დაახლოებით, ერთი თვეა, რაც თბილისში მოტო – ტაქსის სერვისი არსებობს.
ლევან ეჯიბიშვილს მარტივად, მეგობართან ერთად გაუჩნდა იდეა მოტო–ტაქსის არსებობისა. ჯერ-ჯერობით ერთი მოტოციკლით ემსახურება დღის მანძილზე 2-3 მომხმარებელს და ამბობს, რომ ფასიც ჩვეულებრივ ტაქსიზე ნაკლებია.
”იდეა იყო მარტივი და ვთვლი, რომ კრეატიული. პირადად მე, ძალიან მიყვარს მოტოციკლის მართვა. 3- 4 წელია ვატარებ. პირველი რაც გავაკეთე, შევქმენით გვერდი ფეისბუქზე, მივუთითეთ ტელეფონის ნომერი. სწორედ ასე გვიკავშირდებიან მსურველები. ჯერ -ჯერობით გამოძახებები მხოლოდ დედაქალაქში გვაქვს. ჩვენი ტაქსი არის დაბალი სიმძლავრის ძრავის მქონე მოტოციკლი. მგზავრობის დაწყებამდე ვუხსნით მოტოციკლზე ჯდომის წესებს, რა თქმა უნდა, მგზავრი არ გადაადგილდება ჩაფხუტის გარეშე”.
თბილისში მოტო-ტაქსით დღეს არც თუ ბევრი ადამიანი სარგებლობს. საშუალოდ, დღეში 2-3 გამოძახება აქვთ. ნიკა ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მათი კლიენტები, ძირითადად ისინი არიან, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლეს ამ ტაქსის მომსახურებით. ჯერ-ჯერობით, სარეკლამო კამპანია არ გააჩნიათ და მომხმარებლების რაოდენობა ერთმანეთისთვის ინფორმაციის გადაცემით იზრდება.
”თავიდან არც გვიფიქრია, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა. ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი მომსახურებით. კიდევ უფრო მეტი ცნობადობისთვის, არ არის გმორიცხული უფრო აქტიური სარეკლამო კამპანია ვაწარმოოთ. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ სოციალურ ქსელში, ჩვენს გვერდზე გვაქვს მითითებული ჩვენი ნომერი”.
ქსელის გაფართოებას არ გაგმავენ. თუმცა, თუ მოთხოვნა იქნება, მოტოციკლებისა და მძღოლების რაოდენობასაც გაზრდიან. ამ ეტაპზე, საუბარი მხოლოდ თბილისის მასშტაბზეა და სხვა ქალაქებში ამავე მომსახურების შეთავაზება, ჯერ ნაკლებად სავარაუდოა.
მოტო – ტაქსის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ პოპულარულია. ტაილანდის, შვედეთის, ფილიპინების, ინდონეზიის, ინდოეთის, კამერუნის, კამბოჯას, ჩინეთის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად საქართველოშიც შესაძლებელია მოტოციკლის ტაქსით სარგებლობა.