18
Dec
2019

ხშირად ის, რაც სასწრაფოა, აუცილებელი არ არის და პირიქით – ეთუნა მუნჯიშვილი

18 Dec 2019

ხშირად, რასაც ვნანობთ არის ის, რომ რაღაც ვერ მოვასწარით (ან ვერ ვასწრებთ) პრიორიტეტები სწორად ვერ განვსაზღვრეთ და იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მეტი დრო ვერ დავუთმეთ. ყოველდღიურად ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როცა ვხედავთ, ან ვგრძნობთ შედეგიანობის ნაკლებობას, ან/და დაშვებულ შეცდომებს, რაც პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრის შედეგია.

ამერიკის პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვიზიტისას თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: „მე მაქვს ორი ტიპის პრობლემა – სასწრაფო და აუცილებელი. სასწრაფო პრობლემები, რომელიც არ არის აუცილებელი და აუცილებელი პრობლემები, რომელიც არასდროს არის სასწრაფო“. ის მიუთითებდა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც აქტუალურ საკითხზე, რაც ყურადღების სწორად განაწილებას უკავშირდება. სტეფან ქოვეიმ შემდგომში ეს კონცეფცია განავრცო და ჩამოაყალიბა გადაწყვეტილებების მიღების მატრიცა, რომელიც დღეს საკმაოდ ცნობილი მეთოდოლოგიაა პროდუქტიულობის გასაზრდელად. 

ეს კონცეფცია ამბობს იმავეს, რომ ყოველდღიურობაში ის, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის სასწრაფო არ არის, ხოლო ის, რაც სასწრაფოა, ხშირად მნიშვნელოვანი არ არის. ვფუსფუსებთ, ვსაქმიანობთ, დაკავებული ადამიანების იმიჯი გვაქვს, მაგრამ რამდენად მოიტანს ეს მდგომარეობა მთავარ შედეგებს, რთული სათქმელია. ბუნებრივად, ადამიანები ყოველთვის უფრო სასწრაფო საქმეების „მსხვერპლნი“ არიან, რაც უფროდაუფრო აშორებს მათ მთავარ, ანუ მათთვის აუცილებელ საქმეებს.

ეიზენჰაუერის და ქოვეის მატრიცა 4 შემთხვევას ასახავს:

  1. სასწრაფოა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი – ძირითადად, ეს ის შეხვედრები, ზარები, მესიჯები, კონკრეტული აქტივობებია, რომელიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს, რასაც დრო მიაქვს და კონცენტრაციას გვაკარგვინებს. 

რეაგირება: დელეგირება .

  1. მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სასწრაფო – ძირითადად, ეს ეხება განვითარებას, ურთიერთობებს, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს, დასვენებას, ჯანმთელობასა და განტვირთვას. 

რეაგირება: დაგეგმვა და განხორციელება, დაჟინება.  

  1. არ არის მნიშვნელოვანი და არც სასწრაფოა – აქ შედის დროის გამყვანი ყველა აქტივობა, მათ შორის ე.წ. „სქროლინგი“, გადაცემები და სატელევიზიო შოუები, შოპინგი, თამაშები. 

რეაგირება: გადაჩვევა, ან შემცირება. 

  1. სასწრაფოა და მნიშვნელოვანია/გადაუდებელი – ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელი უკვე სასწრაფო გახდა. ძირითდად, ეს დგება კრიზისების, დედლაინების და მნიშვნელოვანი პრობლემების დადგომის დროს. 

რეაგირება: სწრაფი მოქმედება 

ყურადღების სწორად განაწილება ნებისმიერ საქმეში პროდუქტიულობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, პირადი იქნება ეს, თუ სამსახუროებრივი. რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანების ის კატეგორიაც, ვინც ამ საკითხს გააზრებულად არ უკვირდება და ისე აღწევს შედეგებს. სავარაუდოა, რომ მათ ან თანდაყოლილი ნიჭი აქვთ ყურადღების სწორად განაწილების, ან უბრალოდ უმართლებთ. ეს საკითხი აქტუალური ხდება მაშინ, როცა დატვირთვის დონე იმატებს, საქმეების რაოდენობა აჭარბებს ფიზიკურად იმ დროის მოცულობას, რაც გვაქვს. რამდენად იქნება ჩვენი საქმიანობა და აქტიურობა შედეგიანი, ყურადღების სწორი განაწილებით განისაზღვრება. 

