in

MOTIF-მა პროექტ Display Your Vision-ის მესამე გამარჯვებული გამოავლინა!

ფოტოს ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც MOTIF-მა საკუთარი შოურუმის სავიტრინე სივრცე, საქართველოში მოღვაწე ხელოვანებს დაუთმო და მათ, პროექტ Display Your Vision-ის ფარგლებში, შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის გამოყენებით, საკუთარი ნიჭისა და ხედვის გამოვლენის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა.

bog
bog-mob

საქმიანობის 24 წლის განმავლობაში „MOTIF“-მა, დიზაინის სფეროში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა და მას დღემდე, როგორც წამყვანი ევროპული ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მნიშვნელოვანი როლი აქვს ინტერიერის კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ამასთან, კომპანია კვლავაც განაგრძობს განვითარებას და საინტერესო პროექტებსაც ქმნის არქიტექტირებისა და დიზაინერებისთვის.

ფოტოს ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

“2018 წელს, როცა გავფართოვდით და ახალი შოურუმი გავხსენით ჭავჭავაძის გამზირზე, დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამომეყენებინა ვიტრინის ეს აუთვისებელი სივრცე, რომელიც შემოქმედების ულევ შესაძლებლობას იძლევა და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა. ვფიქრობდი, მეთანამშრომლა რომელიმე კომპანიასთან ან ჩვენივე ძალებით, პერიოდულად შეგვექმნა საინტერესო კომპოზიციები. თუმცა, მალევე ნინო ლეგაშვილმა, “MOTIF”-ის ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა გამიზიარა თავისი იდეა და სურვილი, გაგვეკეთებინა მსგავსი ტიპის ექსპერიმენტული, კოლაბორაციული პროექტი ქართველ არქიტექტორებთან და დიზაინერებთან სათანამშრომლოდ. იდეამ ყველა მოგვხიბლა და დავიწყეთ აქტიური მუშაობა, რომ ჩანაფიქრი პროექტად გვექცია. ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, წესები, შევარჩიეთ სახელი და წარვუდგინეთ პარტნიორ არქიტექტირებსა და დიზაინერებს.

პროექტის სამომავლო ეფექტიანობაში ეჭვი არავის შეგვპარვია, თუმცა ეს, რასაკვირველია, სრულად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა უკუკავშირს მივიღებდით დიზაინერებისგან. საბოლოოდ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩვენს ანგარიშზე უკვე უამრავი დადებითი გამოხმაურება და სამი ძალიან საინტერესო ინსტალაციაა. ამიტომ ვფიქრობ, პროექტმა ნამდვილად გაამართლა,” – გვიამბო MOTIF-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნია ფანიაშვილმა.

პროექტი შედგა. Display Your Vision-ის ფარგლებში, მონაწილე დიზაინერები საკუთარი ხედვის მიხედვით ქმნიდნენ საკონკურსო ნამუშევარს. ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს პროექტის პირველ ორ გამარჯვებულს. ამჯერად კი, გვსურს Display Your Vision-ის მესამე რჩეულ დიზაინზე გესაუბროთ, რომლის ავტორიც ხელოვანი ნინი ჭანტურიაა.

M: ნია, გვიამბეთ გამარჯვებულ არტისტსა და მის ნამუშევარზე – რით გამოარჩიეთ დიზაინის ავტორისეული გადაწყვეტა?

ნინის ნამუშევარი „მომავლის საგანძური“ საინტერესო და განსახვავებული აღმოჩნდა იმით, რომ მისი მიზანი არ იყო მხოლოდ სივრცის მოწყობა ან ჩვენი პროდუქციის ერთმანეთთან შეხამება. ინსტალაციის აწყობამდე არც კი ვიცოდით, რა იქნებოდა მისი საბოლოო სახე და რომელი მოდელები დაიკავებდნენ ადგილს ვიტრინის სივრცეში. სამაგიეროდ, ვიცოდით, რა იყო მისი ძირითადი სათქმელი და მიზანი, – ჩვენი პროდუქციის ღირებულ მონაპოვრად და საგანძურად წარმოჩენა. ვფიქრობ, ასეცაა, რადგან თითოეული ამ პროდუქტის უკან უდიდესი ცოდნა, გამოცდილება, ისტორია, პროფესიონალიზმი, ინოვაცია და შემოქმედება დგას.

ამიტომ, “MOTIF”-ის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ნინის საინტერესო ინსტალაციისთვის და ჩვენი პროდუქციის ზუსტად წარმოჩენისთვის. გარკვეულწილად, ეს იყო ორმხივი ნდობა, რომელიც რასაკვირველია, გამართლდა.

ფოტოს ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

M: პროექტის ფარგლებში, უკვე მესამე გამარჯვებული გამოვლინდა. ამ გამოცდილების საფუძველზე, როგორ აფასებთ პროექტ Display Your Vision-ის კონცეფციასა და მის ეფექტიანობას?

Display Your Vision-ის კონცეფცია, ვფიქრობ, ზუსტად ასახავს MOTIF-ის საქმიანობას, მისწრაფებებს და მიზნებს, მთავარ მიზანს, რომ ფეხი ავუწყოთ განვითარებულ სამყაროს და წამყვანი ევროპული ბრენდებისა და თანამედროვე დიზაინერული პროდუქციის ხელმისაწვდომობით, მნიშვნელოვანი სტუმრების ადგილზე მოწვევით, მწარმოებლებთან ვიზიტებითა თუ სხვა ღონისძიებებით ხელი შევუწყოთ დიზაინის სფეროს განვითარებას საქართველოში. ამ პროექტის მიზანიც სწორედ დიზაინის სფეროს, ერთობლივი ძალისხმევით, გახალისება და ხელშეწყობაა.

