მიზნის მისაღწევად, მთავარი მისკენ სწრაფვაა. თუმცა ყველა მოტივი ერთნაირი არ არის და ზოგიერთი ფაქტორი, რომელიც წარმატების სურვილის განსაზღვრავს, შეიძლება საზიანოც კი იყოს. ამასთან, ახალი წლის პირველ დღეებში ბევრი ჩვენგანი ფიქრობს მომდევნო თვეების მიზნებზე, სადაც შედარებით სიღრმისეულად უნდა დავფიქრდეთ, რატომ ვიღებთ გამოწვევებს და ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს.
მაგალითად, თუ რომანის დაწერას გეგმავთ, ამას მხოლოდ პერსონაჟებით დასახლებული გამოგონილი სამყაროს შექმნის სიამოვნებისთვის აკეთებთ თუ ლიტერატურა გიყვართ და გსურთ, ღირებული წვლილი შეიტანოთ მასში? იქნებ, უბრალოდ გინდათ, საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ; ანდაც, დიდების მოპოვების სურვილი არ გასვენებთ.
„თვითგამორკვევის თეორიის“ მიხედვით, თითოეული ეს კითხვა ჩვენი სამუშაოსა და კეთილდღეობის მოტივაციის ცალკეულ წყაროებს გამოკვეთს. კვლევის თანახმად, სწორი მიზნების არჩევით, მეტ სიამოვნებას და წარმატებას მიიღებთ.
თავად ჯილდო
მრავალი სამეცნიერო იდეის მსგავსად, თვითგამორკვევის თეორია წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. იგი სათავეს იღებს 1970-იან წლებში ჩატარებულ რამდენიმე კვლევით, მაგრამ სერიოზული ინტერესი მის მიმართ მხოლოდ 2000 წელს გამოვლინდა — მთავარი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც მის ზოგიერთ ძირითად კონცეფციას ასახავდა, მოტივაციასთან, შესრულებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. თეორია ემყარება ოპტიმისტურ წარმოდგენას, რომ ადამიანების უმეტესობას სწავლისა და განვითარების ბუნებრივი სურვილი აქვს და ზრდაზეა ორიენტირებული.
ზრდაზე ორიენტაცია ყველაზე თვალსაჩინოა მცირეწლოვანი ბავშვების დაუოკებელ ცნობისმოყვარეობაში, რაც სამყაროს თითოეულ დეტალს ეხება. ამასთან, მოზარდებს თანდაყოლილი გატაცება და ცნობისმოყვარეობა აქვთ გარკვეული აქტივობების მიმართ, რაც თავად დავალებას ჯილდოდ აქცევს. ეს ცნობილია, როგორც „შიდა მოტივაცია“. უბრალოდ, ხშირად არ გვაქვს საკმარისი შინაგანი მოტივაცია ჩვენი მიზნების მისაღწევად საჭირო ამოცანების შესასრულებლად და სწორედ ამიტომ გვჭირდება საკუთარი თავის წახალისება ან სხვადასხვა სახის ჯილდოს ვალიდაციის მიღება:
- იდენტიფიკაცია: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგწონდეთ თავად აქტივობა, მას უფრო ფართო ღირებულებებისა და მიზნების ვიზუალიზაცია შეუძლია, რაც მოტივაციას ზრდის. მასწავლებლისთვის ეს შეიძლება იყოს განათლების მნიშვნელობისა და საკუთარი როლის აღიარება მოსწავლეთა მომავლის გაუმჯობესებაში.
- ინტროექცია: ზოგჯერ საკუთარ თავზე ზეწოლას აქტიურად ვახორციელებთ, რათა ეგო და თვითშეფასება შევინარჩუნოთ. თუ კონკრეტულ მიზანს ვერ მიაღწევთ, ეს სირცხვილისა და წარუმატებლობის გრძნობას წარმოშობს.
- გარე რეგულაცია: ზოგჯერ მოტივაცია მხოლოდ გარე ჯილდოებიდან მოდის, როგორიცაა დიდება და სიმდიდრე. ზოგიერთ სამუშაო ადგილზე გარე რეგულაცია შეიძლება იყოს პრემიების და ხელფასის გაზრდის სახით. თქვენ განაგრძობთ მუშაობას ფულის მისაღებად, მაშინაც კი, თუ თავად ამოცანები საკმაოდ მოსაწყენი და უაზრო გეჩვენებათ.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგებმა, რომლებიც თვითგამორკვევის თეორიას სწავლობენ, შეიმუშავეს სხვადასხვა კითხვარი, რათა თითოეული ამ ტიპის მოტივაცია შეაფასონ განსხვავებულ კონტექსტებში. მაგალითად, ვან დენ ბროკმა, რომელიც სამსახურში მოტივაციის დონეს იკვლევდა, ასეთი რამ აღმოაჩინა: შინაგანი მოტივაცია — თანდაყოლილი ინტერესი ან სიამოვნება, სამსახურში მეტ კმაყოფილებას, ჩართულობასა და გადაწვისგან დაცვას უზრუნველყოფდა. ხოლო იდენტიფიკაცია — განცდა, რომ სამუშაო მნიშვნელოვანი ან აზრიანია, ასევე ძალიან სასარგებლო იყო კეთილდღეობისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროდუქტიულობისთვის.
რაც შეეხება სხვა ტიპის მოტივაციის ეფექტებს, ისინი უფრო ბუნდოვანია. როგორც ჩანს, ინტროექცია (სამსახურის საკუთარ იმიჯთან ასოცირება) უზრუნველყოფს საქმის უკეთეს შესრულებას, მაგრამ ის ასევე ზრდის სტრესს და გადაწვის რისკს.
რა გსურთ მართლა?
მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დასკვნა დიდი სიფრთხილით გამოიტანოთ. „მაგალითად, თუ ადამიანი ფინანსურ კრიზისს განიცდის, მისთვის გარეგანმა მოტივებმა, როგორიცაა ხელფასის გაზრდა, შეიძლება დადებითი შედეგები გამოიწვიოს“, — ამბობს ფსიქოლოგი იან მაკრეი. თუმცა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ, შინაგანი მოტივაცია ბევრად მნიშვნელოვანი ხდება. ამრიგად, თუ შედარებით სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში ხართ, შესაძლოა, ახალი პროექტის წამოწყება ან განსხვავებული პოზიციის დაკავება განიხილოთ.
ამასთანავე, მაკრეის თქმით, მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა ყურადღებით მოუსმინონ თანამშრომლების სურვილებს და მოტივაციებს, რათა საჭირო რესურსები უზრუნველყონ.











