„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, MORE™ Studio-ს ბრენდინგ ქეისებს გადაავლეთ თვალი. სტუდია ზაქარია მესროპოვმა და რუსლან ბერიძემ დააფუძნეს და უკვე ხუთი წელია, ერთობლივი ძალისხმევით ქმნიან დიზაინს, როგორც მცირე, ასევე, დიდი ბრენდებისთვის. ნახეთ და შეაფასეთ MORE™ Studio-ს ბრენდინგ #პორტფოლიო.

თელიანი ველი
პროექტის ფარგლებში, ინგლისელ კოლეგებთან ერთად, სტრატეგიული, საკომუნიკაციო, ვიზუალური და გარკვეულწილად ვერბალური რებრენდინგი განხორციელდა. ძირეულად გადაიაზრეს ფასეულობები და მიზნები. განახლდა „თელიანი ველის“ სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ხაზი, რომელიც სპეციფიკიდან, პოზიციონირებიდან და ბაზრიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებდა.

კრისტალი
კრისტალის ბრენდინგის საჭიროება იმ დიდმა ცვლილებებმა მოიტანა, რაზეც ორგანიზაცია Millenial Hub-თან ერთად მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, არსებული ვიზუალური ენა ბრენდის წინაშე მდგარ გამოწვევებს არ პასუხობდა, იყო მოუქნელი და მოძველებული. პროექტის ფარგლებში, შემუშავდა ახალი, მეგობრული, ოპტიმისტური და თანამედროვე ლოგოტიპი, დამუშავდა ფერთა პალიტრა და სრულად გარდაიქმნა კორპორაციული სტილი.

ყაზბეგი
ეს არ იყო სრული ვიზუალური რებრენდინგის. სტუდიამ შეფუთვის შეცვლაზე იმუშავა, თუმცა ამ შემთხვევაში, ლოგოტიპი და შეფუთვა მჭიდრო კავშირშია და მუშაობის პროცესში ამ კავშირის შენარჩუნება ძლიერ მნიშვნელოვანი იყო. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ლოგოტიპის ძირეული კონცეფცია უცვლელი დატოვეს, თუმცა, გულდასმით დაამუშავეს, გაასწორეს ტიპოგრაფიასა და სიმბოლოში არსებული ტექნიკური ხარვეზები და დეფექტები, ფერთა პალიტრა. საბოლოო ჯამში, ლოგომეტად მოქნილი და თანამედროვე გახდა.
ეს ის შემთხვევაა, პროცესის შედეგად რომ ისახება ამა თუ იმ ცვლილების სისწორე თუ საჭიროება. თავდაპირველად, ლოგოტიპის ცვლილებასა და გარდაქმნაზე ვმუშაობდით, თუმცა ვარიანტების განხილვის და დამუშავების შედეგად ყველასთვის თვალნათლი გახდა რომ ლოგოტიპი მაქსიმალურად უცვლელი სახით უნდა შენარჩუნდეს. შესაბამისად შემუშავდა შეფუთვის კონცეფციაც.

ლიდერფუდი
ეს MORE™ Studio-ს პირველი პროექტია, რომელსაც დიზაინერები დღემდე სიამაყით იხსენებენ. როგორც გვიამბეს, ლიდერფუდის შემთხვევა გამბედაობის მკაფიო მაგალითია. გამბედაობის იმ მხრივ, რომ ტრადიციული და დატვირთული ლოგოტიპიდან ის მაქსიმალურ მინიმალიზმში გადავიდა, ხოლო ტრადიციულობა შეფუთვაში გამოხატეს. ლოგოტიპი მარტივი და დამახსოვრებადია. მისი მთავარი და შეიძლება ითქვას ერთადერთი დანიშნულება იდენტიფიკაციაა. ამავდროულად, ის მჭიდროდ და ზუსტად გადმოსცემს ბრენდის არსსა და დაპირებას.

