დისტანციურად მუშაობის აქტუალობა და შესაძლებლობები სულ უფრო მატულობს. როგორც გამოთვალეს, აშშ-ში 3.9 მლნ ამერიკელი მუშაობს დისტანციურად და ეს რიცხვი მუდმივად მატულობს. ვარაუდობენ, რომ ის აშშ-ის მოსახლეობის, სულ მცირე, ერთ მესამედს მაინც მიაღწევს. დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა ახალი, საკმაოდ პერსპექტიული თანამშრომლების მოსაზიდად შესანიშნავი გზაა – მილენიალებს ძალიან მოსწონთ თავისუფალი არჩევანი ამ მხრივ. გამოკითხულთა 75%-მა აღნიშნა, რომ უპირატესობას ისეთ სამსახურს ანიჭებენ, სადაც დისტანციურად შეუძლიათ მუშაობა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი კითხვა ისაა, თუ როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს და ამგვარად, მათ სტაბილურ ეფექტურ მუშაობას შევუწყოთ ხელი. ეს ოთხი მიდგომა დაგეხმარებათ ასეთი თანამშრომლის მოტივირებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.
გამოიყენეთ ვიდეოზარები, სატელეფონო საუბრების ნაცვლად
დისტანციური სამუშაო უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს გუნდის ლიდერებისგან. მათ უხდებათ მოძებნონ გზა, რომ თვალი ადევნონ თანამშრომლის მუშაობას, მათ პროგრესს, ეფექტიანობას, პროდუქტიულობას… ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი არც ისე მარტივია სატელეფონო კომუნიკაცია. ამდენად, გირჩევთ, გამოიყენოთ ვიდეოზარები. ერთმანეთის ვიზუალური აღქმითა და ჟესტური ენის წაკითხვით, უფრო მარტივად შეძლებთ გაიგოთ, როგორია რეალური მდგომარეობა, რამდენად კმაყოფილია თანამშრომელი არსებული მდგომარეობით, შთაგონებულია თუ არა. თანაც, თქვენი დანახვა მას თქვენს ლიდერულ ენერგიას გადასცემს და კომპანიასთანაც უფრო მეტ შეხებას იგრძნობს. ვიდეოზარი ბევრად ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ აუდიალური კომუნიკაცია.
დაუსახეთ მკაფიო ამოცანები და პროდუქტიულობის ზუსტი საზომები
დისტანციური თანამშრომლები მიდრეკილები არიან, იმოქმედონ უფრო მოტივირებულად, როდესაც მათ აქვთ კონკრეტული შესასრულებელი ამოცანა და ეს არაა დამოკიდებული მათ ოფისში ყოფნა-არყოფნაზე. საინტერესოა, რომ ოფისში მომუშავე თანამშრომლები, როგორც წესი მნიშვნელოვნად ნელა მუშაობენ, მათ ხომ განსაზღვრული გრაფიკი აქვთ, როდემდეც შეუძლიათ იმუშაონ. დისტანციურ თანამშრომელს კი აქვს მოტივაცია, მკვირცხლად მიიყვანოს საქმე ბოლომდე და უფრო მეტი პროდუქტიულობა აჩვენოს სამსახურს. ამ ხილის ნაყოფი ტკბილია – თანამშრომელი გრძნობს მისი ყოველი სამუშაო დღის მკაფიო მიმართულებას.
აუმაღლეთ მოტივაცია, აკეთონ საქმე საუკეთესოდ, როგორც შეუძლიათ – მიეცით მარტივად აღქმადი დავალებები, გაუზიარეთ თქვენი მოლოდინები, რას ელით მათ მიერ შესრულებული სამუშაოდან. ყოველ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მისი სამუშაო გეგმის მკაფიო სურათი, ნაბიჯებად გაწერილი პროცესებით. ვიდეოზარებით საუბრისას აუცილებლად დაამატეთ შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა და შესასრულებელი საქმეები.
შექმენით კორპორაციული კულტურა, რომელიც თანამშრომლების კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული
აგრძნობინეთ თანამშრომლებს, რომ ისინი გუნდის წევრები არიან. შექმენით ურთიერთობები, რითაც ისინი კომპანიის ნაწილად იგრძნობენ თავს. მაგალითად: დანიშნეთ ვიდეოზარი ისეთ დროს, რომელიც მათი განრიგისთვის იქნება მოსახერხებელი. თუკი დიდი სხვაობაა დროით ზონებში, ეცადეთ, არ დაუფრთხოთ ძილი და არასამუშაო საათები.
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, სხვადასხვა რეჟიმით ხასიათდებიან, ზოგი პროდუქტიული უფრო დილაობითაა, ზოგიც – საღამოს. ეცადეთ, გაერკვიოთ, რომელი საათებია მათთვის ყველაზე ეფექტური და როგორია მათი ცხოვრების სტილი, რომ ხელი შეუწყოთ თავიანთი რესურსების საუკეთესოდ გამოყენებაში. ისინი აუცილებლად შენიშნავენ, როგორ ითვალისწინებთ მათ მონაცემებსა და მოთხოვნილებებს და იგრძნობენ, რომ მათზე ზრუნავენ, როგორც ღირებულ რესურსზე.
საინტერესოა, რომ გუნდური მუშაობის განცდაც სავსებით შეიძლება უზრუნველყოთ ასეთი ფორმატით მუშაობისას. თუნდაც, გაუწიოთ რეკომენდაცია მათთვის საინტერესო წიგნს, ესაუბროთ არასამსახურებრივ თემებზე, დაუმეგობრდეთ. ამგვარად, ადამიანებს ბედნიერად აგრძნობინებთ თავს.
მოძებნეთ გზები, დაუკავშიროთ თანამშრომლები ბიზნესის მთავარ მისიას
და ბოლოს, თუკი თანამშრომელი სულით ხორცამდე გრძნობს, რაზე მუშაობს, მისი მოტივაცია იქნება სრულიად ბუნებრივი. მისიის შეგრძნება ეტაპობრივად უნდა გაუღვიძოთ ადამიანს. ესაა სისტემატური სამუშაო საკითხი, თუმცა, ის მჭიდროდ აკავშირებს ადამიანს თავის საქმესთან. რა თქმა უნდა, ფიქრობთ, რომ საოფისე გარემოში ეს უფრო ადვილი იქნებოდა და იქნებ, ეს ასეცაა, თუმცა, იგივე შედეგამდე მისვლა სწორი კომუნიკაციითა და ღირებულების სწორად გაზიარებით შეგიძლიათ. დავალებების მიცემისას, დარწმუნდით, რომ თანამშრომელს მთლიანი ხედვა დაანახეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ სამუშაოს წინსვლისთვის, რა გზას ადგახართ ახლა და როგორ შეუძლიათ მათ ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება.
ეს მიდგომა მნიშვნელოვანია დაქირავებისასაც. დაუსვით ისეთი კითხვები, რაც მის საქმით დაინტერესებას დაგანახებთ – მათი პირადი მოტივები რამდენადაა კავშირში კომპანიაში მუშაობასთან? ასეთ შემთხვევაში, კანდიდატთან თავიდანვე მარტივი იქნება მუშაობა. ეს ოთხი გზა დაგეხმარებათ, აუმაღლოთ სამუშაო განწყობა თანამშრომელს და შთააგონოთ, გამოავლინოს შესაძლებლობები საუკეთესოდ.
წყარო: inc