in

როგორ უნდა შეუნარჩუნოთ თქვენს გუნდს მოტივაცია რთულ სიტუაციებში?

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ თანამშრომლებს დღეს მოტივაციის ამაღლება სჭირდებათ. თანაც, დემოტივაციისთვის პოლიტიკური გარემო და გლობალური მოვლენები შესანიშნავ ლანდშაფტს ქმნის. ბუნებრივია, ამ ყველაფერს ხელმძღვანელებიც ამჩნევენ და ცდილობენ მას გაუმკლავდნენ, თუმცა ეს არც ისე მარტივია…

pasha-statiebi
pasha-statiebi

ისეთ წინადადებებს, როგორებიცაა: მოდით, დადებით მხარეებზე ვფოკუსირდეთ ან ბიუჯეტი ცუდად შეგვიმცირეს, მაგრამ მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენი სამუშაო, შესაძლოა, კარგი განზრახვა ჰქონდეს, თუმცა, რეალურად, იგი ტრავმას კიდევ უფრო ამწვავებს. 

და რა უნდა გააკეთოთ, როცა შეამჩნევთ, რომ თქვენი გუნდი მოტივაციას კარგავს? მნიშვნელოვანია, ეს საკითხი რეალობის ზუსტი შეფასებით დაიწყოთ. უპირველესად, გაიაზრეთ, რომ მოტივირება არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არჩევანია. ისეთი გარემოებები შექმენით, რომლებშიც თანამშრომლები მოტივაციას აიმაღლებენ. თუმცა გახსოვდეთ, რომ ერთი მიდგომა ყველაზე ვერ იმუშავებს — თქვენი გუნდის წევრები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან და მათი გრძნობებიც სხვადასხვანაირია. შესაძლოა, ერთი გადაღლილი იყოს, მეორე გაბრაზებული, თქვენ კი ორივე მათგანის თერაპევტობა უნდა შეითავსოთ.

დიახ, ადამიანების მოტივაცია საკმაოდ რთულია, ემოციების კომპლექსური სპექტრია, რაც მოიცავს აღელვებას, სიხარულს, სურვილს, ვნებასა და იმედს. ეს ემოციები კი სწორედ კონკრეტული უნარებიდან და თვისებებიდან მოდის, იქნება ეს გამძლეობა, ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა თუ ამბიცია. ხოლო, როცა მოტივაცია იკლებს, გრძნობები და თვისებები იფარება. შიში, ბრაზი, მწუხარება, საკუთარი თავის გამოუსადეგრად მიჩნევა მოტივაციას ანადგურებს კიდეც. თქვენ კი უნდა დაადგინოთ, რა არის მისი დაკარგვის საფუძველი და დაეხმაროთ თანამშრომლებს ხელახლა აღმოაჩინონ იგი. ხოლო ამის დაწყებაში ქვემოთ მოცემული გზები დაგეხმარებათ.

როცა ცუდი ამბების გავრცელება გიწევთ…

ცუდი ამბების გავრცელება არცერთ ლიდერს უყვარს. იმის გამო, რომ არსებულ დისკომფორტს გაუმკლავდნენ, ზედმეტად აქცევენ ყურადღებას საკუთარ თავს და ვეღარ ამჩნევენ იმ ადამიანებს, რომელზედაც უნდა იზრუნონ… და როგორ უნდა გაავრცელოთ ცუდი ამბები უფრო ეფექტური გზით?

არ შეამსუბუქოთ უსიამოვნო ამბები 

ამბის შერბილების სურვილი ბუნებრივია, როცა იცით, რომ ეს მტკივნეულ რეაქციებს გამოიწვევს. თუმცა, რეალურად, ეს უფრო მეტ ტკივილსაც კი იწვევს. ცრუ გარანტიების მიცემა, რომ რაღაცები კარგად იქნება ან ნათელ მხარეებზე მითითება, უსაფუძვლოდ აქცევს იმ მწუხარებასა და შიშს, რომელსაც ადამიანები განიცდიან. 