ვივო მედიქალ
„ვივო მედიქალის“ ქოლგის ქვეშ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება გაერთიანდა. ერთ-ერთ მათგანს ვიზუალური ენა ახალი შემუშავებული ჰქონდა და სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამავდროულად, ქოლგა ბრენდი საჭიროებდა ერთიან ვიზუალურ ენასა და ინდენტიფიკატორებს. ამიტომ, საერთო ვიზუალური ენის კონცეფცია ქვებრენდიდან გამომდინარე შემუშავდა, გაფართოვდა და დამატებითი აზრობრივი დატვირთვა შეიძინა. დამუშავდა ფერთა პალიტრა და შეიქმნა ვიზუალური აქტივები.

ელიბო
„ელიბო“ საექსპორტო ბრენდია, რომელიც მეტწილად, დსთ-ს ქვეყნებშია წარმოდგენილი. ყაზბეგის შემთხვევის მსგავსად, თავდაპირველად, სასურველი კონცეფცია თუ დასახული მიზანი მიღებული შედეგისაგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ვიზუალური გადაწყვეტა ორი დამოუკიდებელი მიმართულების სინთეზია. ლოგოტიპის შემთხვევაში, თანამედროვე მიდგომა და მიმართულებაა აღებული, შეფუთვის გაფორმებაში კი, ქართული ილუსტრაციის რეტრო სტილისტიკაა წარმოჩენილი.

რესპუბლიკა
„რესპუბლიკა“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარეობს (ყოფილი „ვარდების რევოლუციის“ მოედანი). ესაა ოთხსართულიანი შენობა, რომელიც თავს უყრის საღონისძიებო სივრცესა და მაღალი კლასის რესტორანს, ღია ვერანდითა და შთამბეჭდავი ხედით. ბრენდის კონცეპტი სწორედ მისი ფიზიკური და ვერბალური გამოვლენიდან ჩამოყალიბდა. ოთხი დამოუკიდებელი, თუმცა ერთ ტერიტორიაზე მოქცეული სივრცე ლოგოტიპში ასახულ ოთხ წრეს ეხმიანება. წრე კი, მეტაფორულად, რესპუბლიკის განმარტებას გადმოსცემს.

Redberry
ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ასტრონავტები, უცნობი სივრცეების პიონერები, შეუჩერებელი კოსმიური რაინდები – სააგენტო Redberry-ის ლოგოტიპიც ზუსტად ამას ასახავს. თანამშრომლობის შედეგად, ბევრი საინტერესო კონცეფცია შემუშავდა, თუმცა არსებულ ლოგოტიპთან აზრობრივი და ემოციური ბმა მეტად ძლიერი აღმოჩნდა. ამან დიზაინერებს კონცეფციის შენარჩუნებისკენ უბიძგა. ლოგო დაიხვეწა ტექნიკურად და სტილისტიკურად. განვითარდა ვიზუალური ენა და შედეგად, მოქნილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდა.

გვიმრა
პატარა და მყუდრო კაფე/ბარი ძველი თბილისის შუაგულში. გვიმრა, XIX საუკუნის შენობის სარდაფში მდებარეობს. სახელი სივრცის კეთილმოწყობის დროს დაიმსახურა, როდესაც მიწისა და სარდაფის ფანჯრებს შორის, აგურის კედელში, გაწმენდის შედეგად უამრავი პატარა და მრავალწლოვანი გვიმრა აღმოაჩინეს. ლოგოტიპიც ლაკონური და სივრცის შესაბამისი შეირჩა – გვიმრის ტოტი, ხოლო ვიზუალური სტილი სივრცის ავტორთა შეხედულებების, ჰობისა და სულის გამომხატველია.

სკუტ სკუტ
საცობი – თავის ტკივილი და სტრესი მათთვის, ვინც საჭესთან ზის. თავისუფლება და თავგადასავალი, სიმარტივე, სილაღე და მობილობა – ეს ის მთავარი ასპექტებია, რასაც გამოხატავს სკუტ-სკუტი. სწორედ ამ ღირებულების შესაბამისი უნდა ყოფილიყო ბრენდის ვიზუალური ენაც. ამიტომაც, შემუშავდა ცოცხალი და მრავალფეროვანი ვიზუალური სისტემა, რომელიც ბრენდის დაპირებას გადმოსცემს თავისი მოქნილობით, ახალგაზრდა და თანამედროვე სულით, ფერთა პალიტრითა და სხვა ვიზუალური აქტივებით.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი











