in

„განსხვავება ჩვენს მიდგომასა და ხედვაშია“ – MORE™ Studio – დიზაინის ახალი სტუდია

გრაფიკულმა დიზაინერებმა, რუსლან ბერიძემ და ზაქარია მესროპოვმა, სარეკლამო სააგენტო Windfor’s-იდან საკუთარ – MORE™ Studio-ში გადაინაცვლეს და ახლა უკვე, ამ სტუდიის სახელით, იმუშავებენ გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ბრენდინგისა და სხვა ახლო მდგომი ვიზუალური კომუნიკაციების მიმართულებით – იქ, სადაც ვიზუალური გადაწყვეტა მთავარ როლს თამაშობს. „ჩვენ არ მიგვიღია კონკრეტული გადაწყვეტილება, თავისთავად ხდებოდა, უფრო პროცესი იყო სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოების ქვეშ, რის შედეგადაც, ნელ-ნელა ვხვდებოდით, რომ სავსებად რეალურია საკუთარი სტუდიის შექმნა“, – მარკეტერი გრაფიკულ დიზაინსა და ვიზუალურ კომუნიკაციაში გამოცდილებაზე, ახალ გამოწვევებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრა ზაქარია მესროპოვსა და რუსლან ბერიძეს:

BOG
BOG

ზაქარია მესროპოვი

M: რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში ხართ, მოგვიყევით თქვენს გამოცდილებაზე…
ზაქარია:
2005 წლიდან დავიწყე ამ სფეროს შეცნობა, სწორედ მაშინ როდესაც პირველ სემესტრს ვხურავდით „სტუ“-ში. პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ თვითგანათლებით დავკავდი და სასწავლებელსაც თავი დავანებე. 13 წელია, რაც გრაფიკულ დიზაინს ვსწავლობ და ვქმნი, აქედან 7 წელი, სარეკლამო სააგენტო „Windfor’s-ის“ წევრი ვიყავი, როგორც გრაფიკული დიზაინერი, მაგრამ მალევე, შეთავსებით, არტდირექტორი გავხდი, შემდგომ კი დიზაინ დეპარტამენტიც მომაბარეს. ძალიან გამიმართლა, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი, მქონდა განვითარების, სწავლისა და თავისუფლების შესაძლებლობა. რუსლანიც სწორედ აქ გავიცანი, თუმცა მის ნამუშევრებს მანამდეც ვიცნობდი.

რუსლანი: მაქვს ეკონომიკური განათლება, თუმცა ამ სფეროში, რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და ჩემი ილუსტრაციების დახმარებით, შემთხვევით მოვხვდი სარეკლამო სფეროში, კერძოდ კი – „AdOffice“-ში. 2008 წლიდან ვმუშობ გრაფიკული დიზაინის სფეროში.

M: რამ განაპირობა საკუთარი სტუდიის შექმნა, როგორ მიხვდით, რომ მზად იყავით ამ გამოწვევისთვის?
ზაქარია: ეს აზრი ჩვენში საკმაოდ დიდხანს არსებობდა, მაგრამ ორივე ვთანმხდებოდით იმაზე, რომ ამას ერთგვარი მომწიფება სჭირდება. დაახლოებით, 7-8 თვის წინ მოგვივიდა იდეა, მაგრამ რეგისტრაცია ახლახან შევძელით, დატვირთული გრაფიკის გამო.

რუსლან ბერიძე

რუსლანი: მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ბაზრის ანალიზი და სწორი სტრატეგიული დასკვნის გამოტანა. ქართულ ბაზარზე გაჩნდა/გაიზარდა დიზაინისა და ვიზუალური ბრენდინგის მოთხოვნა. ამაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, გამარტივებული მოგზაურობა, ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, სწავლის საშუალება საზღვარგარეთ, რაც საბოლოო ჯამში, გვაძლევს ახალგაზრდა დაინტერესებულ მეწარმეს, მენეჯერს, რომელსაც აქვს ხარისხიანი პროდუქტის შექმნის მოთხოვნა, რასაც თან სდევს ხარსიხიანი დიზაინი, შეფუთვა და ა.შ.

M: სახელი რა კონცეფციის მატარებელია?
ზაქარია: MORE, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ერთ მარტივ სიტყვაში დიდი მნიშვნელობა დევს და ზუსტად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას გრაფიკული დიზაინისა და ზოგადად, ამ ინდუსტრიის მიმართ. დიზაინი ბევრად მეტია ვიდრე, უბრალოდ, ლამაზი „იკონკა“, აფიშა ან თუნდაც, ავეჯი. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს და შესაბამისად, პირველ რიგში, მას უნდა ასრულებდეს, შემდგომ მოხერხებული იყოს და ბოლოს – ვიზუალურად მისაღები.

