კომპანია Movistar-მა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ავტომობილის მართვის დროს სმარტფონით სარგებლობის წინააღმდეგ მიმართული თავისი პრინტ კამპანია გააცნო, ამჯერად ამავე პრობლემაზე უკვე ვიდეორგოლსაც აქვეყნებს. საკმაოდ ეფექტური, 50წამიანი რგოლი, რომელზეც სააგენტო Dhélet Y&R-მა იმუშავა, მაყურებელს იმ შეგრძნებებსა და ემოციებს ახსენებს, რაც ახალი, ძვირფასი სმარტფონის შეძენას ახლავს თან. მოვლა, რეგულარულად წმენდა, ხელისგულზე ტარება ალბათ, არცერთია უცხო. თუმცა, სმარტფონით აღფრთოვანება შესაძლოა საკმაოდ ცუდი შედეგის მომტანიც გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მისით ტკბობა ავტომობილის მართვისას ხდება. სწორედ ამიტომ, თუ ამდენმა კამპანიამ მაინც ვერ მიაღწია იმ შედეგამდე, რომ საზოგადოება საკუთარი და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილების აუცილებლობაში დაარწმუნოს, მაშინ იქნებ სმარტფონებზე ზრუნვამ მაინც მოახდინოს გავლენა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ძვირადღირებული სმარტფონიც არანაკლებ ზიანდება.