in

როგორ იქცა პირველი მოსავლით მიღებული ემოციები ღვინის ბრენდად

არომატული ღვინო, ჯაზი და დახვეწილი ვიზუალური იდენტობა — ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლებიც „მოსავალი პირველის“ ბრენდის დასახასიათებლად უნდა გამოვიყენოთ. საკუთარი ვენახიდან აღებული მოსავლით დაწყებული საქმე, რომელსაც სათავეში სტუდენტები ჩაუდგნენ, უკვე არსებობის 3 წელს ითვლის და მთელი ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა „სახლის არეალიდან“ მთელი საქართველოს მასშტაბამდე.

„ვფიქრობ, ჩვენს ღვინოს უჩვეულო და იშვიათი ბლენდები გამოარჩევს. თან მიდგომაც ასეთი გვაქვს: გვჯერა, რომ ვქმნით გამართულ ღვინოს, რაც ყველა დეტალში გულწრფელობას გულისხმობს… კერძოდ, არც ეტიკეტი ტყუის, არც ფასი და, მითუმეტეს, არც ხარისხი. თითქოს, ყველაფერი ჰარმონიულად ეწყობა. არ ვუშინდებით იდეებს და ყოველწლიურად ახალ ინოვაციებს ვნერგავთ“,  — აღნიშნავს ნიკოლოზ ხოკრიშვილი, „მოსავალი პირველის“ თანადამფუძნებელი. მასთან ერთად, ბრენდის თანადამფუძნებლები არიან ლაშა ბედენაშვილი და ერეკლე პაიჭაძე.

სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია ის ფაქტიც, რომ წელსაც კი ექსკლუზიური პროდუქტი დაემატა ბრენდს — კენკროვანი კულტურებისგან, კერძოდ, ჟოლოსა და მაყვლისგან დამზადებული სადესერტო ღვინოები. „მართალია, ისინი საკმაოდ მაღალმჟავიანია, თუმცა სიტკბოთი დაბალანსებული და სასიამოვნოდ მისართმევია“.

M: ნიკოლოზ, ტრადიციულად პირველი ნაბიჯებით დავიწყოთ — როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და შემდეგ როგორ შეუდექით განხორციელებას?

პირველად ღვინის დაყენება 2020 წელს გადავწყვიტეთ. ამ პერიოდში აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით და ვიფიქრეთ, რომ ჩვენი თავები თეორიული ცოდნის გასამტკიცებლად პრაქტიკაში გამოგვეცადა. ყურძენი ჩემი ვენახებიდან შევარჩიეთ, რომელიც ქართლში, ლამისყანაში მდებარეობს. მასშტაბებიდან გამომდინარე, 1400 ბოთლი მივიღეთ და საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან. რამდენიმე თვეში მარაგის ამოწურვით კი მივხვდით, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა ჩვენს თავს და ეს ამბავი უნდა გაგვეგრძელებინა.

მეორე წელს უკვე კახეთის ხაზიც დავამატეთ. პარალელურად აწარმოე საქართველოს გრანტიც მოვიგეთ და მთელი ჩვენი რესურსები მარნის განვითარებისკენ მივმართეთ. წელს კი უკვე იმერეთის მარანიც დავიმატეთ და ამ რეგიონის ჯიშებით ჩვენი ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. მთლიანობაში გვსურს, ყველა რეგიონში ერთი მარნით ვიყოთ წარმოდგენილები.

ამჟამად ბრენდი 9 ჯიშის ყურძენზე მუშაობს: აქვთ კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ჩინური-გორული მწვანე, ციცქა, ასევე ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიით დამუშავებული რქაწითელი-ბუერა და ცოლიკაური. ასევე, ორი სახის ცქრიალა ღვინო „პეტნატე“ — როზე თაკვერი-გორული მწვანე და თეთრი კრახუნა.

M: ვისაუბროთ კონცეფციაზე — გარდა უშუალოდ პროდუქტისა, საინტერესოა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, ბოთლების ეტიკეტები… რა იდეის ირგვლივ იქმნება ისინი და რას გამოხატავს სიმბოლურად?

