ იღებ გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთობ სხვებთან. გამოწვევა სწორედ ისაა, რომ დროთა განმავლობაში ფორმალური ავტორიტეტი ჩვენ თვალწინ ირღვევა.
სილიკონის ველის ანტრეპრენერებიც კი ვერ იკავებენ თავიანთ პოზიციებს, თუკი განმანათლებელ ხელმძღვანელად არ ევლინებიან გუნდს ან თუ გადაცდომებს აქვს ადგილი. ფორმალური ავტორიტეტი თანდათან მცირდება ყველა სექტორში.
გამოწვევა ისაა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ და განვავითაროთ ისეთი მორალური ლიდერების კულტურა, რომლებიც მორალური ავტორიტეტით ხელმძღვანელობენ? როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არიან, როგორადაც თავი წარგვიდგინეს და პასუხისმგებელნი არიან ფორმალურ ავტორიტეტზე?
ზნეობრივი ლიდერი სულაც არ ნიშნავს ექსპერტს, რომელიც მორალისტობს, გაძლევს რჩევებს, თავზე გახვევს თავის შეხედულებას. მორალური ლიდერი მიუთითებს იმაზე, თუ რის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს? ან რამდენად რენტაბელურია მისი ანალიზი? რამდენად ხელმძღვანელობს პრინციპით? მზადაა გადადგას გამბედავი ნაბიჯები რთული საქმეების მოსაგვარებლად? როგორ საუბრობს, ორმხრივად თუ ცალმხრივად?
აქვე დავამატოთ, რა დაგვიტოვა პანდემიამ ლიდერობის კუთხით. მან გამოავლინა და გახსნა ყველა გზა, რაც მნიშვნელოვანია მორალური ლიდერობისთვის. და ეს არ ეხება მხოლოდ უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებს, არამედ სკოლის დირექტორს, Starbucks-ის ბარისტას, მაღაზიის მენეჯერს და საზოგადოების ყველა დონეს. კრიზისის დროს, როდესაც ადამიანები ბუნებრივად გაურკვევლები და შეშინებულები არიან, ისინი გაყვებიან ნებისმიერს, ვისაც აქვს გარკვეული ავტორიტეტი. ადამიანები ლიდერისგან ელიან სიმართლეს, გონივრულობას, თავგანწირვას და სხვებზე უპირობო ზრუნვას. ისინი მორალურ ლიდერობას საჭიროებენ.
წყარო: HBR