in

როგორ ცვლის მოსმენის ხელოვნება მართვის ხარისხს

სასკოლო და აკადემიური გარემო ადამიანებს წლების განმავლობაში სწრაფი პასუხების გაცემას აჩვევს, თუმცა იშვიათად ასწავლის კითხვების დასმასა და მოსმენას. კარიერული წინსვლის პროცესში პროფესიონალები ხშირად იმ უნარის დეფიციტს აწყდებიან, რომელიც ბიზნესსა და ყოველდღიურობაში გადამწყვეტია. რთული მმართველობითი გამოწვევები იშვიათად ითვალისწინებს ზედაპირულ გამოსავალს, ამიტომ კომპლექსურ საკითხებთან გამკლავება პირდაპირ უკავშირდება ლიდერის უნარს, იყოს დაკვირვებული მსმენელი.

მოსმენა გააზრებისთვის

ლიდერობის ტრადიციული სტილი ხშირად საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებასა და საუბრის დომინაციაზეა ორიენტირებული. ამის საინტერესო მაგალითია ბიოტექნოლოგიური გიგანტის, Amgen-ის ყოფილი ხელმძღვანელის, კევინ შარერის გამოცდილება. სამხედრო კარიერისა და მსხვილ კორპორაციებში მუშაობის შემდეგ, მისი მმართველობა საუბრის შეწყვეტითა და სხვებისთვის მითითებების მყისიერი დარიგებით ხასიათდებოდა, სანამ კომპანია მასშტაბური კრიზისის წინაშე არ აღმოჩნდა.

კომპანიის მთავარ პრეპარატზე მარეგულირებლის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგების მესამედი გააქრო, რასაც ისტორიაში პირველად მოჰყვა მასშტაბური შემცირება – სამუშაო ადგილები პერსონალის 14%-მა დაკარგა. ამ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ პრობლემის ნაწილი თავად მმართველობის სტილი იყო. მიდგომის შეცვლამ და ინფორმაციის გააზრების მიზნით მოსმენამ – კრიტიკის, შეპასუხებისა თუ დარწმუნების მცდელობის გარეშე – ხელმძღვანელს რეალურ ვითარებაზე წვდომა გაუხსნა. ამან გუნდის წევრებს ახალი ხედვების გაზიარების შესაძლებლობა მისცა, თავად ლიდერი კი საუბრის მუდმივი კონტროლის დამღლელი რეჟიმისგან გაათავისუფლა.

სიღრმისეული კითხვების დასმა

გავრცელებული შეცდომაა ფიქრი, რომ მოსმენა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც თანამოსაუბრე საუბარს იწყებს. სინამდვილეში ეს პროცესი გაცილებით ადრე, სწორად შერჩეული შეკითხვით იწყება. იერარქიულ გარემოში თანამშრომლები საკუთარი აზრების გაზიარებისას ხშირად თავშეკავებულები არიან, ამიტომ საუკეთესო კომუნიკატორები ფაქტების გამოკითხვის ნაცვლად ინტერესდებიან მოტივებით, შიშებითა და შეხედულებებით.

დაპირისპირების მიზეზების პირდაპირი ძიების ნაცვლად, გაცილებით შედეგიანია იმის გარკვევა, თუ რა იწვევს მთავარ წუხილს. შეპასუხების ნაცვლად კი უმჯობესია იმ დეტალების დაზუსტება, რაც შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩა. მსგავსი კითხვები გამოხატავს გულწრფელ ინტერესს და არა საკუთარი აზრის თავსმოხვევის სურვილს. მიზანი თანამოსაუბრის შინაგანი პოზიციის გაგებაა, რადგან როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათი ესმით, ისინი ღიად საუბრობენ პრობლემებზე და აჟღერებენ მოსაზრებებს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებების ხარისხს ცვლის.

აზროვნების პროცესზე დაკვირვება

მოსმენა სცდება სხვისი ნათქვამის გაგებას და ეხმარება ადამიანს, თავად გაიაზროს საკუთარი აზროვნების ლოგიკა. ფსიქოლოგიაში ამას მეტაკოგნიცია ეწოდება, რაც საკუთარ ფიქრებზე დაკვირვების შესაძლებლობას გულისხმობს.

ამ უნარის განვითარება შესაძლებელია მარტივი პრაქტიკით: ადამიანს შეიძლება ეთხოვოს საკუთარი გადაწყვეტილების სიმყარის შეფასება ათბალიანი სისტემით, რასაც მოჰყვება განხილვა, თუ რატომ შეირჩა ეს კონკრეტული მაჩვენებელი და არა უფრო მაღალი ან დაბალი. ეფექტიანია ასევე თანამოსაუბრის ბოლო სიტყვების გამეორება, რაც მას აზრის უფრო ღრმად განვითარებისკენ უბიძგებს, ან მისი ემოციური მდგომარეობის სიტყვიერი ასახვა. ეს მეთოდები ქმნის გარემოს, სადაც ადამიანი კონფრონტაციის გარეშე, თავად ამოწმებს საკუთარი არგუმენტების სიმყარეს.

უსაფრთხო სამუშაო გარემო

პროფესიულ იერარქიაში ადამიანები ხშირად ინდივიდუალური მიღწევების ხარჯზე წინაურდებიან. ისინი სწრაფად პასუხობენ კითხვებს, აკეთებენ დახვეწილ პრეზენტაციებს და ქმნიან გეგმებს. თუმცა ლიდერობა საკუთარი თავის წარმოჩენა კი არა, გარშემომყოფთა შესაძლებლობების გაზრდაა.

ამისათვის საჭიროა ისეთი ატმოსფეროს შექმნა, სადაც თანამშრომლები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ღიად საუბრობენ დაუსრულებელ იდეებზე და ნაყოფიერად თანამშრომლობენ. რეალურ სამყაროში, სადაც რთულ გამოწვევებზე წინასწარ გამზადებული ჭეშმარიტი პასუხი არ არსებობს, გადაწყვეტილება ყოველთვის ხელთ არსებული ინფორმაციის ხარისხს ეყრდნობა. ეს ინფორმაცია კი იმდენად ღირებულია, რამდენად კარგად შეუძლია ლიდერს მოსმენა.

წყარო: Fastcompany

ბრედ პიტი, 16 ძაღლი და ერთი ფინჯანი ყავა

Accor საქართველოში გაფართოებას განაგრძობს – შავი ზღვის სანაპიროზე ახალი Swissôtel გაიხსნება