in

თუ თავს დემოტივირებულად გრძნობთ, დაფიქრდით, როგორ ეხმარება თქვენი სამუშაო სხვებს

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია წარმოადგენს. თანაც, სამუშაოში ჩართული თანამშრომლები უკეთ მუშაობენ, ნაკლებად იფიტებიან და სამსახურშიც უფრო დიდხანს ჩერდებიან. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხოლო კომპანიებისთვის, რომლებიც დასაქმებულთა ჩართულობასა და მოტივაციაზე ზრუნავენ, ეს ბიზნესის წარმატების გარანტიც შეიძლება გახდეს — Gallup-ის მიხედვით, ამ დროს კომპანიების მოგება 23%-ით, პროდუქტიულობა 18%-ით, მომხმარებელთა ჩართულობა კი 10%-ით იზრდება. 

თუმცა დღეს ბევრი ადამიანი სამსახურში თავს ჩართულად მაინც არ გრძნობს. რა თქმა უნდა, ამის გამოსასწორებლად მრავალი გზაც არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მიზანზე ორიენტირებული სამუშაო კულტურის შექმნაა. აქ ერთი შეუმჩნეველი შესაძლებლობაც გვაქვს და ეს მომსახურებაა. ძალიან ცოტა რამ არის ისეთივე კარგი ფსიქიკური, სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორიც სხვების მსახურებაა. კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ სხვებისადმი მსახურება ჩვენს ცხოვრებაში მიზნისა და მნიშვნელობის შექმნის საფუძველი ხდება. მოხალისეობა კი ებრძვის სტრესსა და დეპრესიას, შესაბამისად, ზრდის ბედნიერებისა და თავდაჯერებულობის განცდას, რასაც, თავის მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოჰყვება შედეგად. თანაც, ჩვენ ყველამ ვიცით, როცა სხვებს ვემსახურებით, თავს უფრო სრულყოფილად, ბედნიერად, მოტივირებულად და ჩართულად ვგრძნობთ.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ სამუშაოში მსახურებისთვის უამრავი შესაძლებლობა აქვს. თუმცა მათი დანახვა ხშირად ჩვენთვის გამოწვევას წარმოადგენს… ჩვენი შესაძლებლობაა კონკრეტული სამუშაო ხელახლა აღვიქვათ, როგორც სერვისი და დავეხმაროთ კოლეგებს, ანალოგიურის გაკეთებაში. გონების მსგავსი ცვლილება ტრანსფორმაციულიც შეიძლება გამოდგეს. საინტერესოა ისიც, რომ სულ 6 ძირითადი ჯგუფი არსებობს, რომელთაც შეგიძლიათ ყოველდღიურად ემსახუროთ.

1. მომხმარებლები

დიახ, ყველა ბიზნესის საფუძველი მომხმარებელია — თუ იგი მას კარგად არ მოემსახურება, მაშინ ვერც წარმატებას მიაღწევს. თუმცა დღეს ბევრი ჩვენგანი მუშაობისას თავს მაინც მომხმარებლისგან დისტანცირებულად გრძნობს. მაგალითად, შესაძლოა, სამედიცინო მოწყობილობების კომპანიის ბუღალტერი, ვერასდროს შეხვდეს იმ ადამიანს, რომლის სიცოცხლეც სწორედ ამ მოწყობილობამ გადაარჩინა. ხოლო გზების პოვნა იმისათვის, რომ ეს მომხმარებლების სერვისი ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული ადამიანისა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

2. კოლეგები

ცხოვრების სრულყოფისა და ბედნიერების მოპოვებისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე პოზიტიური ურთიერთობების სიღრმე და მასშტაბი. თუმცა დღეს ბევრ სამსახურს სწორედ ასეთი ურთიერთობები აკლია, რაც ჩართულობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

რას მივიღებდით, თუ ყველა ადამიანი კომპანიაში გადაწყვეტდა, მომსახურებოდა კოლეგებს ზუსტად ისე, როგორც თავიანთ მომხმარებლებს ემსახურებიან? ალბათ, ასე მენეჯერები ისწავლიდნენ, როგორ გამოეხატათ მადლიერება უკეთ და როგორ შეემჩნიათ კარგი თანამშრომლები. აქ კი აზროვნების ცვლილების მნიშვნელოვანი ელემენტი ის არის, რომ კომპანიაში არსებულმა ყველა ინდივიდმა ყოველდღიურად სხვების მსახურება აირჩიოს. შედეგად, ურთიერთობების რევოლუციაც შეიძლება მიიღოთ, რაც ეგოცენტრულობისა თუ შეჯიბრის, წახალისებითა და მხარდაჭერით ჩანაცვლებას მოითხოვს.

