კარიერის ცნება ისტორიულად სწრაფ წინსვლასთან ასოცირდებოდა, თუმცა წლების განმავლობაში ის ერთი მიმართულებით სტაბილურ სვლას აღნიშნავს. დღეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი პროფესიის ერთგულება წარსულის რელიქვიად იქცა. კითხვა, თუ ვინ უნდა გამოვიდეს ადამიანი მომავალში, ეფუძნება ილუზიას, რომ ცხოვრების წინასწარ მკაცრად დაგეგმვა შესაძლებელია. თანამედროვე ახალგაზრდები პროფესიულ მიმართულებებს ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე, ზოგჯერ რადიკალურად შეიცვლიან და სწორედ ეს ცვალებადობა გახდება მათი წარმატების საფუძველი. ამ რეალობის მისაღებად საგანმანათლებლო სისტემამ სამი ფუნდამენტური მიდგომა უნდა გაითვალისწინოს.
პროფესიული ტრანსფორმაციის გარდაუვალობა
ევროპასა და ავსტრალიაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ თანამედროვე კარიერული გზა არახაზოვანი გახდა, რაც მრავალჯერად პროფესიულ გადასვლებსა და საქმიანობის სფეროს რადიკალურ ცვლილებებს მოიცავს. ახალგაზრდებს აღარ სურთ ვიწრო ჩარჩოებში მოქცევა, რადგან მრავალმხრივობა მათ შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანსა და ბედნიერს ხდის. ზოგიერთი მიმართულებას იძულებით იცვლის ინდუსტრიების გაქრობის ან ტექნოლოგიური პროგრესის გამო, ბევრი კი ამ არჩევანს შეგნებულად აკეთებს.
სირთულე ის გახლავთ, რომ ადამიანები ამ გზას მარტო, ინტუიციურად გადიან, რადგან საგანმანათლებლო სისტემა ისევ ძველ დროშია ჩარჩენილი და სტუდენტებს ერთი მუდმივი იდენტობისთვის ამზადებს. საჭიროა ახალგაზრდების აღჭურვა მუდმივი თვითგადარჩენის უნარით – მოქნილობით, ცნობისმოყვარეობით, სწრაფი სწავლის შესაძლებლობითა და სამეწარმეო აზროვნებით. განათლებამ ადამიანს უნდა მისცეს ინტელექტუალური თავისუფლება, რათა ბიოლოგიიდან ბიზნესში, ხელოვნებიდან ინჟინერიაში ან კორპორაციიდან დამოუკიდებელ საქმიანობაში გადასვლა შიშისა და სირცხვილის გარეშე მოხდეს. კარიერის ცვლილება მარცხი კი არა, თვითშემეცნებისა და ევოლუციის ღირსეული ეტაპია. ამას ემატება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების შრომითი აქტივობა შესაძლოა ათწლეულებით გაგრძელდეს და ძველი მოდელები ამ მასშტაბს ვეღარ მოერგება.
მულტიდისციპლინური აზროვნება
ვიწრო სპეციალიზაციამ საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა, როდესაც სკოლებმა ისეთი თანამშრომლების გამოზრდა დაიწყეს, რომლებმაც თითქმის ყველაფერი იციან უმნიშვნელო დეტალების შესახებ. ისტორიის უდიდესი შემოქმედები და ნოვატორები არასდროს ყოფილან მხოლოდ ერთი საქმის ექსპერტები. ლეონარდო და ვინჩი მხატვარი, ინჟინერი, ანატომი და გამომგონებელი გახლდათ, ადა ლავლეისი ერთდროულად მათემატიკოსი და პოეტი იყო. მათ საკუთარი გზები თავად შექმნეს.
უნივერსიტეტებში ვიწრო სპეციალობის იძულებითი არჩევანი ხშირად სტუდენტების შფოთვასა და მოწყენილობას განაპირობებს. საგანმანათლებლო გარემომ უნდა წაახალისოს განსხვავებული სფეროების კვლევა, მოულოდნელი იდეების დაკავშირება და ინტერესის თავისუფალი გაყოლა. ბუნებრივი უნდა გახდეს სტუდენტის ერთდროული დაინტერესება მეცნიერებით, ხელოვნებით, სოციოლოგიით, ბიზნესითა და ფიზიკით. ეს მიდგომა აყალიბებს ლატერალურ აზროვნებას, რაც ადამიანს უნიკალური კანონზომიერებების დანახვისა და მოულოდნელ გარემოში წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. მომავლის სისტემაში ინჟინრები ფილოსოფიას უნდა სწავლობდნენ, პოეტები კვანტურ ფიზიკასა და ქცევით ეკონომიკას ეცნობოდნენ, ბიზნესის შემსწავლელები კი ფსიქოლოგიას ეუფლებოდნენ, რაც უფრო გააზრებულ და პასუხისმგებლიან საზოგადოებას ჩამოაყალიბებს.
ყველა სახის შრომის თანაბარი დაფასება
თანამედროვე სისტემამ პროფესიების იერარქია შექმნა, სადაც საზოგადოებრივ სტატუსს უნივერსიტეტის დიპლომი და შემოსავლის ოდენობა განსაზღვრავს. ეს კულტურული შეცდომაა. ახალმა მიდგომამ წერტილი უნდა დაუსვას ოთხწლიანი საუნივერსიტეტო ხარისხის გადაჭარბებულ გაფეტიშებას და აღიაროს, რომ ღრმა ინტელქტი ხელით შრომაში, ხელოსნობასა და პრაქტიკულ ოსტატობაშიც დევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფაქტების მექანიკურ დაზეპირებაზე აგებულ საქმიანობას ეტაპობრივად ანაცვლებს.
აკადემიურ და პროფესიულ განათლებას შორის ხელოვნური ზღვარი უნდა წაიშალოს. ნებისმიერი პატიოსანი შრომა იმსახურებს პატივისცემას და თითოეულ მათგანს განათლება მხოლოდ აძლიერებს. ფიზიკის მცოდნე მექანიკოსი პრობლემებს უკეთ აგვარებს, ეთიკაში განსწავლული პროგრამისტი უფრო გამართულ კოდს წერს, ხელოვნების მოყვარული ექთანი კი პაციენტებთან მეტ თანაგრძნობას ავლენს. როდესაც საგანმანათლებლო სივრცე ადამიანის ღირებულებას მხოლოდ ფულის გამომუშავების უნარს ჩამოაშორებს, საზოგადოება მიიღებს მრავალმხრივ, ცნობისმოყვარე და თავისუფალ პროფესიონალებს.
წყარო: Fastcompany












