in

თუ შვებულების მერე მოტივაციას ეძებთ, ამ სტატიას გაეცანით

ახალმა წელმა ჩაიარა, გოზინაყის ბოლო ნაჭერიც ალბათ უკვე აღარ დევს მაგიდებზე და ყველანი სამსახურებს დავუბრუნდით, თუმცა რამდენიმედღიანი გართობის, ახალი წლის, შობის აღნიშვნისა და მოდუნების შემდეგ ძალიან რთულია სამუშაო რეჟიმზე გადაწყობა. ეს შეგრძნება არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებას ჰგავს, რაც, თავის მხრივ, პროდუქტიულობაზეც აისახება.

მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. იდეალურ შემთხვევაში, იანვარი უნდა იყოს განახლებისა და იდეების თვე, წლის ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე მხიარული დრო სამუშაოდ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ მარტივ ნაბიჯს, რომლებიც დაგეხმარებათ ენთუზიაზმით დაუბრუნდეთ საქმიანობას.

შეინარჩუნეთ სადღესასწაულო განწყობა

გამოცდილი მარკეტერები გვირჩევენ, რომ არ დავკარგოთ სადღესასწაულო განწყობა, რადგან სამსახურებრივ რეჟიმზე გადართვა არ ნიშნავს მკაცრ ტრანსფორმაციას. თუ გუშინ ჯერ კიდევ მეგობრებთან ერთად ერთობოდით და დღეს გაუნძრევლად უნდა ისხდეთ ოფისში, სერიოზული სახით, ცხადია, ეს ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც სტრესში გამყოფებთ, ამიტომ მიეცით ტვინს მოდუნების საშუალება. უამრავი საშუალება არსებობს ამისთვის, მაგალითად, მიდით ოფისში სახლში მომზადებული სადღესასწაულო კერძებით ან ტკბილეულით და გაუმასპინძლდით გუნდელებსაც, შესვენებაზე დალიეთ ერთი ჭიქა მსუბუქი ღვინო ან კოქტეილი, ჩართეთ მხიარული მუსიკა და ისე იმუშავეთ.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, ეს მართლა მუშაობს და ამაღლებს განწყობას.

დაიწყეთ პატარა ამოცანებით

სამსახურში გასვლისთანავე მაინცდამაინც ყველაზე დიდ დრაკონს ნუ შეეჭიდებით, ჯერ მარტივი ამოცანების შესრულებას შეუდექით, რომლებიც ცოტა გონებასაც გაავარჯიშებს, მუშაობის რუტინასაც ხელახლა შეგაჩვევთ და ფსიქოლოგიურადაც შეგამზადებთ უფრო დიდი ამოცანის ამოსახსნელად.

უპირატესობა მიანიჭეთ თავის მოვლას

ადამიანის საერთო განწყობაზე ძალიან მოქმედებს დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. დააპრიორიტეტეთ თავის მოვლა და პირველ ადგილზე დააყენეთ ის აქტივობები, რომლებიც ახალი წლიდან გსურდათ, დაგეწყოთ. აუცილებლად გამოყავით დრო ვარჯიშის, იოგის, ცურვის, სეირნობის, ძერწვის, ნებისმიერი რამისთვის, რასაც გეგმავდით და არ გამოგდიოდათ. სიახლეებით წლის დაწყება სამსახურშიც მოგცემთ მოტივაციას.

წლის მიზნები

იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება იყოს თქვენი მიზანი წლის ბოლომდე. ამ სიაში შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე პუნქტიც მოხვდეს, მაგალითად, წონაში კლება ან მომატება, მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება, მოგზაურობა თუ სხვა…ერთი სიტყვით, იფიქრეთ პოზიტიურ ცვლილებებზე როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ეს დაგეხმარებათ გააქტიურებასა და საქმეზე გადართვაშიც.

ისწავლეთ რამე ახალი

ფოკუსირდით რაიმე ახლის შესწავლაზე. სწავლა ხომ არასოდეს არის ზედმეტი და ყოველთვის გვაქვს მიზეზი, რომ რაღაც ახალი შევიმეცნოთ. დარეგისტრირდით ტრენინგზე, კურსზე, თუნდაც, ონლაინ გაიარეთ რაიმე ახალი. სწავლის რეჟიმს ყოველთვის კარგად მოვყავართ ფორმაში და გვეხმარება რუტინის დაბალანსებაში. 

ამ მარტივი ტაქტიკებით, შეგიძლიათ, დასვენების დღეების შემდეგ განაახლოთ თქვენი მიდგომები, იდეები და კრეატიულობა. წარმატებულ 2025 წელს გისურვებთ!

„0.0 – მიზეზი არ არის საჭირო“ – როგორ უწევს Heineken პოპულარიზაციას უალკოჰოლო ლუდს

Sony PlayStation-ის თამაშებში სუნის დამატებას გეგმავს