21
Oct
2019

მართლაც რომ Mother Funking Robots !

21 Oct 2019

ძალიან ველოდებოდი ამ შაბათ-კვირას. ზოგადად, დასვენების დღეებს მეც თქვენსავით ვითვლი ხანდახან, მაგრამ ვიცოდი, ეს უქმეები ბევრად განსაკუთრებული და გამორჩეული იქნებოდა, ვიდრე სხვა დღეები და ამიტომ, მისი ათვლა ბევრად უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე წესია.

მოკლედ, მე და ჩემმა მეგობრებმა Jazz And Wine ფესტივალზე წასვლა დავგეგმეთ. ჯაზი მოგვწონს, ღვინო გვიყვარს და შემოდგომას ერთი რომ დაამშვენებდა, მეორე კი ამ ორის აღქმას თავისი არომატულობით კიდევ უფრო გაამძაფრებდა, ესეც ვიცოდით და განწყობის შესაქმნელად, გზაში MF ROBOTS ვუსმენდით, ქალს, რომელზეც ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რა სასწაულებს მოახდენდა წინანდალში, რომ მის დაუღლელ ენერგეტიკას ჩვენც გადმოგვდებდა, რომ აგვამღერებდა, აგვაცეკვებდა, ამბებს მოგვიყვებოდა და რჩევებს მოგვცემდა – თუმცა, ამაზე სულ ოდნავ მოგვიანებით.

 

ჰო, აი ამას ვუსმენდით გზაში. ისე, ვერასდროს წარმომედგინა, შემოდგომას, გომბორზე გავლისას, გია ყანჩელის გარდა, სხვისთვის თუ შემეძლო მომესმინა, თუმცა მინდა გითხრათ, ეს განწყობაც ძალიან მოუხდა ყვითელ და უფრო მეტად, ფერად ფოთლებს, ტოტებივით დაკლაკნილ გზას და იმ შეგრძნებას, რომ ქალაქის აურზაურს ცოტა ხნით მოწყდი, წინ კი მშვიდი საღამო გელის, წინანდლის ჰაერი თბილისის ჰაერს ნამდვილად ჯობია, თან ღვინოს მოწრუპავთ შენ და შენი მეგობრები და კარგ მუსიკას მოუსმენთ – ყველანაირი “მეჩქარება”, “ხვალ სამსახური მაქვს”, “დილას ადრე ვარ ასადგომი” – ს გარეშე.

თელავში დავბინავდით, საფესტივალოდ გამოვეწყვეთ და წინანდლისკენ გავეშურეთ, ამჯერად ფლეილისტი შევცვალეთ და ოზ ნოის ტრიოს ვუსმინეთ იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გზაში დაგვჭირდა და როგორც კი ადგილზე მივედით, ტრიოც გამოვიდა სცენაზე. (დროს, როგორც წესი, ასე კარგად ჩვენს სამეგობროში ვერ ვამენეჯმენტებთ, მაგრამ ხომ გითხარით, ეს შაბათ-კვირა გამორჩეული იყო თქო…) ჩვენთვის უკვე ნაცნობი მელოდია ყურს რომ მოხვდა, გვესიამოვნა, მერე ღვინოც მივაყოლეთ და ერთმანეთს რომ გადავხედეთ, ზუსტად მაშინ მივხვდით – სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდით.

ზოგადად, ასეთ ფესტივალებზე რომ მიდიხარ, რა არის საჭირო, თავი რომ კარგად იგრძნო? ალბათ, პირველ რიგში გარემო. ხოდა წარმოიდგინეთ, თბილისიდან მიეშურები კახეთში, გარეთ შეიძლება არ ცივა, მაგრამ შემოდგომის მკაცრი ხასიათით მაინც ხვდები, საღამოს აგრილდება, გამხმარ, ფერად ფოთლებში მიაბიჯებ და ცოტა ხანში აღმოჩნდები ადგილას, სადაც ჯაზის ენაზე გელაპარაკებიან, ანუ მელოდია ნელ-ნელა ბგერებად იქცევა, რომელსაც წინადადებებად ააწყობ და თუ კარგად მოუსმინე, გაიგებ კიდეც, რისი თქმა უნდათ შენთვის მუსიკოსებს. ჯაზით გაბრუებულს, ღვინო მუდმივ რეფრეშს გიკეთებს და შინაარსის იმპროვიზაციის საშუალება მანამ გაქვს, სანამ ბენდი უკრავს.