3. საზოგადოება

ყველა ორგანიზაცია საზოგადოებაში არსებობს, იქნება ეს დიდი თუ პატარა ქალაქი, სამეზობლო, ქვეყანა თუ შტატი. კომპანიები, რომლებიც საზოგადოებაზე ორიენტირებულ მომსახურების პროგრამებს ახორციელებს, მრავალ სარგებელსაც იღებს. მათ შორისაა დასაქმების, განვითარების, ჩართულობისა და შენარჩუნების გაზრდილი მაჩვენებლები. ხოლო, როცა იგი თანამშრომელთა ინტერესებისა და მისწრაფებების ასახვისთვის არის შექმნილი, პროგრამები სამუშაო ძალაში უფრო დიდ მოტივაციას და საზოგადოებაში უკეთეს რეპუტაციას აჩენს. იმისათვის, რომ ეს პროგრამები ეფექტური გახდეს, ისეთი ნაბიჯები უნდა გადადგათ, როგორებიცაა, მნიშვნელობაზე პრიორიტეტის მინიჭება, ინტერესების დაბალანსება კორპორატიულ სტრუქტურასთან, დაინტერესებული მხარეების ჩართვა და ა. შ. 

4. კაპიტალი

ეს ჯგუფი ყველაზე რთულია… ადამიანთა უმეტესობისთვის ბიზნესის აქციონერები შორეულ და ხშირად საზიანო ძალად მიიჩნევა. თუმცა სინამდვილეში კაპიტალის უმეტესობა, რომელსაც საჯარო კომპანიები ფლობს, პენსიონერებსა და ფინანსური საჭიროებების მქონე ადამიანებს ეთმობა. ბევრი კერძო კომპანიაც ამგვარადაა აგებული. მართალია, ეს ვერასდროს იქნება ისეთი დიდი მოტივატორი, როგორიც ჩვენი მომხმარებლები ან კოლეგები არიან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მუშაობა თქვენივე მსგავსი ადამიანების ფინანსურ ოცნებებსა და მისწრაფებებს ემსახურება, რაც თავს უკეთ გაგრძნობინებთ იმ ღირებულების გამო, რომელსაც ქმნით. 

5. პარტნიორები და მოვაჭრეები

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც სხვა კომპანიის პროვაიდერი ან მოვაჭრე ყოფილა, იცის, რომ ამ როლის შესრულება რთულია. ხშირად ისინი, ვისაც მომხმარებლებივით ვემსახურებით, ჩვენით სარგებლობენ, უარგვყოფენ და იმედგაცრუებასაც ჩვენ მოგვაწერენ. თუმცა, როცა მომხმარებლები ვართ, გარკვეული უპირატესობა გვაქვს, რითაც მოვაჭრეებსა და პარტნიორებს ვუმკლავდებით… ხოლო ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ცნობილნი გახდებიან იმით, რომ საკუთარ პროვაიდერებს ემსახურებიან, პარტნიორებთან უფრო სასიამოვნო ურთიერთობებით მიიღებენ სარგებელს და ბაზარზე ჭეშმარიტად დიფერენცირებულ რეპუტაციასაც დაიმკვიდრებენ. დიახ, როცა ჩვენ ვმოქმედებთ იმისათვის, რომ ჩვენს პროვაიდერებს ვემსახუროთ, მათთან ურთიერთობით თავს უკეთაც ვგრძნობთ.

6. ადამიანები, რომლებიც გვიყვარს

ყველა რაღაც მიზეზით ვმუშაობთ… უმეტესობისთვის კი ეს ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის შესაძლებლობების გაჩენაა. ხოლო, ვისაც მეუღლე ან შვილი არ ჰყავს, საკუთარი მშობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების მხარდასაჭერად მუშაობს. ბევრი ადამიანი საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს მიზნებისა და იმ ორგანიზაციების მხარდასაჭერადაც იყენებს, რომლებზეც ძალიან ზრუნავს. რთულ დღეებშიც კი, თავი კომფორტულად შეგვიძლია ვიგრძნოთ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენი მუშაობა მსახურების აქტი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც გვიყვარს. 

ხოლო იმისათვის, რომ მსახურება ჩვენი სამუშაოსთვის ცენტრალური საკითხი გახდეს, იგი ყველაფერში უნდა ჩავრთოთ. ეს მოხალისეობრივი საათებით არ განისაზღვრება, არამედ იგი აზროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს, რომლითაც ყველა საქმიანობას მივუდგებით. ინდივიდები, რომელთაც ახსოვთ მსახურების ყოველდღიური შესაძლებლობები, უფრო ბედნიერები და კმაყოფილები იქნებიან. ხოლო კომპანიები, რომლებიც რეკლამირებას გაუწევს და კულტურის ცენტრშიც მოაქცევს მსახურებას, უფრო ჩართული და მოტივირებული სამუშაო ძალით მიიღებს სარგებელს.

წყარო: HBR



მოიპოვე 40%-იდან 100%-მდე დაფინანსება — ალტე უნივერსიტეტის შეთავაზება მომავალ მაგისტრებს

როგორ უნდა შეაყვაროთ მომხმარებლებს თქვენი ბრენდი?