მნიშვნელოვან ამოცანებს ჩვენს ცხოვრებაში თითქოს არ აქვთ დედლაინები, ხოლო პატარა საკითხებს კი მკაფიო და მოკლე დედლაინები აქვთ. ამბობენ, თუ გვინდა, რომ კრიზისები და პრობლემური შემთხვევები ნაკლებად დაგვიდგეს, მაშინ მეორე მდგომარეობას მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფოგანსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთ ამოცანებზე მუშაობა თითქოს უფრო არასასიამოვნოა, დისკომფორტის შემცველია და ხანდახან ყოველდღიურობაში მოუხერხებელიც კი. ეს კიდევ დამატებითი ფაქტორია, რატომაც არ ვაკეთებთ მათ. არადა, მათ მოაქვთ მთავარი შედეგები.

ვისაც გაქვთ ინტერესი, კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციები მიიღოთ ამ თემაზე, გირჩევდით Harvard Business Review-ს სტატიას. ავტორი ალის ბოიესი გამოყოფს რამდენიმე რეკომენდაციას, რაც შეიძლება ღირებული იყოს. 

სასურველია, მსგავსი მნიშვნელოვანი და არა სასწრაფო საკითხები გეგმაში გავწეროთ, ჩვენვე განვუსაზღვროთ დედლაინები და დაჟინებით ვეცადოთ მათ განხორციელებას. დროთა განმავლობაში ჩვენვე დავინახავთ განვითარებას და პროგრესს, რაც ამ საკითხზე კონცენტრირებამ მოგვიტანა. 

მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის საჭირო დრო შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს. ამისთვის, სასურველია, გამოვითავისუფლოთ იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე გვგონია, რომ სჭირდება. მაგალითად, მთელი დღე დავუთმოთ ასეთ აუცილებელ საკითხს. 

ხშირად ხდება ისე, რომ იმაზე დიდ მიზანს ვისახავთ, ვიდრე რეალურად შევძლებთ მის მიღწევას. ამიტომ ხშირად ისინი იდეად რჩება და ვერ ხორციელდება. საამისოდ კარგი გამოსავალი ყოფილა, მიზნის განახევრება, ან/და იმ დონემდე დაპატარავება, რეალურად განხორციელებადი რომ გახდეს.

უმნიშვნელო საკითხებზე დროის ხარჯვას ის შედეგი აქვს, რომ ის ართმევს დროს მნიშვნელოვან საკითხებს. თუ უმნიშვნელო საქმეები მინიმუმამდე შემცირდება, ეს გამოათავისუფლებს იმ ამოცანებზე მუშაობის დროს, რაც ჩვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია. 

სასურველია, არსებობდეს მზაობა იმისა, რომ ასეთ საკითხებზე მუშაობის, ან/და განხორციელების პროცესი არ იქნება სასიამოვნო, მოგვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და უსიამოვნო შეგრძნებების დათრგუნვა. დანებება ყველაზე ხშირი „გამოსავალია“ ამ დროს. 

და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრიორიტეტების მუდმივი კონტროლი. ხშირად გადავამოწმოთ, რამდენად გვინდა, ან გვეხმარება მიზნის მიღწევაში ის, რისთვისაც ვხარჯავთ დროს. ასეთ დროს კომპეტენტურ ადამიანებთან კონსულტაციებიც რეკომენდირებულია. 

 

საინტერესო იქნება თქვენგან გამოცდილების გაზიარება, როგორ გახადეთ თქვენი აუცილებელი საქმეები ყოველდღიურობის ნაწილი და რა არის ყველაზე ეფექტური გზები ამისთვის? 

 

ეთუნა მუნჯიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა