ცოტა რამ უყვარს ხალხს იმაზე მეტად, ვიდრე ხუმრობა სამსახურზე, დემოტივაციაზე, ბევრ საქმეზე, ხელფასიდან ხელფასამდე მუშაობაზე… მიმები, რილსები ხშირად გვხვდება ამ თემებზე. ეს, რა თქმა უნდა, არაა შემთხვევითი, რადგან სამსახურებრივი გარემო კონტენტკრეატორებისა და მარკეტერებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსაითია, რომელიც ყველა მომუშავე ადამიანის ,,ტკივილს” აერთიანებს.
„რა გიქმნით მოტივაციას სამსახურში?” – ეს კითხვა რამდენიმე მოხალისეს დავუსვით და პასუხებით შემდეგი დასკვნა გამოვიტანეთ: მოტივაცია იწყება დასაქმებულისთვის სრულიად საბაზისო, ერთი შეხედვით, აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით და გრძელდება ინდივიდუალურად შექმნილი წახალისებებით. დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ გარემოს, სადაც ნაკლები სტრესია და ხელმძღვანელებსა თუ თანაგუნდელებს ერთმანეთთან მადლიერების გამოხატვა არ ეზარებათ.
პროფესიონალ რესპონდენტებთან ერთად კი უფრო სიღრმისეულად მიმოვიხილავთ მოტივაციას სამსახურში – რა არის ის და რა ქმნის მას.
ანი წიქრიძე, „კანტის” HR ხელმძღვანელი:
კარიერული მოტივაცია საკმაოდ კომპლექსური საკითხია. იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მამოტივირებელი გარემო შექმნას, სწორად უნდა გაჰყვეს მოთხოვნილებათა პირამიდის საფეხურებს. უპირველესად უნდა იზრუნოს კომფორტული და ყოველმხრივ დამაკმაყოფილებელი სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სამუშაო ლოკაცია, ასევე გარემოს უსაფრთხოება, ოფისის აღჭურვილობა ყველა საჭირო ნივთითა თუ სივრცით, როგორიცაა, სამზარეულო და სხვა.
მოტივაციაზე ზრუნვა თანამშრომლის რეკრუტირებიდანვე იწყება და მას რამდენიმე ნაბიჯი აქვს: 1. როგორ შთაბეჭდილებას ვუტოვებთ აპლიკანტს გასაუბრების ეტაპზე; 2. რამდენად ამომწურავად, მკაფიოდ და პოზიტიურად ვაცნობთ შერჩეულ კანდიდატს ჩვენს შეთავაზებას; 3. რამდენად დადებითად მიმდინარეობს სწავლება – ონბორდინგის პროცესი; 4. რამდენად ვაძლევთ თანამშრომელს თვითგამოხატვის, ინიციატივებისა თუ კრიტიკული საკითხების განხილვის თავისუფლებას; 5. როგორია ლოიალობის პოლიტიკა; 6. რამდენად იგეგმება გუნდურ და პერსონალურ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები; 7. რა სარგებელს სთავაზობს დასაქმებულს კომპანია და რამდენად ხდება აღნიშნულის ეტაპობრივად გამრავალფეროვნება.
M: თავად თუ გაიხსენებდით სამსახურში სიტუაციას, როცა თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო მოტივაციის მიღება ხელმძღვანელობისგან და ის მიიღეთ ან პირიქით?
პოზიციიდან გამომდინარე, ყველაზე დადებითად ჩემს მოტივაციაზე მოქმედებს ჩემივე ინიციატივების მხარდაჭერა მენეჯმენტის მხრიდან. ერთია, რა ინიციატივით მიდის თანამშრომელი ხელმძღვანელ რგოლთან და მეორეა, რამდენად სწორად აღიქვამს მენეჯმენტი ამ ინიციატივის მნიშვნელოვნებასა და საჭიროებას. შესაბამისად, ყველაზე პოზიტიურად გავიხსენებდი შემდეგ ფაქტებს: 1. ჩემი მხრიდან HR აქტივობების ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას; 2. მენეჯმენტამდე მიტანილი პრობლემური სიტუაციის გულისყურით მოსმენასა და ჩემივე შეთავაზებული გადაჭრის გზების მხარდაჭერას.