M: თქვენი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს როგორც მოტიფისთვის, ისე ხელოვანებისთვის?

MOTIF-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან საქართველოში მოღვაწე დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი და მიმართულებაა. ხოლო, რაც შეეხება ხელოვანებს, მათგან პირად საუბრებში ხშირად მომისმენია, რომ სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას, მუდმივად უწევთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა და კომპრომისზე წასვლა დამკვეთის, თუ თავად პროექტის მოთხოვნების შესაბამისად. Display Your Vision-ის მთავარი პლუსი კი, ვფიქრობ, სწორედ შეზღუდვების არქონაა. ჩვენთვის საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ხელოვანს სრული თავისუფლება და შემოქმედებითი ექსპერიმენტების შესაძლებლობა ეძლევა.

“მომავლის საგანძურის” შთაგონებასა და სამუშაო პროცესზე სასაუბროდ, იდეის შემოქმედს, ნინი ჭანტურიას მივმართეთ. ნინი პროფესიით არქიტექტორია. 2013 წლიდან საკუთარ კომპანია NS STUDIO-ს თანახელმძღვანელობს და მთავარ მოტივაციად არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ხარისხიანი, საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრების შექმნას ასახელებს.

M: მოგვიყევით, MOTIF-ის კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

ფოტოს ავტორი: ნიკა ფანიაშვილი

მას შემდეგ, რაც ჩემმა მეგობარმა და იდეის ავტორმა, ნინო ლეგაშვილმა შემატყობინა აღნიშნული კონკურსის შესახებ, მაშინვე დავინტერესდი და დავიწყე კონცეფციაზე მუშაობა. ვინაიდან MOTIF, ფაქტობრივად, პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ამ ტიპის საინტერესო კონკურსის ჩატარება გადაწყვიტა, ჩავთვალე, აუცილებელი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება და გავუზიარე ჩემი არასტანდარტული იდეა. რა თქმა უნდა, მოხარული ვიყავი, რომ მომეცა საშუალება ამ პროექტის ნაწილი გავმხდარიყავი, განმეხორციელებინა ჩანაფიქრი და ინსტალაციისთვის  გამომეყენებინა შოურუმში განთავსებული არაერთი ცნობილი ბრენდის ჩემთვის საყვარელი და  გამორჩეული პროდუქცია.

M: მოტიფის პროექტისთვის რა იდეით იხელმძღვანელეთ და როგორია თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?

მიზანი იყო, შემექმნა ვიტრინა, რომელიც მოჰყვებოდა ამბავს და ამ ამბით დაანტერესებდა მნახველს. იმდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და მუდმივად სიახლეებით სავსეა MOTIF-ის შოურუმი, რთული იქნებოდა ჩემთვის ამომერჩია მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ნივთი და მათთვის დამეთმო საექსპოზიციო სივრცე. ამიტომ მოვაწყე მოწესრიგებული ქაოსი, ჩემი იდეის განსახორციელებლად კი მოვიგონე ამბავი, რომლის მთავარი გმირები, ვიტრინის ფონად, არიან ფიგურები გიორგი ცუცქირიძის მიერ შესრულებული ნახატიდან. ისინი პრიმიტიული ფორმის პირველყოფილ ადამიანებს წარმოადგენენ, რომლებიც წარსულიდან მომავალში მოხვდნენ და შოურუმის ჩატეხილი ვიტრინიდან ხის მორებზე გორასავით დახვავებული “საგანძურის” მოპარვას ცდილობენ. ნახატზე კი სწორედ ბრძოლის სცენაა გამოსახული. ვფიქრობ, თითოეული ნივთი ინტერიერში გამოხატავს ადამიანის პიროვნებას, ასახავს მის ბუნებას, მოქმედებს განწყობაზე. შესაბამისად, პროექტირებისას მნიშვნელოვანია ყველა ელემენტის სწორედ შერჩევა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ გამოყენებული საგნები არ არის მხოლოდ ძვირფასი ნივთები, რომელთა შეძენითაც სრულდება ისტორია, არამედ ბევრად ღირებული მონაპოვარი, რომელიც, შესაძლოა, მომავალი მფლობელისთვის „საგანძურადაც“ იქცეს. სწორედ ამ იდეამ განაპირობა ინსტალაციის სახელწოდებაც “მომავლის საგანძური”.

M: ნამუშევრის საბოლოო ვერსიას როგორ შეაფასებთ, თქვენი თვალთახედვით?

ესკიზზე მუშაობის დროს, შეუძლებელი იყო მიმეთითებინა კონკრეტული მოდელები, რომლებსაც შემდგომ გამოვიყენებდი ჩემი იდეის განხორციელებისთვის. ამიტომ, მხოლოდ ძირითადი დეტალები იყო წინასწარ დამუშავებული, ფონური პრინტი, პლატფორმა, ფიგურები. უშუალოდ საგნების შერჩევა და განთავსება მოხდა ვიტრინის აწყობის პროცესში, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ვინაიდან, მე თვითონაც არ მქონდა წარმოდგენილი, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო იერსახე, ყველა დეტალის გათვალისწინებით. თითქოს ჩემთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობის ეფექტი იყო, როდესაც დასრულებულ, ფერად ვიტრინას ქუჩიდან, ჩვეულებრივი გამვლელის თვალით შევხედე. 

 

[R]

როგორია სახლიდან მუშაობა, როცა პროექტის დედლაინი ახლოვდება? – Apple-ის კამპანიის გაგრძელება

კომპანია „კაიროს ლოჯისტიკსის“ და „ქართული ღვინის სახლის“ ორმხრივი პროდუქტიული თანამშრომლობის პერსპექტივები