როგორ მოვასწროთ მეტი, ნაკლებ დროში? ეს თანამედროვე ადამიანის თავსატეხია. სიამოვნებით გავაკეთებდით ერთი კვირის გასაკეთებელს ერთ დღეში, რომ შეგვეძლოს. მაგრამ, იქნებ, მართლაც შეგვიძლია? აქვე, კვლევებსაც მოვიშველიებთ და ვიტყვით, რომ სამუშაო დღის მანძილზე, ადამიანი სრულყოფილად კონცენტრირებას მხოლოდ 3 საათის განმავლობაში ახერხებს. რა ვქნათ, რით ვუშველოთ მდგომარეობას? როგორ დავუძვრეთ ყურადღების გამფანტველებს, სოციალური მედიის ცდუნებასა და სხვა ფაქტორებს?
დრო ყველაფერია, თუკი ყოველდღიურად უფრო მეტის კეთებაზე ხართ მომართული. პროდუქტიულობა არის სტრატეგიული ინვესტიცია თქვენი დროის, ინტელექტის, ენერგიის, რესურსებისა და შესაძლებლობების. შექმენით პირადი რუტინა, რომელიც თქვენს ენერგეტიკულ მხნეობას ემთხვევა. შესაძლოა, დილაადრიანად საქმის დაწყება თქვენთვის არაა კომფორტული. ყველა თავს ვერ იგრძნობს საუკეთესოდ, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთებში. როგორც აღმოჩნდა, ადამიანების 50% გენეტიკურად იღებს ასეთ თვისებებს. ამიტომ, ეცადეთ საქმე თქვენს ბიოლოგიურ დროებს მოარგოთ. თუკი ნაშუადღევს გირჩევნიათ, დაე, ასე იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დროისთვის გადაიტანეთ. არსებობს, მოსაზრება, რომ გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში, ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია. დაუკვირდით, თუკი ეს აზრი თქვენთვის მართებულია და შესაბამისად გამოიყენეთ.
დღე დაიწყეთ დამუხტულმა. დაკვირვებიხართ, რატომ აკეთებთ ყველაზე მეტ საქმეს ორშაბათობით და პარასკევობით? ეს იმიტომ, რომ ამ დღეებში თქვენი ენერგეტიკული ბატარეა დამუხტულია, ხოლო ოთხშაბათს ყველაზე მეტად გვიჭირს ხოლმე. ეს ყოველდღიური რინგია, რომელზეც ენერგიულად უნდა შეხვიდეთ და თუკი საქმეს უკვე დაღლილი იწყებთ, როგორ შეძლებთ ამოცანის ბოლომდე მიყვანას? გამოიძინეთ, 8-9 საათი, საკმარისი ძილი აუცილებელია. დასვენების საათებში კი მოეშვით სოციალურ ქსელებსა და საქმიან მიმოწერებს.
გქონდეთ დღის გეგმა. შეიძლება გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეების სია, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რას აკეთებთ კონკრეტულად დღეს. თუკი სიას ყოველდღიურად ნახულობთ, უფრო მარტივად დაგეგმავთ დღეს და პრიორიტეტებიც ბუნებრივად გადანაწილდება. ამ ყველაფერს დღეში 20 წუთზე მეტი არ სჭირდება, ამიტომ, მოიცალეთ და დღესვე დაგეგმეთ ხვალინდელი დღე, რომ დილა გეგმით დაიწყოთ.
მართეთ თქვენი ენერგია და არა დრო. თუკი დილას უკეთ მუშაობთ, შუადღისკენ კი ნაკლებად აქტიური ხართ, მოარგეთ ეს თქვენს დღის გეგმას. ანუ საქმე მოარგეთ ენერგეტიკულ აქტივობას. შესაბამისად, როცა პროდუქტიულად გრძნობთ თავს, დროის იმ მონაკვეთში ბევრად მეტის მოსწრებას შეძლებთ და ეს მნიშვნელოვნად წასწევს წინ თქვენი დღის გეგმას. დაანაწევრეთ თქვენი სამუშაო. დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთი ამოცანა შეასრულეთ. შეისვენეთ ამოცანებს შორის. როდესაც ერთ ამოცანას მეტისმეტად ბევრ დროსა და ენერგიას უთმობთ, იცოდეთ, გადაიწვებით. თუკი, დღის 3 საათზე ენერგია გაკლდებათ, ამ დროს ზედმეტად ნუ დაიტვირთებით. მაინც, ვერ იქნებით უფრო ეფექტურები. 10-20 წუთს თუ წათვლემთ რამდენიმე საათში ერთხელ, მხოლოდ გარგებთ.
მიაჩვიეთ თავი “სამუშაოსთვის მომზადებას”. საქმის დაწყება ბევრი ადამიანისთვის საერთო სატკივარია. თუკი არ იცით, რაზე მუშაობით დაიწყოთ დილა, ე.ი. ამ დროს კარგავთ. ამიტომ, ეცადეთ მიაჩვიოთ თავი, თქვენს ტვინსა და სხეულს უკარნახოთ, რომ მუშაობის დროა. ესაა ერთგვარი რუტინა, ტრიგერი, რომელიც ორგანიზმს ფოკუსირებულ რეჟიმზე გადართავს. ეს შეიძლება იყოს რაიმე ჩვეულება, მაგალითად, ყავის დალევა ან ყურსასმენების მორგება, კონკრეტული სიმღერა, პლეილისტი ან სხვა.
დაანაწევრეთ სამუშაო დრო და არ დაგავიწყდეთ მცირე შესვენებები. თუკი ეკრანს საათობით უმზერთ, ბუნებრივია, რომ ფოკუსს დაკარგავთ და ძალიანაც დაიღლებით. ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი, ვისაც დღის 3 საათის მოახლოება დაღლილობით უგრძვნია. კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოკლე შესვენებები კონცენტრაციას 16%-ით ზრდის. 15 წუთიანი შესვენება გონებას სინქრონიზაციასა და ენერგიის აღდგენაში ეხმარება.
იქონიეთ დედლაინი. შეზღუდული დრო, რომლის განმავლობაშიც დავალება მზად უნდა გქონდეთ, გაძლევთ ბიძგს, საქმეები უფრო მალე შეასრულოთ. კვლევებიც სწორედ ამ მიდგომის ეფექტიანობას ამტკიცებს. თუკი იცით, როდის გაქვთ შესრულების ბოლო ვადა, უფრო მოტივირებული ხართ, დროულად მიიყვანოთ საქმე ბოლომდე. ამიტომ, თუკი სხვა არ გზღუდავთ, არ დაიზაროთ და თავად დააწესეთ დედლაინი.
წყარო: medium