26
Dec
2019

როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია გუნდს, სტრესის დროს?

26 Dec 2019

არის მომენტები, როდესაც საქმე ძალიან ბევრია და სრულ მობილიზებას საჭიროებს. იდეალურიი იქნებოდა, ასეთ დროს, ადამიანები მღელვარებითა და ენთუზიაზმით რომ იწყებდნენ მუშაობას, მომავლის ყოველგვარი შიშის გარეშე. რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ, როდესაც გუნდი ძალიან დატვირთულია და სტრესიც მეტისმეტად მატულობს? როგორ დაელაპარაკებით ადამიანებს ახალ პროექტებზე და კიდევ უფრო დიდ საქმეებზე, ისე, რომ ისინი სრულიად არ გადაიწვან და ამ სირთულეების გადასალახად ძალების მოკრება შეძლონ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ექსპერტების აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, სტრესი სეზონური დატვირთვითაა გამოწვეული თუ მოახლოებული დედლაინებით, ადამიანების კონცენტრირებულად და მოტივირებულად შენარჩუნება საკმაოდ ძნელია, როდესაც ისინი გადაწვის პირას არიან. საქმე ისაა, რომ ადამიანების უმრავლესობას უკვე აქვს საკმაო სამუშაო. ამიტომაც, როდესაც გუნდს სთხოვთ, აკეთონ კიდევ უფრო მეტი, ეს მათზე დამთრგუნველად მოქმედებს და არ გამოვრიცხავთ, არაადეკვატურ ქცევას. ამას გარდა, გაზრდილი სამუშაო ტემპები, განვითარებული ტექნოლოგიები ამ სამუშაოსაც უმატებს ადამიანებს და ისინიც კრიზისული პერიოდების წინაშე სულ უფრო ხშირად ჩნდებიან. თუკი კონცენტრაციას თანამშრომლებზე მოახდენთ და მშვიდად დაიჭერთ თავს, მათთვის ეს პერიოდი ბევრად შემსუბუქდება.

გაეცით დადებითი ენერგია. გასაგებია, რომ რთული პერიოდია, მაგრამ როგორც მენეჯერმა, აუცილებლად უნდა მიადევნოთ თვალი, როგორია თქვენი ემოციური ენერგია. თუკი შფოთიანობა და მღელვარება გაწუხებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახოთ ეს თქვენს გუნდს. თქვენ უნდა იყოთ თავდაჯერებული გამწევი ძალა. უნდა აჩვენოთ, რამდენად მოტივირებული ხართ და გაუზიაროთ ეს ენერგია სხვებსაც. დააკვირდით, რატომ შეიძლება მოსწონდეთ თანამშრომლებს ეს პროექტი და არც ის გამოგრჩეთ, რა სასარგებლო შესაძლებლობების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ის. დიახ, ეს აღმართ-დაღმართები საჭიროა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ გუნდმა გამარჯვება იზეიმოს, მეორე მხრივ იმიტომ, რომ გაძლიერდეს და განვიტარდეს. მაგრამ იცოდეთ, თუკი თანამშრომლებს მუდმივი ზეაქტიურობის რეჟიმში უწევთ მუშაობა, ისინი ვერ გაჩვენებენ პროდუქტიულობისა და ეფექტურობის მაღალ დონეს.

გამოხატეთ თანაგრძნობა. როგორც კი პირადად ჩაერთვებით სამუშაო პროცესში, აგრძნობინეთ თანაგრძნობა თანამშრომლებს. ნუ იტყვით: აი, ეს შედეგები, აი, ამ დროში უნდა მივიღოთ. ამის ნაცვლად, დაანახეთ, რა მნიშვენლობისაა ეს კონკრეტული სამუშაო და რა არის საბოლოო მიზანი. განსაზღვრეთ, როგორ გამოიყურება წარმატება. იყავით გუნდთან გულწრფელი და ნუ აარიდებთ თვალს მათ მიერ საქმისთვის დახარჯულ საღამოებს და უქმე დღეებს. უთხარით, რომ გესმით მათი მდგომარეობა და აგრძნობინეთ, რომ მათ გვერდით ხართ.

იფიქრეთ ნაბიჯებზე. დიდი სამუშაო ეტაპებად დაყავით, ისე, რომ გასაკეთებელი საქმე ძალიან საშიშად აღარ ჩანდეს. თითოეული ეტაპი მორიგი გამარჯვება იქნება გუნდისთვის და ეცოდინებათ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ მიზანს. თანაც, გზადაგზა შეამოწმებთ, სწორ გზას ადგახართ თუ არა. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორიც. იცოდეთ, რომ ყოველ ეტაპზე გუნდის ტემპი ერთი და იგივე შეიძლება არ იყოს, ამიტომ იზრუნეთ დროის ნორმალურ და ეფექტურ განაწილებაზეც და იმაზეც, როგორ გამოაცოცხლოთ გუნდი ნაბიჯიდან ნაბიჯამდე.

შესთავაზეთ ავტონომია. მიეცით გუნდს საშუალება, თავად დაგეგმონ თავიანთი დღე იმგვარად, რომ პროდუქტიულობის გაუმჯობესება შეძლონ. კრიზისების დრო პოლიტიკისთვის კი არა იმისთვისაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი სამუშაოს შესრულებას. თუკი გსურთ, რომ ადამიანები ჩართულები იყვნენ და პროცესის ნაწილად გრძნობდნენ თავს, ნუ გადაუღობავთ გზას.

ფრთხილად იყავით სტიმულთან. დაჯილდოება და სტიმული მთავარი სამოტივაციო ინსტრუმენტია. მათ გამოყენებას გირჩევთ პროცესშივე და არა მისი დამთავრების შემდგომ. მაგალითად, რომელიმე შუადღეს ნაყინით გაუმასპინძლდით გუნდს. ისე, დაჯილდოებას თავისი მინუსებიც აქვს. მაგალითად, თუკი გუნდს ეუბნებით, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ყველა შეძლებს დილას გამოძინებას, ამით პროცესს აჩქარებთ, მაგრამ ხარისხს რა ვუყოთ? ამიტომ, წახალისება გზადაგზა გაითვალისწინეთ და არა მხოლოდ ბოლოს.

მიაქციეთ ყურადღება წითელ ალმებს. თუკი ხელმძღვანელის პოზიციაზე ხართ, ე.ი. ადამიანების განწყობის წაკითხვა შეგიძლიათ. გამოიყენეთ ეს უნარი. თუკი თქვენი თანამშრომელი რთულ მდგომარეობაშია (ფიზიკურად ან ემოციურად), ეს უნდა შენიშნოთ. თუკი ის არ საუბრობს, ეს განგაშის ნიშანია. ამიტომ, ეცადეთ ალაპარაკოთ ადამიანები და გაიგოთ, სინამდვილეში რა აწუხებთ.

იყავით მისაწვდომი და მადლიერი. იყავით ხაზზე, თუკი დახურული კარის მიღმა იმყოფებით, თქვენსა და გუნდს შორის დისტანცია მნიშვნელოვნად იზრდება და უფსკრულიც იქმნება. თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ზურგს უმაგრებთ. იკითხეთ, ვის სჭირდება დახმარება? თქვენი კოლეგები თქვენს მონაწილეობას აუცილებლად დააფასებენ. თავისთავად ცხადია, რომ მათი შრომის საპასუხოდ, მადლიერებაც არ უნდა დაგავიწყდეთ. “მადლობა” – ერთი მარტივი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი ძალა აქვს.

 

წყარო: HBR



განხილვა