ბრენდინგის ნაწილის მაქსიმალურად დახვეწაში გრაფიკოს დიზაინერი, ნიკოლოზ ჯიბლაძე დაგვეხმარა, რომელიც პირველივე წუთებიდან ჩვენი იდეების თანაგამზიარებელი იყო. სწორედ მან შეიმუშავა ლოგო, ეტიკეტი და მთლიანად ვიზუალური იდენტობა — თავის მხრივ, ეს ყველაფერი სიმბოლურად გამოხატავს თავად ღვინოს და მისთვის დამახასიათებელ გემოვნურ თვისებებს. უბრალოდ, ასე პირდაპირ არაა გადმოცემული, სანაცვლოდ, წარმოსახვისკენ გვიბიძგებს — ასე ვთქვათ, ჩვენი ღვინის დაგემოვნებისას, ადამიანების შეგრძნებებში ამ ეტიკეტების ვიზუალიზაცია უნდა მოხდეს. ხოლო ვისაც არ გაუსინჯავს, ეტიკეტმა უნდა უკარნახოს, დაახლოებით რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს.

გულწრფელად მახარებს ის ფაქტი, რომ ღვინის ენთუზიასტები ხშირად უსვამენ ხაზს ჩვენი ეტიკეტის ავთენტურობას და ღვინოსთან შესაბამისობას.

M: ერთი რამ, რაც აშკარად თვალშისაცემია თქვენს ბრენდში, ჯაზთან აქტიური გადაკვეთაა…

ასეა, ღვინოსთან ერთად, კარგი მუსიკაც გვიყვარს. სულ ვცდილობთ, ღვინის დაგემოვნებისას სადმე კარგ გარემოსა და მუსიკალურ სივრცეში მოვხვდეთ. ერთ-ერთ ასეთ დროს აღმოვაჩინეთ ARTERIA და, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთს გავუგეთ, საბოლოოდ თანამშრომლობაც გადავწყვიტეთ, რასაც ამ ეტაპისთვის ერთჯერადი სახე ჰქონდა. ამან კი კიდევ უფრო გააღრმავა კავშირი ჩვენს ბრენდსა და ჯაზს შორის — ახლა თითქოს განუყოფელია ეს ორი.

M: ასევე, საინტერესოა რამდენიმეწამიანი ანიმაციაცროგორია მისი კონცეფცია და ზოგადად, რამდენად დიდ ყურადღებას უთმობთ კომპანიაში მარკეტინგის ნაწილს?

ზოგადად, ვფიქრობთ, როგორც ყველაფერი, ინფორმაციის მიწოდების წყაროც იცვლება, მითუმეტეს ჩვენს დროში. ამიტომ ვცდილობთ, სხვადასხვა ხერხით შევუქმნათ ხალხს წარმოდგენა ჩვენ შესახებ… ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სწორედ ეს ანიმაცია, სადაც სახალისოდ გადმოვეცით ჩვენი ღვინოების დაგემოვნების პროცესი.

მარკეტინგის ნაწილის განვითარებასა და მის ფარგლებში სიახლეების დანერგვაზე ყოველწლიურად ვზრუნავთ. ამის ნაწილია კონტრ-ეტიკეტზე დატანილი QR კოდი, რომლის დასკანერებითაც მომხმარებელს შეეძლება, კონკრეტულ ღვინოს სასურველი შეფასება დაუწეროს. ასე საშუალება გვეძლევა, კონკრეტული ბოთლები ვაკონტროლოთ და თუნდაც დეფიციტის შემთხვევაში მალე გამოვასწოროთ ხარვეზი. ამასთანავე, მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ…

M: ერთი სიტყვით ან ფრაზით როგორ დაახასიათებდით თქვენს ბრენდს? ყველაზე მეტად რა შეეფერება?

ერთი სიტყვით რთულია, თუმცა სახელი გულისხმობს იდეას, რომლის მიხედვითაც გვჯერა, რომ თუკი ის ემოცია და მიდგომა შევინარჩუნეთ, რაც პირველი მოსავლის მიღებისას გვქონდა, გარანტირებულად წინდაწინ წავალთ, ჩვენივე დამსახურებული სანდოობის წყალობით.

Clarcks-ის ნოსტალგიური მარკეტინგი და „დაბრუნება 90-იანებში“

რას ვგრძნობთ, როცა საჭმელს ვხედავთ? — სარეკლამო კამპანია