in

მოვლენათა ტურიზმი – მომავლის ტრენდი (ნაწილი 3)

მოვლენათა ტრიპტიქი”: ანალიზი მოიცავს სამ სტატიას: 2016წ. აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წინა სტატიაში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ”მოვლენათა” ტურიზმის ჭრილში, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნება, ხოლო ზოგიერთ სახელმწიფოში – უფრო მოკრძალებულად, პრაქტიკულად შეუმჩნევლად. ვაგრძელებთ საუბარს ქალაქ ფოთის (საქართველო) დღესასწაულ ფაზისობაზე.

театр

როგორც უკვე იცით, მიმდინარე წელს ქალაქ ფოთის დღესასწაულს, რომელსაც ფაზისობა ეწოდება, ჰქონდა თავისი გამორჩეული სახე, იყო განუმეორებელი, განსხვავდებოდა წინა წლებში ჩატარებული დღესასწაულებისგან, რადგანაც მის მიზანს, წარმოადგენდა დღესასწაულის ტურისტული მიმართულების რელსებზე გადაყვანა, მისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება და თავისი ღირსეული ადგილის მოპოვება საქართველოს შავიზღვისპირეთის სხვა დღესასწაულებს შორის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, ქალაქის ხელმძღვანელობის, მერიისა და საკრებულოს მხრიდან ინტერესის გამოჩენის გარეშე.

აღარ გავიმეორებთ, რომ ე.წ. მოვლენათა ტურიზმი დღეს (რომელთა რიცხვს განეკუთვნება ქალაქების დღესასწაულები) არამხოლოდ პერსპექტიული და დინამიურად განვითარებადი სეგმენტია მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, არამედ ეფექტური ინსტრუმენტია კონკრეტული ტერიტორიის, ქვეყნის, რეგიონის, ადგილის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ქალაქი ფოთი და მისი გარეუბნები.

დღესასწაულმა ჩაიარა, რა იქნება შემდეგ?! როგორია ქალაქ ფოთში ამ დღესასწაულის 2017  და შემდგომ წლებში ჩატარების მოლოდინი?! როგორ გავხადოთ ეს დღესასწაული უნიკალური, როგორ მოვიფიქროთ ტურისტული ტურები, რომელიც გააერთიანებს ტრადიციულ დასვენებას და სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას?! როგორ ავუწყოთ ფეხი დროს?! რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღესასწაულმა თანდათან მოიპოვოს მეტი პოპულარობა?!

მოვლენათა ტურიზმი არის შედარებით ახალგაზრდა და ძალზედ საინტერესო მიმართულება მსოფლიო ტურიზმში. მოვლენათა ტურიზმის შემთხვევაში, ტურის ძირითადი არსი დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან. ვისურვებდი, რომ ფაზისობის ორგანიზატორებმა შექმნან დღესასწაულის განუმეორებელი ატმოსფერო, განუმეორებელი პროგრამა და დღესასწაულის გამორჩეული სახე, რომ დამსწრეებმა მიიღონ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და გაუჩნდეთ სურვილი, როგორც მინიმუმ, შემდეგ წელს, ისევ დაბრუნდნენ აქ და კვლავ მრავალჯერ ჩამოვიდნენ ამ დღესასწაულზე დასასწრებად.

მიმდინარე (2016) წელს დღესასწაულის სამზადისსა და მის ჩატარებაზე დაკვირვების შედეგებით, გვინდოდა გაგვეკეთებინა დასკვნები მათი შემდგომი გააზრებისთვის და მომავალ წელს მასში ცვლილებების შესატანად:

1) დღესასწაულის სახელი, ფაზისობა, მიუხედავად მის წარმოშობასთან დაკავშირებული სადაო საკითხებისა, უნდა დარჩეს უცვლელი, რადგანაც ამ სახელს აქვს მრავალწლიანი ისტორია და  სწორედ ამ სახელით არის აღბეჭდილი ის მრავალი თაობის მეხსიერებაში. (2-3 თაობა) მისი საწყისები ჯერ კიდევ დაკავშირებულია საბჭოთა პერიოდთან (70-იანი წლები). მიგვაჩნია, რომ არ აქვს აზრი მის შეცვლას ფოთობაზე ან კიდევ რაიმე სხვა სახელზე.

2) დღესასწაულის დაგეგმვა და მისი ბიუჯეტში შეტანა უნდა მოხდეს ერთი წლით ადრე, ე.ი. 2016 წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს 2017 წლის დღესასწაულის ჩატარების გეგმა, მისი ნიუანსების და სხვა დეტალების შემუშავება, იმისათვის, რომ ბიუჯეტში ასახული იყოს არა მხოლოდ თანხა, არამედ ”შინაარსიც”, თუ რაში დაიხარჯება ეს თანხა.