რუსლანი: ზოგადად, ადამიანს ახასიათებს სწრაფვა ექსპანსიისკენ, ახალი ცოდნისკენ, აღმოჩენისა და მწვერვალებისკენ — აქედან მოდის ჩვენი სახელიც.

M: პირველი საერთო პროექტი, რაზეც გიმუშავიათ… 
პირველი სრული საერთო პროექტი იყო „ლიდერფუდის“ რებრენდინგი, რომელიც არა მარტო ვიზუალურ მხარეს მოიცავდა, არამედ ბრენდის არსსაც. ვითანამშრომლეთ მცენარეების მაღაზია „Plant Shop-თან“,

ვიმუშავეთ ღვინის ეტიკეტებზე და შევქმენით საინტერესო კონცეფციები, რომელიც წელს, ღვინის ფესტივალზე იქნება წარდგენილი, ასევე, შევქმენით სამშენებლო კომპანია „ორიონის“ ვიზუალური ბრენდინგი.

ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც აერთიანებს ექვს სამედიცინო დაწესებულებას და იკვრება ერთ „ამბრელა“ ბრენდის ქვეშ — „ვივო მედიქალ ჯგუფია“, საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი იყო, რადგანაც უნდა შეგვემუშავებინა საერთო საკომუნიკაციო სისტემა შვიდ სხვადასხვა პროფილიანი სამედიცინო დაწესებულებისთვის.
საინტერესო ვიზუალური ბრენდინგის პროექტი შევასრულეთ ქართული ინოვაციური სტარტაპისთვის სახელად „Eva Blockhain“, რომელიც ქმნის ქართულ კრიპტო ვალუტას და წარმოადგენს რევოლუციურ ხედვას საქართველოს მომავალ ფინანსურ სისტემაზე.

რაც შეეხება ფიროსმანის ანიმაციას, აქ შევეცადეთ, გადმოგვეცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც არცთუ ისე ცნობილია საზოგადოებისთვის.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=KvXTrlDuo7g[/embedyt]


M:
რა გამოგარჩევთ ბაზარზე არსებული სააგენტოებისგან, რომლებიც დიზაინისა თუ ვიზუალური ბრენდინგის მიმართულებით უწევენ მომსახურებას კომპანიებს, როგორია თქვენი მუშაობის სტილი?
განსხვავება ჩვენს მიდგომასა და ხედვაშია, რაშიც არასტანდარტულობასა და მეტის სურვილს ვგულისხმობთ. თანმიმდევრული, სწორი და გათვლილი სამუშაო პროცესი, საღი და ობიექტური კრიტიკა ერთმანეთის მიმართ და არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი, რეალობად ვაქციოთ ჩვენი ხედვა. ინტუიცია, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, თვითნასწავლობა, რომელიც უდავო უპირატესობად მიგვაჩნია და რა თქმა უნდა, პრაქტიკა. ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის დამკვეთის ჩართულობა პროექტში, სადაც ყველამ იცის საკუთარი როლი. ამჟამად, სტუდია ორი ჰარმონიულად მოაზროვნე ადამიანისგან შედგება, სადაც სხვადასხვა პროექტის სტადიაზე აუთსორს პროფესიონალებს ვრთავთ. მიგვაჩნია, რომ დიზაინს ქმნიან პიროვნებები და არა განყოფილებები, შესაბამისად, არ ვჩქარობთ არც ზრდაში და არც სამუშაო პროცესში.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ, რა კრიტერიუმებით ადგენთ, რა ფასის გადახდა მოუწევს კლიენტს, პაკეტები თუ გაქვთ?
პაკეტები არ გვაქვს, ცოტა უცნაურიც გვეჩვენება ჩვენს სფეროში კონკრეტული ფასების ქონა. ფასი გამომდინარეობს მნიშვნელობიდან და პასუხისმგებლობიდან, კლიენტის სიდიდიდან და პროდუქტიდან, ასევე, ამას ემატება ჩვენი გამოცდილება, მიდგომა და ხედვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დგება ყველასთვის ინდივიდუალური ბიუჯეტი.

Memo Gifts – სამკაული, რომლის შექმნაც შენი დიზაინით შეგიძლია

პროტოკოლის ოფიცერი – მომავლის პროფესია ბიზნესში