წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ინტერვიუერები კანდიდატებს მხოლოდ მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ეკითხებოდნენ. დღეს, დამსაქმებლებსა და დაქირავების მენეჯერებს სურთ შეაფასონ, თუ როგორ ფიქრობენ კანდიდატები და როგორ წყვეტენ სამუშაოსთვის დამახასიათებელ პრობლემებს. კანდიდატის შესაძლებლობების შესაფასებლად, ხშირად სვამენ ინტერვიუს „სიტუაციურ“ ან „ქცევით“ კითხვებს, რომლებიც იწყება მოთხოვნით, როგორიცაა: „შეგიძლიათ მითხრათ დროის შესახებ, როდესაც…“ ან „რას გააკეთებდით, თუ..?“
იმისათვის, რომ სიტუაციურ ინტერვიუს თავდაჯერებულად გაუმკლავდეთ, ეს რჩევები გამოგადგებათ:
გამოიყენეთ ნაცადი ფორმატი
წარსული გამოცდილების განხილვისას, ყოველთვის უპასუხეთ STAR(T) ან CARL მეთოდის გამოყენებით. STAR(T) აღნიშნავს სიტუაციას, ამოცანას, მოქმედებასა და შედეგს. T არის Takeaway. CARL აერთიანებს კონტექსტს, მოქმედებას, შედეგსა და სწავლას. თქვენი პასუხების ჩასმა ერთ-ერთ ამ სტრუქტურირებულ ჩარჩოში არსებითი ინფორმაციის მოკლედ გადმოცემაში დაგეხმარებათ.
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ შეესაბამება თქვენი გამოცდილება სამუშაოს აღწერილობა
ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომელიც საოპერაციო დირექტორის როლზე გადასვლას ცდილობს, მთელი თავისი კარიერა იურიდიულ სფეროში გაატარა. საინტერესოა, რომ მისი გამოცდილება სცილდება იურიდიულ სფეროს. როგორც ფირმის აქციონერი, ის აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ოპერაციულ ფუნქციებში, მათ შორის სტრატეგიულ დაგეგმვაში, P&L მენეჯმენტში, ობიექტების მენეჯმენტში, ტრენინგებში და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტებში ჩართვაში.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები შეადგენდა მისი, როგორც ადვოკატის საერთო პასუხისმგებლობის მხოლოდ 5%-ს, მისი ყველა სიტუაციური ინტერვიუს პასუხი ხაზს უსვამდა მის ცოდნას საოპერაციო საკითხებში. რაც მთავარია, მან ოსტატურად ჩამოაყალიბა აზრი ინტერვიუერისთვის, ასახა, თუ როგორ ემთხვევა მისი მრავალფეროვანი გამოცდილება სამუშაოს აღწერილობაში მოცემულ მოთხოვნებს. სწორედ ესაა სიტუაციურ კითხვაზე სწორი რეაგირება.
მოარგეთ თქვენი ისტორიები თქვენს მსმენელებს
გაითვალისწინეთ თქვენი აუდიტორია, როდესაც განსაზღვრავთ რა დეტალი უნდა დაამატოთ თქვენს ნაამბობს. მაგალითად, შეგიძლიათ გაამარტივოთ ტექნიკური ენა დამსაქმებლის შესაბამისად, მაგრამ შეიტანოთ ტექნიკური დეტალები HR მენეჯერისთვის, რომელსაც სურს იცოდეს, რომ თქვენ ასრულებთ სამუშაოს და არ ხართ მხოლოდ მასზე ზედამხედველი. შეცვალეთ თქვენი თხრობა ინტერვიუს პროცესში, იმის მიხედვით, ვისთან ესაუბრებით.
დაიცავით ორი წუთის წესი
ეცადეთ, რომ თქვენი ყველა პასუხი ორ წუთზე ნაკლებ დროში ჩატიოთ. ინტერვიუერები უარს ამბობენ კანდიდატებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ მარტივად კომპლექსური ინფორმაციის გადმოცემა ან საჭირო/არასაჭირო ინფორმაციების გამიჯვნა. ამიტომ დაუთმეთ დრო ამ უნარებზე მუშაობას, რათა თქვენი პასუხები იყოს მკაფიო და კონკრეტული.
ითხოვეთ უკუკავშირი
პასუხის გაცემის შემდეგ, აუცილებლად ჰკითხეთ ინტერვიუერს, გასაგებად გაეცით პასუხი მის კითხვას თუ არა. ჰკითხეთ, დამატებითი დეტალების ჩაშლა ხომ არ არის საჭირო. თუკი ინტერვიუერი დამატებით კითხვას დაგისვამთ, ყურადღებით მოუსმინეთ და 3-5 წინადადებაში ჩაატიეთ დამატებითი ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია სიტუაციურ კითხვებზე პასუხების მომზადება – მაგალითად, გაიხსენეთ, როგორ მოაგვარეთ დიდი პრობლემა, დააკავშირეთ დაინტერესებული მხარეები პროექტში, მოახდინეთ გავლენა ვინმეს აზროვნების შეცვლაზე, იმუშავეთ რთულ პიროვნებებთან ან დააწესეთ მცირე დედლაინი. იმის ცოდნა, თუ როგორ მიუდგებით გავრცელებულ სიტუაციურ კითხვებს, დაგეხმარებათ იყოთ მშვიდად და ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ გაქცევთ თქვენი უნიკალური ძლიერი მხარეები და გამოცდილება ამ სამუშაოს შესაბამის კანდიდატად.
წყარო: HBR