თუ თანამშრომლებს ემოციების გამოხატვის უფლებას მისცემთ, ეს მათი გამოცდილების პატივისცემაც იქნება. ამიტომ, მაშინაც კი, როცა მათ ემოციებს არ იზიარებთ, ემპათიით უნდა უსმინოთ და ეცადოთ, არ თქვათ ისეთი რამ, რაც მათ საკუთარი აზრების გამოხატვაში შეუშლის ხელს. 

არ დაიცვათ საკუთარი თავი

როცა ადამიანები გამოხატავენ იმედგაცრუებას ან სიბრაზეს შემცირებული ბიუჯეტის, სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ სხვა ახალი ამბების გამო, ეს თავაზიანად უნდა მიიღოთ. თუმცა აქ შეურაცხმყოფელი ან უპატივცემულო ქცევების ატანა ნამდვილად არ იგულისხმება, თქვენ უბრალოდ ამ სიმძიმის ატანა გევალებათ.

საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვა კი მათი ემოციების უგულებელყოფას ჰგავს. ამიტომ, არასდროს ითამაშოთ მსხვერპლის როლი ისეთი წინადადებებით, როგორებიცაა, წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენად რთული იყო ეს, რადგან, მსგავსად, დემოტივაციასა და უნდობლობას მიიღებთ შედეგად. 

თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, გაუმკლავდით გადარჩენილის განსჯას

თუ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება მოგიწიათ, „გადარჩენილების“ განსჯასთან შეიძლება გქონდეთ საქმე. აქ კი კვლავ მათ ემოციების უსაფრთხო და გულწრფელი გზით გამოხატვის საშუალება უნდა მისცეთ. ბევრი ამის თქვენგან დამალვასაც ეცდება, თანაც, მოჩვენებითი პოზიტივით, რათა შემდეგად ყოფნა თავიდან აიცილონ. ამიტომ, მათთან კომუნიკაცია სამართლიანი და გამჭვირვალე გზებით უნდა დაამყაროთ, რათა თანამშრომლებისთვისაც უსაფრთხო გახდეს გულწრფელად საუბარი იმაზე, რასაც გრძნობენ. 

მიიღეთ რთული გადაწყვეტილებები გუნდთან ერთად 

თუ, მაგალითად, ხარჯები შეგიმცირეს ან მწვავე ეკონომიკური პრობლემები გაქვთ, ნება მიეცით თქვენს გუნდს ჩაერთოს ამ საუბრებში და დაგეხმაროთ რთული გადაწყვეტილებების მიღებაში. ისინი ყოველთვის პოულობენ კრეატიულ გზებს სამსახურების გადასარჩენად და საუბრობენ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც სხვაგვარად ვერ დაინახავდით. 

იზრუნეთ და დააფასეთ გასაჭირში მყოფი თანამშრომლები  

დღეს ლიდერებს გაუჭირდათ იმ გზების პოვნა, რითაც თავიანთ გუნდებს აცნობდნენ, რომ მათზე ზრუნავენ. ხშირად, ამისთვის, სიმბოლურ ბონუსებსა თუ შეღავათებს მიმართავენ, თუმცა ეს ნაკლებად ჰგავს გულწრფელ ყურადღებას. ის, რაც ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ, ბევრად უფრო მარტივი და პრაქტიკულია. აი, რა უნდა გააკეთოთ:

  • დაეხმარეთ მათ, ხელახლა მიანიჭონ პრიორიტეტი სამსახურს

ერთ-ერთი კარგი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ზრუნავთ, იმის ჩვენებაა, თუ როგორ ეხმარებით გუნდის წევრებს სამსახურისთვის პრიორიტეტის ხელახლა მინიჭებაში, როცა ამის უნარი შეზღუდულია. „აკეთე მეტი ნაკლებით“ პარადიგმა კი ერთ-ერთია მათ შორის, რაც მილიონობით ადამიანს გადაღლილობის გამო სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს… 

თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ, რომ ნაკლები მუშაობა ნაკლებ შედეგს ნიშნავს და დაეხმაროთ თქვენი გუნდის წევრებს განსაზღვრონ, რომელი სამუშაო აღარ არის საჭირო. თუ ნაკლები ადამიანისა და რესურსისგან იმავე შედეგს ელით, გარანტირებულად შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს დაბალი ხარისხით მიიღებთ. ამიტომ, ნება მიეცით თქვენს გუნდს, მიიღონ ინფორმირებული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა სამუშაოების შემცირება ან შეჩერებაა საჭირო. 