3)  უნდა მოხდეს სხვა ქალაქის დღესასწაულების საგულდაგულო ანალიზის ჩატარება, რომ არ განმეორდეს სხვა ანალოგიური დღესასწაულების ჩატარების არც ფორმატი, არც სიუჟეტი და არც სტილი. მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების დღესასწაულები, ისეთები როგორებიცაა ბათუმობა, ქობულეთობა, და განსაკუთრებით სარფობა (კოლხობა), რომლებიც ძალიან ჰგვანან ფაზისობის დღესასწაულს თავისი ფორმატით.

4) მუშაობა შემდეგი წლის სიუჟეტზე, მთავარი ხაზის, უნიკალური ელემენტების გამოსაყოფად, აგრეთვე მოცემული დღესასწაულის პოპულარიზაცია მიზნობრივ აუდიტორიაში უნდა დაიწყოს დღესასწაულებამდე ერთი წლით ადრე.

5) ქალაქის სტრუქტურებმა (კულტურის განყოფილება) 2017 წლის დასაწყისში უნდა გამოაცხადონ ტენდერი დღესასწაულის ჩატარებაზე, იმისათვის, რომ იყოს გონივრული ვადა ტენდერის ყველა წესის დაცვით ჩატარებისთვის, დარჩეს შესაბამისი დრო გამარჯვებულ კომპანიას, რომ მან შეძლოს დამშვიდებულ რეჟიმში განახორციელოს ქალაქში ტენდერში მითითებული ყველა პუნქტი. მაგალითისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ პუნქტმა (ტენდერის დაგვიანებული გამოცხადება) გამოიწვია ის, რომ უკვე ზედიზედ მეორე გამარჯვებულმა კომპანიამ მერიასთან ხელშერკულებას ხელი მოაწერა მოვლენამდე სამი დღით ადრე, რაც თავისთავად იწვევს ორგანიზატორების სტრესულ მდგომარეობაში მუშაობას. ასეთი შეცდომის შედეგად, არ იყო ჩატარებული დღესასწაულის სრულყოფილი ანონსირება ადგილობრივ მოსახლეობაში, არ იყო დარიგებული ფლაერების საკმარისი რაოდენობა პროგრამის აღწერით და ღონისძიებების მითითებით, ასევე ცოტა დრო იყო დარჩენილი ფლაერების დასარიგებლად მოსაზღვრე საკურორტო ქალაქებში.

6) და ყველაზე მთავარი დასკვნა, ღონისძიების ჩატარებით უნდა იყოს დაკავებული ან event-კომპანია, ან მენეჯერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება ადგილობრივი სტრუქტურების მართვის უფლებამოსილები (როგორებიც არის კულტურის, სპორტის, რესურსების დეპარტამენტი და სხვა) დღესასწაულის მომზადების და გეგმის რეალიზაციის პერიოდში.

7) საკითხი ადგილობრივი კოლექტივების (სამხატვრო კოლექტივები, ფოლკლორული კოლექტივები, მწერლები, ოპერატორები, მსახიობები და სხვა) დამატებითი დაფინანსების შესახებ გამოყოფილ უნდა იყოს ცალკე, რადგანაც ასეთი კოლექტივების მუდმივად ანაზღაურების გარეშე მონაწილეობა არ იწვევს მათში მონაწილეობის მოტივაციის ფაქტორს. მათი გარანტირებული ანაზღაურების არ არსებობამ შეიძლება ღონისძიების ჩატარების დღეს წარმოქმანს პრობლემები  ”ერთი საათით ადრე” – მათ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ მიღების საკითხზე,  რაც დაუშვებელია.

8) ასეთი ღონისძიება საშუალებას იძლევა განხორციელდეს შესაბამისი სიმბოლოთი და ემბლემებით გამოხატული სუვენირების და სხვა მსგავსი პროდუქციის პირდაპირი გაყიდვის ორგანიზირება, მათი მიმდინარე ღონისძიების თემასთან და ფორმატთან ლოგიკური ”დაკავშირებით”, რაც ასევე უნდა გაკეთდეს 2017 წელს.