ძალიან დიდი კომფორტია ჩემი აზრით, ასეთ დროს მსგავსი სივრცის მოწყობა, ვგულისხმობ ადგილს, სადაც სკამი მხოლოდ იმისთვის დგას, რომ სურვილი თუ გაქვს – მაშინ დაჯდე, და არა იმიტომ, რომ ამ კონცერტს, აუცილებლად დამჯდარმა უსმინო. ამფითეატრშიც შემოდგომაა და შეგიძლია პირი ყურძნით გაისველო, შემოდგომის ხილსაც გაჰკრა კბილი და თან ყურადღება მაინც არ მოაკლო მათ, სცენიდან რომ რაღაცის მოყოლა უნდათ შენთვის…

“Do you believe in love?” – ამ კითხვით დაიწყო ჩვენთან უერთიერთობა ქალმა, რომელზეც მანამდე აღვნიშნე, სასწაულები მოახდინა თქო. გვითხრა, რომ სიყვარულის ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ დედამიწას მართლა ეს გრძნობა ატრიალებს და რომ ჩვენ რომ ახლა აქ ვართ და მას ვუსმენთ – ესეც სიყვარულია. ეს იყო და ეს და არც ის გაჩერებულა, არც ჩვენ.

“No Matter What – You Should Dance”-ო რომ თქვა, უკვე ყველა სცენასთან ვიდექით და ვცეკვავდით. თურმე რამხელა მნიშვნელობა აქვს არტისტს, რომელიც გარდა იმისა რომ მღერის – გეკონტაქტება, ამბებს გიყვება, უნებლიედ, თითქოს გაუცნობიერებლად, კომპლექსებს გიხსნის და თავიდან ბოლომდე მისი ნაწილი ხდები, ამ საღამოს მთავარი რგოლი მხოლოდ ის კი არა, შენც ხარ და ისე ეშვები ჯაზის დღესასწაულში, ის სულ გავიწყდება, რომ ამასაც დასასრული აქვს

ერთი სიმღერა გვინდა ვიმღეროთ, Mother Funking Robots ჰქვია და ყველა უნდა ამყვეთ მისამღერშიო. ვიმღერეთ, ყველამ ერთად. მერე იმაზეც მოგვიყვა, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც მსმენელს შენს ნამუშევარს პირველად ასმენინებ და რომ ამ მსმენელსაც სწორი შერჩევა უნდა, რომ სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით ის ადამიანები, რომლებსაც ახალი სინგლი გაუზიარეს და მოკლედ, დიდი და ბევრი მადლობა გადაგვიხადა. ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება, თუმცა ამ სტატიას ვინმე თუ გადაუთარგმნის, ისიც გადაეცით, რომ დრო რომ გავა (და დრო ძალიან სწრაფად გადის) ყოველთვის მემახსოვრება გოგო, თეთრ კომბინიზონში, დიდი ხვეული თმითა და საოცარი ენერგეტიკით, რომელმაც იმ რამდენიმე საათში მოახერხა, ცეკვის გარდა არაფერზე მეფიქრა, რომ ბოლომდე თავისუფალი და ბედნიერი ვყოფილიყავი.

ცეკვისგან დაღლილები და ემოციებისგან დაცლილები, ჭიქა ღვინით ამფითეატრი დავტოვეთ და იქვე, მუხის ძირას სკამებში ჩავეშვით. ჩუმად ვიყავით. ემოციების გაზიარება მარტივი გგონიათ თქვენ? ხოდა იმიტომ, რომ სამივე ბედნიერი ვიყავით და პრინციპში, არაფრის თქმა საჭირო არ იყო, ხმა არ ამოგვიღია. გონებაში მხოლოდ ერთი რამე მიტრიალებდა MOTHER FUNKING ROBOTS, MOTHER FUNKING ROBOTS, MOTHER FUNKING ROBOTS!

 

ავტორი: ანო ფრანგიშვილი

განხილვა