  • დარჩით ხელმისაწვდომი

რეგულარულად შეამოწმეთ თანამშრომლები და ჰკითხეთ, როგორ უმკლავდებიან სამუშაოს და შეგიძლიათ თუ არა რაიმეს გაკეთება მათ მხარდასაჭერად. თუმცა არ გაგიკვირდეთ, თუ ისინი თავიდან თქვენ მიმართ ცივები იქნებიან ან თავდაცვას დაიწყებენ, რადგან ეს მოსალოდნელია. მიუდექით ჯიუტად და აცნობეთ მათ, რომ თქვენთან საუბარი და საკუთარი პერსპექტივების გაზიარება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

როცა ისინი გაიხსნებიან, მოუსმინეთ ყურადღებით და თანაგრძნობით, თქვენი კითხვებით მათ მოსაზრებების უკეთ გამოხატვაში დაეხმარეთ. პასუხების შეთავაზების ნაცვლად კი, ხელი შეუწყვეთ იმ არჩევანის გაკეთებაში, რომელიც მათ საკითხების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ხოლო, თუ ისინი სპეციფიკურ დახმარებას გთხოვენ, ნათლად გამოხატეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი, არა. 

  • გამოხატეთ მადლიერება თანამშრომელთა თავგანწირვისა და შეუპოვრობისთვის

აცნობეთ ადამიანებს, რომ თქვენ ხვდებით, რა ზიანს აყენებს ეს სამსახური მათ და შემდეგ დააფასეთ მათი მოთმინება მძიმე პირობებში. კონკრეტულად გამოხატეთ ის დადებითი გავლენა, რაც მათ ძალისხმევას ჰქონდა გუნდის შესრულებაზე და როცა ამის საშუალება მოგეცემათ, ისინი საჯაროდაც შეაქეთ. 

ადამიანები ხშირად ემოციურად და ფიზიკურად დაღლილებიც არიან, რის გამოც მარტივად გრძნობენ თავს იზოლირებულად და დაუფასებლად. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დააფასოთ მათ მიერ შესრულებული დამატებითი სამუშაო, რათა აგრძნობინოთ, რომ ამას ჩვეულებრივ არ უყურებთ. ამასთან, წაახალისეთ ისინი, რათა ენერგიების განახლებისთვის სამსახურის მიღმა დრო გამოყონ. 

  • გააძლიერეთ თქვენი გუნდი

რთული ემოციები ბევრად მარტივდება, როცა მას სხვებს უზიარებთ. შიში, შფოთვა და სიმწარე ინსტინქტურად უბიძგებს ადამიანებს უკან დახევისკენ… შეკრიბეთ გუნდი და ღიად ისაუბრეთ, რა ხდება ან როგორ გრძნობენ ადამიანები თავს, თუმცა ეს სესიას არ უნდა ჰგავდეს. გაამარტივეთ ღია საუბრები გუნდის გამოწვევების შესახებ და გაიგეთ, სჭირდებათ თუ არა მათ დახმარება. 

საერთო გამოწვევებისა და გრძნობების გაზიარება კი ადამიანებს თავს ნაკლებად მარტოსულად აგრძნობინებს და ისინი ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერასაც უფრო გამოხატავენ. 

მიეცით მაგალითი

რთულ პერიოდებში საკუთარი თავის მართვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მათ შორის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. როცა ადამიანებს ნერვები ეშლებათ, ისინი ნაკლებად ტოლერანტულები ხდებიან თქვი-გააკეთე ხარვეზების მიმართ. 

