in

როგორ ვაქციოთ Motion Design ბრენდის იდენტობის ნაწილად? — რჩევები

რამდენიმე წლის წინ ინდუსტრიაში ასეთი კითხვა ისმოდა: უნდა იყოს თუ არა მოუშენ დიზაინი ბრენდის იდენტობის ნაწილი? წელს კი ამან რელევანტურობა დაკარგა და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სტატიკური იდენტობები საკმარისი აღარ არის. ამგვარად, კითხვაც შეიცვალა: როგორ უნდა ჩავაქსოვოთ მოუშენ დიზაინი ბრენდის იდენტობაში?

BOG
BOG

ეპოქაში, რომელშიც სამყაროს ჩვენი ეკრანებიდან ვუყურებთ, მოუშენი აუდიტორიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში გვეხმარება. ამიტომ, ბრენდის იდენტობის უბრალო დანამატი კი არ უნდა იყოს, არამედ დასაწყისიდანვე მის ნაწილად უნდა აქციოთ. 

მოდით, ამ თემას სხვა კუთხიდანაც შევხედოთ – დაფიქრდით, როგორ ვამყარებთ კომუნიკაციას ადამიანები, მხოლოდ სიტყვებს კი არა, ჟესტებსა და მოძრაობებს ვიყენებთ, საკუთარ თავს რიტმისა და პოზების დახმარებითაც გამოვხატავთ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ბრენდი მოუშენ დიზაინის გარეშე ერთ ადგილზე გაყინულ ადამიანს ჰგავს, რომელიც უბრალოდ არსებობს და ურთიერთობებისთვის საჭირო ნაპერწკალი აკლია.

ამიტომაც, ახლა მოგიყვებით, როგორ გამოიყენოთ მოუშენ დიზაინი თქვენს ნამუშევრებში:

გასცდით უბრალო ესთეტიკას

მოდით, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ. ტრადიციულად, ბრენდის იდენტობა სტატიკურ ელემენტებზეა ფოკუსირებული, იქნება ეს ლოგო, ფერთა პალიტრა, ტიპოგრაფია თუ ხმის ტონი. ეს დღემდე აუცილებელ კომპონენტებად რჩება, თუმცა, საკმარისი ნამდვილად არ არის. ეკრანების, ე. წ. ფიდებისა და მუდმივი ინტერაქციების სამყაროში აუდიტორია ბრენდებისგან პასუხის გაცემას, ადაპტირებასა და დინამიკურად ჩართვას ელის. 

მოუშენი კი სწორედ ამ სტატიკურ ელემენტებს აცოცხლებს და უბრალო ვიზუალურ აქტივებს ბრენდის პერსონალობის ხელშესახებ გამოხატვად აქცევს. გავლენაც უბრალო ვიზუალურ ესთეტიკაზე შორს მიდის და ბრენდის ძირითად ღირებულებებს ასახავს. 

 ისარგებლეთ უნივერსალური ენით

მოუშენ იდენტობის ერთ-ერთი ძლიერი ასპექტი მისი უნარია, გასცდეს კულტურულ და ენობრივ ბარიერებს. შესაძლოა, ხან ვერბალური და ვიზუალური ენა თარგმნისას დაიკარგოს, მოძრაობა კი არა. ეს უნივერსალური მახასიათებელი კი მოუშენ დიზაინს ღირებულ ხელსაწყოდ აქცევს გლობალური ბრენდებისთვის. ამის იდეალურ მაგალითს კი Google: Next 2024 გვთავაზობს.

გამოხატეთ ინდივიდუალიზმი

ეფექტური მოუშენ იდენტობის შექმნა როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური საკითხების გააზრებას მოითხოვს. მაგალითად კი Canva შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომლის, ერთი შეხედვით, მარტივი კონცეფცია მოიცავს იმას, თუ როგორ ამყარებენ ურთიერთობებს ადამიანები ციფრულ ინტერფეისებთან. ამგვარად, ისეთი მკაფიო მოუშენ პრინციპები დაამკვიდრეს, რომლებიც ბრენდის პერსონალობას ეხმიანებოდა.

5 რჩევა — როგორ ვაქციოთ მოუშენ დიზაინი ბრენდის იდენტობის ნაწილად?

დაიწყეთ სტრატეგიით და არა, ანიმაციით — მოუშენმა ბრენდის ღირებულებები და პერსონალიზმი უნდა ასახოს და აქ მხოლოდ ვიზუალური ინტერესი არ უნდა გამოძრავებდეთ. თითოეული მოძრაობა რაღაც მიზანსა და მნიშვნელობას უნდა ემსახურებოდეს. 

განიხილეთ მთლიანი ეკოსისტემა — მოუშენ იდენტობამ ყველა შეხების წერტილში უნდა იმუშაოს, დაწყებული აპლიკაციებში მიკროინტერაქციებით და დამთავრებული მარკეტინგული კამპანიების გმირების ანიმაციებით. 

გააკეთეთ მასშტაბურობისთვის — ჩამოაყალიბეთ მოძრაობის ისეთი პრინციპები, რომლებიც მრავალ კონტექსტსა თუ პლატფორმაზე ადაპტირდება.

შეინარჩუნეთ ჰუმანურობა — მოძრაობა ბუნებრივს უნდა ჰგავდეს და მიზანს ემსახურებოდეს, შესაბამისად, არც მექანიკური უნდა იყოს და არც უსაფუძვლო. ასე ემოციურ რეზონანსს მიიღებთ და ნდობასაც დაიმსახურებთ.

იზრუნეთ ტექნიკურ მხარეზე — ლამაზი მოძრაობები ღირებულებას კარგავს თუ მომხმარებელთა გამოცდილებას ანელებს. ამიტომაც, ტექნიკური საკითხები დასაწყისიდანვე უნდა გაითვალისწინოთ. 

მართალია, ტექნოლოგიები სულ უფრო ვითარდება, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპი იგივე რჩევა — მოუშენ დიზაინი ბრენდს აცოცხლებს, ეს უბრალოდ რაღაცების ამოძრავებას კი არ ეხება, არამედ აქ საქმე მოძრაობით გულწრფელი კავშირების ჩამოყალიბებაშია…

6 ხელსაწყო, რომლებიც თამაშების პროგრამირებისთვის გამოგადგებათ

როგორ გავიგოთ, რა გვართმევს ფუჭად დროს ყველაზე მეტად?