9) 2016 წელს ასევე არ არის გადაწყვეტილი სპონსორების საკითხი. არ არის გადაწყვეტილი, თუ როგორ ”გაიყიდება” დღესასწაულის აქტიური ზონის ტერიტორია მსურველთათვის, რომ მიღებულ იქნას დამატებითი სახსრები ამ ღონისძიებიდან და რომ მოხდეს ამ სახსრების გამოყენება  დანიშნულებისამებრ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს დღესასწაულის პოპულარიზაცია როგორც event მოვლენა:

  1. აუცილებელია, საბოლოოდ დადგინდეს დღესასწაულის თარიღი, რომელიც შეუცვლელი იქნება მომდევნო პერიოდში.
  2. ღონისძიების ჩატარების თარიღის დადგენა იძლევა საშუალებას მოვლენათა ტურიზმით დაინტერესებულმა ტურისტულმა ჯგუფებმა წინასწარ სწორად დაგეგმონ ტურები და ჩამოვიდნენ საქართველოში. ტურისტულ ფირმებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ა) ღონისძიება ჩატარდება, ბ) წინასწარ ცნობილია თარიღი, გ) ღონისძიების გეგმა უცვლელია, შემუშავებულია ან წინასწარ არის ანონსირებული, მხოლოდ ამ შეთხვევაში ტურისტული კომპანიები დაიწყებენ წინასწარ ანონსირებას და ტურების გაყიდვას კონკრეტულ მოვლენაზე ან სხვა მიმართულების ტურებს დაუკავშირებენ ამ მოვლენას.  ინფორმაციის განთავსება შესაძლებელია საინფორმაციო საიტზე www.gnta.ge  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ.
  3. საჭიროა საიტის შექმნა (ან სხვა წყაროს შექმნა ინტერნეტ სივრცეში) ან ამორჩეულ იქნას რამოდენიმე საიტი (ფორუმი, ფეისბუქი, სხვა) სადაც იქნება განთავსებული ინფრომაცია სხვადასხვა ქალაქებში დღესასწაულების შესახებ და მოხდეს ამ ინფორმაციის მუდმივი განახლება. უნდა მოიძებნოს საშუალება, რომ მოხდეს ღონისძიების ანონსის გამოქვეყნება მოვლენამდე არაუგვიანეს 7-8 თვით ადრე.
  4. აქედან გამომდინარე, ვთავაზობ ტურიზმის სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, საქართველოში ტურიზმის განვითარების საზოგადოება, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და სხვა) ხელი შეუწყონ დღესასწაულის ჩატარების ანონსირებას და განათავსონ თავიანთ ვებგვერდზე რეგულარული ინფორმაცია მასზე, სრულიად უფასოდ.     
  5. ჩატარდეს კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება მოვლენათა მარკეტინგზე, რომელსაც ექნება ”ხანგრძლივი ეფექტი”, რადგანაც ის დაიწყება მოვლენამდე დიდი ხნით ადრე ანონსების, აფიშების განთავსების, მოსაწვევების დარიგების, პრეს-კონფერეციების ჩატარების სახით და გაძლიერდება მოვლენის წინა პერიოდში, აგრეთვე გაგრძელდება დასკვნით გამოსვლებში, პრეს-კონფერეციებსა და მედია საშუალებებში პუბლიკაციების გამოქვეყნებით.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ მოცემული მოვლენა თვითონ გახდეს ბრენდი, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვიყენოთ ის ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის განვითარების შემდგომი სტრატეგიის შესამუშავებლად. დღევანდელი საქართველოს პირობებში ვერ ვხედავ უფრო სერიოზულ ამოცანას, ვიდრე მოცემული საკითხია, რაც გამოიწვევს ტურისტების ნაკადის გაზრდას, ქვეყანაში მათ პოტენციურ დანახარჯებს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნის ტურისტული საქმინობიდან მიღებული პროცენტის გაზრდას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ).  

საერთაშორისო დღესასწაულები ყოველთვის აერთიანებდა და აერთიანებს ადამიანებს, შლის კულტურული განსხვავებულობის საზღვრებს და ჩუქნის უამრავ დადებით ემოიციებსა და კარგ განწყობილებას. ასეთი დღესასწაულების უნიკალურობა ისაა, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი და საერთაშორისო დღესასწაულების სრულუფლებიანი წევრი. გვჯერა, რომ ასეთ დღესასწაულად იქცევა ქალაქ ფოთის დღესასწაული – ფაზისობა, რომელსაც აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გარკვეულწილად გახდეს მოვლენათა ტურიზმის ტურისტულ ”ვარსკლავი”. ხოლო ტურიზმის რა სახეობაა ეს? კონკრეტულად, რას უნდა ველოდოთ? მოდით, დავტოვოთ ეს საიდუმლოდ, იმისათვის, რომ ამ სტატიის მკითხველებმა უკვე დამოუკიდებლად მოიძიოთ ინფორმაცია ფაზისობა 2017-ის შესახებ და 2017 წლის ზაფხულში ჩამოხვიდეთ ფოთში მასზე დასასწრებად. მანამდე კი ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი:

 

ავტორი:  ნანა ტაბიძე



ანა კოშაძე – #პირველისამსახური

ნინი ლონგურაშვილი – #პირველისამსახური