საგამოცდო პერიოდი ბევრისთვის არცთუ ისე დადებით ემოციებს უკავშირდება — ამ დროს ჩვენს ცხოვრებაში სტრესი, ნერვიულობა თუ უძილობა საკმაოდ ჭარბადაა… თუმცა ახალი კვლევა კონკრეტულ საკითხს მეტად საინტერესო პერსპექტივიდან გვაჩვენებს: გვეუბნება, რომ როცა გამოცდები და საგამოცდო სივრცე მოსაწყენად აღიქმება სტუდენტებში, ეს, დიდი ალბათობით, მიღებულ ქულებზე ნეგატიურად ზემოქმედებს.
ვენის უნივერსიტეტის მკვლევრების ნაშრომში 1820 გერმანელი მოსწავლე გამოჰკითხეს. თანაც ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამოცდების დროს მოწყენილობის საკითხი სიღრმისეულად შეისწავლეს. კვლევის სტატისტიკური ანალიზის თანახმად, საგამოცდო ტესტების წერისას მოწყენილობა სტუდენტებში დიდი დოზით ვლინდებოდა. სიტუაცია კი მაშინ მძაფრდებოდა, როცა გამოცდას სტუდენტებისთვის პერსონალური რელევანტურობა აკლდა და ამასთან, გამოცდის შედეგების ნეგატიურ ეფექტს უკავშირდებოდა.
მოწყენილობა რომ სუბიექტურია, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა მკვლევრები შემდეგ ჰიპოთეზას გვთავაზობენ: შესაძლოა, მოწყენილობა მაშინ იჩენდეს თავს, როცა მოსწავლეებისთვის ტესტის სირთულე გამოწვევას წარმოადგენს ან, პირიქით, ზედმეტად მარტივია.
„გამოცდების დროს მოწყენილობას რომ გაუმკლავდნენ, მასწავლებლებმა ისეთი საგამოცდო ტესტები უნდა შეადგინონ, რომლებიც სტუდენტების რეალობის შესაბამისია. ამოცანები არც ზედმეტად რთული და არც ზედმეტად მარტივი უნდა იყოს“, — განმარტავს თომას გოცი, განათლების ფსიქოლოგი.
ამგვარად, მათი თეორია ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: თუ მოსწავლეებს არასაკმარისი გამოწვევა აქვთ, ანუ ტესტის შესრულება მათთვის მარტივია, ეს მოწყენილობას გამოიწვევს. მეორე მხრივ, ამოცანების სირთულესაც აქამდე მივყავართ, საბოლოო შედეგი კი დაბალი ნიშნებია…
კვლევა მანამდე არსებულ ნაშრომსაც ეხმიანება, რომელშიც კონტროლისა და ღირებულების თეორია განიხილეს — სტუდენტებს სჭირდებათ თავიანთი აკადემიური შედეგების კონტროლი და ღირებულების აღქმა, რომ მათ მიერ შესრულებული დავალება/საქმე მნიშვნელოვანია. ეს მათ მოტივაციის პოვნისა და მოწყენილობისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს.
„მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ მოწყენილობას ნეგატიური გავლენა აქვს სწავლის უნარსა და პროდუქტიულობაზე, ასევე მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩვენი კვლევით კი ახლა ვაფართოებთ ხედვას იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს იგი ბავშვებსა და მოზარდებზე, როცა საქმე ზედმეტად რთულ ან მარტივ გამოცდებს ეხება“, — აცხადებენ მკვლევრები.