18
Oct
2019

“ფირფიტის შესაძენად, ყველაზე ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმა შევქმენით” – Morevi.ge

18 Oct 2019

Startauperi
Startauperi


“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული ბაზრიდან ფიზიკურად გაქრა ფირფიტების ინდუსტრია, თუმცა ნებისმიერ ოჯახში შეხვდებით მინიმუმ რამდენიმე ათეულ ძველ ფირფიტას, ჩვენ გვჯერა რომ ვინილი მუსიკის მოსმენის საუკეთესო საშუალებაა…” – ფირფიტების ონლაინ მაღაზია Morevi ინტერნეტ სივრცეში სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ვინილის მოყვარულებს, პლატფორმაზე სხვადასხვა ჟანრის ფირფიტების შერჩევა შეუძლიათ. თუკი, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, როდესაც ფირსაკრავი კასეტებმა, შემდეგ კი კომპაქტ-დისკებმა ჩაანაცვლეს, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ვინილი ტკბილი მოგონებიდან კვლავაც გადმოინაცვლებდა თანამედროვეობაში და ახალი სიცოცხლეს შეიძენდა. თუკი, ადრე ფირფიტების შესაძენად, მშრალ ხიდს უნდა ვწვეოდით, დღეს, სასურველი მუსიკალური ნაკრების შერჩევა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი:

“ვფიქრობთ, ქალაქისთვის, რომელსაც მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს – ერთი მაღაზია ძალიან ცოტაა. ბაზრის ამ პრობლემას შევხედეთ როგორც შესაძლებლობას ჩვენთვის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ შეიძინონ მუსიკა ფირფიტაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ ადამიანს როგორც არსებას შეგროვების ზოგადი მოთხოვნილება აქვს, ჩვენ კი მათ ვთავაზობთ შეაგროვოს ის, რასაც მომავალში გამოყენებას მოუძებნიან და რითაც სიამოვნებას მიიღებენ.”

“მორევის” იდეა ორ მეგობარს მოუვიდა, რომლებიც ერთმანეთს მუსიკამ დააკავშირა. ბოლო რამდენიმე წელია აგროვებდნენ ფირფიტებს და უკრავდნენ. მუსიკალური ფირფიტების მაღაზიის გახსნა ორივეს ოცნება იყო, რომლის ასრულებაზე ზრუნვაც ერთი წლის წინ დაიწყეს. თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ახალი მუსიკის მოძიებასა და აღმოჩენაში ატარებდნენ. დღეს, პლატფორმა Morevi.ge-ს ფირფიტების შეძენა და შეკვეთის რამდენიმე დღეში მიღება უკვე ყველა მსურველს შეუძლია…

M: მუსიკასთან/მუსიკალურ პროდუქციასთან აქამდეც გქონიათ შეხება?

მუსიკასთან ორივე ჩვენგანს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. რამდენიმე წლის წინ კი დავიწყეთ დიჯეინგი, რამაც ეს ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რამეთუ დიჯეინგის ერთერთი მთავარი კომპონენტი მუდამ სიახლის ძიებაა. ეს პროცესი დიდ სიამოვნებას გვანიჭებს და გვიხარია, რომ “მორევი” ჩვენსა და მუსიკას შორის კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.

M: როგორ დაიწყეთ “მორევის” შექმნა?

იდეის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში დავწერეთ გეგმა, რომელშიც ავსახეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მაღაზიის გახსნისთვის იყო აუცილებელი. დავიწყეთ სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში კოლექციონერებთან და ლეიბლებთან კონტაქტების დამყარება, მათგან ფირფიტების შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება. ასევე, ჩვენითვე ავაწყვეთ საიტი, მეგობრების დახმარებით შევქმენით ლოგო. მოგვიწია ქართული და არამხოლოდ ქართული ბიუროკრატიის შავი ლაქების ჩვენ თავზე გამოცდა და დღეს აქ ვართ. მომავალში, აუცილებლად ვაპირებთ, ფირფიტებთან ერთად, საიტზე გავყიდოთ ფირსაკრავებიც, ასევე, არსებობს იდეა, რომ მორევი არამხოლოდ ონლაინ სივრცეში არსებობდეს, არამედ ფიზიკური მაღაზიაც გავხსნათ.

M: რითაა გამორჩეული ფირფიტების თქვენი ნაკრები?

თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ ჩვენს კატალოგში უნდა ყოფილიყო როგორც საცეკვაო მუსიკა, ასევე კლასიკური ჟანრები. ამ მომენტისთვის, დაახლოებით 50/50 ზეა შეფარდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა მსმენელის გემოვნების გარკვევის პროცესში ვართ, რაც მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს ერთგვარი სტატისტიკის წარმოების, რომელიც შემდეგ, “მორევის” ჟღერადობას განსაზღვრავს. გვაქვს ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტების ფირფიტებიც, რითაც გვინდა მომხმარებელს საყვარელი მუსიკის უკეთესს ხარისხში მოსმენისკენ ვუბიძგოთ, რაც მომავალში მათ მუსიკალურ განვითარებასაც გამოიწვევს: ჩვენი აზრით, როდესაც ადამიანები თავისი საყვარელი მუსიკის ფირფიტაზე მოსმენას დაიწყებენ, მათ აუცილებლად გაუჩნდებათ სიახლეების ძებნის სურვილი.

M: როგორც ბიზნესი, რამდენად მოგებიანია?

ჯერჯერობით, რთულია სარფიანობასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანა, თუმცაღა აღსანიშნავია რომ გახსნიდან სამ დღეში უკვე გვყავს მომხმარებლები რომლებიც ჩვენთან ბრუნდებიან ფირფიტების შესაძენად ე.წ returning customers. აღსანიშნავია, რომ მორევი თავიდანვე არ ყოფილა გათვლილი დიდ ფინანსურ მოგებაზე და ჩვენთვის უფრო ემოციური ღირებულება აქვს.

M: “მორევი” რატომ დაირქვით?

სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით, რამდენიმე თვის განმავლობაში და არცერთი შესაძლო ვარიანტი არ მოგვწონდა. შემდეგ კი გაჩნდა იდეა – მორევი, რომელსაც ორი დატვირთვა აქვს. პირველი – მორევი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფირფიტას რომელიც ბრუნავს და მეორე – ერთხელ თუ შეიძინე ფირფიტა, მისი მოსმენით მიღებული სიამოვნება აუცილებლად გამოიწვევს ახალი ფირფიტების ყიდვის სურვილს, ანუ ზუსტად ისე ჩაგითრევს, როგორც მორევი.

M: რით ხართ ყველაზე მიმზიდველი მომხმარებლისთვის?

www.morevi.ge ზე მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დაათვალიეროს და მოუსმინოს ფირფიტებს, ასევე ვახორციელებთ მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით. შეიძლება ითქვას რომ Morevi.ge ფირფიტის შესაძენად ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფიანი გზაა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა