23
Dec
2019

Motorola-მ დასაკეცი სმარტფონის გამოშვება, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადადო

23 Dec 2019

Alta
Alta


დაახლოებით, თვენახევრის წინ, Motorola-ს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბრენდის კლასიკური დიზაინის დასაკეცი სმარტფონი სახელად Razr ბაზარზე 2020 წლის იანვარში გამოჩნდებოდა. თუმცა, როგორც გამოცემა The Verge წერს, ბრენდმა სმარტფონის გამოშვება გადადო. როგორც ჩანს, ამ ნოსტალგიისაღმძვრელ სმარტფონზე მოთხოვნა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ბრენდი ელოდა, რადგან Motorola-მ როგორც Razr-ის გამოშვების დრო გადადო, ასევე, წინასწარ შეკვეთებზეც უარი თქვა. აქამდე ცნობილი იყო, რომ სმარტფონის წინასწარი შეკვეთა 26 დეკემბრიდან გახდებოდა შესაძლებელი. 

Motorola-ში არ საუბრობენ სმარტფონის გამოსვლის ახალ თარიღზე, თუმცა, სავარაუდოდ, Razr-ის მომლოდინეებს 2021 წლამდე ლოდინი ნამდვილად არ მოუწევთ. აღსანიშნავია ისიც, რაზეც რამდენიმე თვის წინ ვწერდით – ისეთი კომპანიები, როგორიცაა „სამსუნგი“, „ჰუავეი“, თუ Google, აქტიურად ცდილობენ დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას, თუმცა, ისინი ხშირად, დასაკეც ეკრანთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან და მათ გადაჭრაზე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება Motorola-ს ამ ფორმით დაბრუნება ტელეფონების ბაზარზე, უფრო კი, „მოტოროლას“ პირველი ნაბიჯები დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრიაში. სხვა მხრივ, შეგვიძლია Razr-ის გამოშვების თარიღის გადაწევა იმ გამოწვევებითაც ავხსნათ, რაც დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრიას ამჟამად აქვს. „მოტოროლა“ კი, ამ კუთხით, ახალი მოთამაშეა. 

განხილვა