ზოგადად ზაფხულზე კი რუჯი, ზღვა და მარწყვი გვახსენდება, მაგრამ უელსის პრინცესა Mother Nature-ის ფილმების სერიების უახლესი თავით გვიყვება, რომ ეს სეზონი საკუთარი თავის ასახვის, კავშირებისა და ჩუმი, ძლიერი ამბებისთვისაა… Summer-ის სახელწოდებით შექმნილი მედიტაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც სწორედ სამყაროს ამგვარ გაგებას გვაზიარებს 2 წუთში.
სიუჟეტი გაერთიანებული სამეფოს პეიზაჟებითაა დატვირთული, იქნება ეს შეფილდში, ბრედფორდში, ჩრდილოეთ უელსში, ანგლსიში თუ სამხრეთ სანაპიროზე გადაღებული კადრები. ოქროსფერი მდელოები, ბაღის მოსავალი, ბალეტის მოცეკვავეები… მართალია, აქ ვერც ქეთრინს ნახავთ და ვერც სხვა წევრს მისი ოჯახიდან, მაგრამ პრინცესას გამორჩეული ხასიათი მაინც იგრძნობა. მაყურებელს მოუწოდებს, ზაფხული მხოლოდ დასვენებისთვის კი არა, შინაგანი ზრდისთვისაც გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს პერსონალური მნიშვნელობა აქვს ქეთრინისთვის, რომელიც საზოგადოების წინაშე კიბოსგან გამოჯანმრთელების პერიოდში იშვიათად ჩნდებოდა… როგორც თავად ამბობს, ამ გზაზე სწორედ ბუნება ეხმარებოდა, ზაფხულის ნაზი შუქები და ღია სივრცეები.
ამასთან, Mother Nature-ის სერიები, რომელსაც ამჟამად Place2Be და Action for Children-ის ორგანიზაციები იყენებენ ტრენინგებში, კიდევ უფრო აძლიერებს პრინცესას ჩართულობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ბავშვობის განვითარების საკითხებში…