თვალთმაქცობის მცირე მცდელობაც კი ადამიანებს დემოტივირებულიდან გაბრაზებულად აქცევს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ყველა იმ მინიშნებაზე, რასაც ადამიანებს რთულ პერიოდებთან გამკლავებით აწვდით. აი, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება:

  • მართეთ თქვენი ემოციები პროდუქტიულად

თქვენ ვერ შენიღბავთ იმ ზარალს, რომელსაც ეს რთული პერიოდები გაყენებთ. მაგრამ უნდა დააბალანსოთ დაუცველობა, რათა მათ თქვენი ადამიანობის დანახვის საშუალება მისცეთ იმის ფიქრის გარეშე, რომ სამართლიანად არ მოეპყრობით ან ვერ შეძლებთ სიტუაციის მართვას. 

ნორმალურია თუ აღიარებთ, რომ გაბრაზებული ან დამწუხრებული ხართ და გააზიარებთ იმ პროდუქტიულ გზებს, რომლითაც თქვენ ამ გრძნობებით მუშაობა შეძელით. იმის ჩვენებით, რომ ძლიერი გრძნობების წარმოჩენა უსაფრთხოა, სხვებისთვისაც კიდევ უფრო უსაფრხთო სივრცეს ქმნით, რათა იმავე გააკეთონ და შექმნან საზოგადოებისა თუ მხარდაჭერის კოლექტიური გრძნობა. 

  • ჩამოაყალიბეთ საკუთარ თავზე ზრუნვის მოდელი

ყველამ ვიცით ვარჯიშის, დასვენების, ჯანსაღი კვებისა და კარგი მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მაგრამ ინტენსიური სტრესის დროს, ეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თუმცა ამ დროს თავის მოვლაზე ნაკლებად ვზრუნავთ… ხოლო თუ თქვენი გუნდი დაინახავს, რომ დროს საკუთარ თავზე ზრუნვას უთმობთ, მეტად სავარაუდოა, რომ ისინიც ასე გააკეთებენ. გამოდის, თუ ასე არ მოიქცევით, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ მათგანაც იგივეს ელით. 

  • აჩვენეთ გამძლეობა

გაურკვევლობებთან ბრძოლა ხშირად უპასუხო კითხვებს წარმოშობს. ხოლო თუ სხვებს აჩვენებთ, როგორ ინარჩუნებთ საკუთარ პერსპექტივას უცნობთან შეჯახების დროს, მათ საკუთარი გამძლეობის გაღვიძებაშიც დაეხმარებით. ისინი ჩათვლიან, რომ თქვენ იცით და აკონტროლებთ იმაზე მეტს, ვიდრე აკეთებთ. ისაუბრეთ ღიად, როგორ უმკლავდებით ამ გაურკვევლობას და როგორ განასხვავებთ, რისი გაკონტროლება შეგიძლიათ და რისი, არა. 

რთულ დროს მართვის უნარი დიდებული ლიდერობის მანიშნებელიცაა. ეს ხშირად არც ინტუიციას ექვემდებარება. იმის ნაცვლად, რომ წამოიწყოთ ცოცხალი საუბრები, გუნდის გაერთიანების ღონისძიებები ან სასიამოვნო ვახშმები, ერთი ნაბიჯი უკან გადადგით და განიხილეთ უფრო ღრმა ემოციური გამოცდილებები, რომლებიც მძიმე დროის უკან გვხვდება ხოლმე. ყველაფერზე მეტად, თქვენს თანამშრომლებს სჭირდებათ იმის განცდა, რომ მათი გესმით და მხარს უჭერთ. მიეცით მათ ეს და ისინი იპოვიან გზას, რათა მოტივაციის უფრო მაღალ დონეებს მიაღწიონ.

წყარო: HBR



3 რამ, რისი სწავლაც ბავშვებისგან შეგვიძლია — ბობ დილანის რჩევები

10 კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც თქვენი ვებგვერდი უნდა აკმაყოფილებდეს!