M: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თანამშრომელს მუდმივად მოტივაცია ჰქონდეს სამუშაო გარემოში?
მოტივირებული თანამშრომელი რომ საუკეთესოდ ართმევს თავს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ეს არაერთი გამოკითხვითა და დაკვირვებით დადასტურებული ფაქტია. როდესაც თანამშრომელს სამსახურში მოსვლა უხარია, ნაკლები შანსია თუნდაც იმისა, რომ დილით დააგვიანდეს. როდესაც დასაქმებული გრძნობს რომ მისი შრომა შესაბამისად დაფასებულია, ის მეტად მონდომებულია უკეთ გააკეთოს საქმე. კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქმის კარგად შემსრულებელი, პოზიტიური, ჯანსაღად ამბიციური და აქტიური კოლეგებით ფორმირდება წარმატებული ბიზნესი, როგორც სასურველი დამსაქმებელი.
ანნა გეფერიძე, Tegeta Cars-ის HR ბიზნესპარტნიორი:
დასაქმებულებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ნებისმიერი დამსაქმებლისთვის. ეს არა მხოლოდ თანამშრომლების კმაყოფილებასა და ლოიალობას ზრდის, არამედ პირდაპირ აისახება მათი პროდუქტიულობისა და კომპანიის წარმატებაზე.
ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის მთავარი საფუძველი ორგანიზაციული კულტურა, კომპანიის ღირებულებები და სტრატეგიაა, რომლებიც თანამშრომლების ინტერესებსა და მოლოდინებს უნდა პასუხობდეს. ორგანიზაციული კულტურა უნდა იყოს ინკლუზიური და გუნდურობაზე დაფუძნებული, რაც თანამშრომლებს საერთო მიზნებთან აკავშირებს და მოტივაციას აძლიერებს. სტრატეგია თანამშრომლების ინტერესებს უნდა ეხმიანებოდეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი უნდა ხედავდნენ, როგორ უკავშირდება მათი საქმიანობა კომპანიის გრძელვადიან მიზნებს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღია კომუნიკაციას და რეგულარულ უკუკავშირს, მიღწევების აღნიშვნას, რაც თანამშრომლებს პროფესიული ზრდისა და განვითარების სტიმულს აძლევს.
M: რამდენად მნიშვნელოვანია HR ის როლი ამ მიმართულებით და როგორ უნდა დაეხმაროს ის დემოტივირებულ თანამშრომელს?
HR-ის როლი ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში კრიტიკულია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები მხარს უჭერენ კომპანიის გრძელვადიან ხედვას, ხოლო პიროვნული და პროფესიული განვითარება დასაქმებულის მოტივაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
დემოტივირებული თანამშრომლის მხარდაჭერა HR-ის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ფუნქციაა. როცა თანამშრომელი კარგავს მოტივაციას, მისი პრობლემების გადაჭრა ინდივიდუალურად, კონკრეტული ქმედებებისა და მიდგომების საფუძველზე უნდა მოხდეს. ჩვენი როლი ამ პროცესში მდგომარეობს არა მხოლოდ პრობლემის აღიარებაში, არამედ დეტალურად შესწავლაში, რათა განისაზღვროს კონკრეტული მიზეზები, რომლებიც დემოტივაციას იწვევს. ეს შეიძლება იყოს სამუშაოს ზედმეტი დატვირთვა, პირადი პრობლემები, უკმარისობა კარიერული წინსვლაში, ან არაკომპენსირებული შრომის აღიარება.
HR-მა უნდა მიაწოდოს თანამშრომელს პერსონალური მხარდაჭერა, რომელიც ექსკლუზიურად მის საჭიროებებს დაემყარება. დემოტივირებული თანამშრომლის პრობლემა მხოლოდ ტაქტიკური თუ სტრატეგიული ცვლილებების გატარებით შეიძლება მოგვარდეს. HR-ის სწორი მიდგომა და მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტია თანამშრომლის ჩართულობასა და მოტივაციის ზრდაში, რაც საბოლოოდ კომპანიის წარმატებაზე აისახება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი