როდესაც მეგობარი, პარტნიორი, ოჯახის წევრი ან თანამშრომელი ნერვიულობს, ალბათ, გაინტერესებთ, რა არის საუკეთესო გზა მათ გასამხნევებლად. გონებაში კი ბევრი ვერსია მოგდით — საუბარი, შოკოლადი, ფილმი… ექსპერტები ამბობენ, რომ იდეალური მიდგომა ადამიანისა და კონტექსტის მიხედვით განსხვავდება. თუმცა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დამშვიდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა საუბრის დაწყებაა.
აშკარაა, რომ სიტყვები ძლიერ როლს ასრულებს ემოციების ჩამოყალიბებაში, რადგან ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ადამიანის ტვინი კარგად არის მორგებული სხვებისგან მიღებულ ინფორმაციასთან — ჩვეულებრივ, ამას ქცევისა და რეაქციის შესაცვლელად ვიყენებთ.
სტატიაში კი კვლევებზე დაფუძნებული რჩევებია მოცემული, რომლებიც მეგობრების, კოლეგების თუ საყვარელი ადამიანების გამხნევებაში დაგეხმარებათ:
დაადასტურეთ მათი ემოციები
2012 წელს გამოქვეყნებულ საეტაპო კვლევაში გაბრაზებული მომხმარებლებისა და დამხმარე სამსახურის წარმომადგენლების 228 სატელეფონო საუბარი დაამუშავეს. როდესაც მომსახურე პერსონალი კლიენტებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, ისინი უფრო ბრაზდებოდნენ — შესაბამისად, ამ ტიპის სტრატეგიები უკუშედეგს იძლევა, რადგან ადამიანის კონკრეტულ გრძნობებს ეჭვქვეშ აყენებს.
ახლახან კი, განმეორებით კვლევაში, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციის შემდეგ ემოციების აღიარება/დადასტურება საუკეთესო გამოსავალია. მონაწილეების თქმით, დადებითი კომენტარები, როგორიცაა: „წარმომიდგენია, როგორი რთულია ეს“ უფრო დამამშვიდებელი იყო, ვიდრე სხვა სახის გამოხმაურება, რომელიც პრობლემის შესახებ აზრის შეცვლას ცდილობდა — მაგალითად, „სცადე, სიტუაციას განსხვავებულად შეხედო“.
„როცა ადამიანები გისმენენ და გეუბნებიან, რომ თქვენი ესმით, ნდობას, ზრუნვას და მჭიდრო კავშირს გრძნობთ. სხვა ადამიანებთან კავშირის განცდა კი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია… ამიტომაცაა, რომ ჩვენს წინაპრებს გადარჩენის უკეთესი შანსები ჰქონდათ ერთად მოქმედებისას. სხვა სიტყვებით, სხვებისგან რაიმეს მიღება გადარჩენის ინსტინქტია“, — განმარტავს რაზია საჰი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორანტი.
დაეხმარეთ მათ სტრატეგიის შემუშავებაში
კარენ ნივენის, ორგანიზაციული ფსიქოლოგის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამადასტურებელი ფრაზები შეიძლება ადამიანებს უკეთ აგრძნობინებდეს თავს, ისინი ყოველთვის არ ჭრის პრობლემას; ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში ახერხებს უარყოფითი ემოციების აღმოფხვრას. ასე რომ, თუ პიროვნება ღიაა მსჯელობისთვის, კონკრეტული დაბრკოლების ან კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაში დახმარება ძალიან კარგი ჟესტია.
უბრალოდ, ყველა არ არის მიმღები ამ მიდგომის მიმართ, რადგან ის შეიძლება არასწორი ჩანდეს. ამის გათვალისწინებით, ყოველთვის მოუსმინეთ მეგობარს და ადროვეთ, საკუთარი მდგომარეობა განიხილოს. გარდა ამისა, მკვლევრების თქმით, ადამიანები ყოველთვის იძლევიან გარკვეულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა სურთ მოცემულ მომენტში. მაგალითად, თუ ფოკუსირებულნი არიან თავიანთ ემოციებზე და ამბობენ რაღაცას, როგორიცაა: „ვგრძნობ, რომ ისინი არ ზრუნავენ ჩემზე“, სავარაუდოდ, მხოლოდ ემოციების დადასტურებას ითხოვენ.
გახსოვდეთ, რომ აზრი მნიშვნელოვანია
მიუხედავად იმისა, რომ ძნელია იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ვინმეს, ზემოთ ხსენებულმა ფსიქოლოგებმა ხაზგასმით აღნიშნეს: დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ძალისხმევა დაფასდება, მაშინაც კი, როცა ზუსტად არ ვიცით, რა შედეგს მივიღებთ.
2022 წელს გამოქვეყნებულ მცირე კვლევაში დაადგინეს, რომ ადამიანები, როგორც წესი, არ აფასებენ რამდენად სასარგებლო იქნება სხვების დასახმარებლად გაღებული მცდელობები. შესაძლოა, ამის მიზეზი უბრალოდ იმის შიში იყოს, რომ მათი რჩება სათანადოდ სრულყოფილი არ იქნება. რეალურად კი ადამიანები ყოველთვის აფასებენ მხარდაჭერას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ეფექტიანი იქნება ის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად მართალი ხართ, არამედ ის, რომ დახმარებას ცდილობთ.













