ადამიანების დახმარება რომ კეთილი საქმეა, ამაზე ბევრი საუბრით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ. თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაგვჭირვებია ვინმეს დახმარება სხვადასხვა კუთხით და დაგვეთანხმებით, რომ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენ მიმართ ვიღაც ყურადღებას იჩენს. თავის მხრივ კი, ირგვლივ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ჩვენ შეგვიძლია გავუწოდოთ დახმარების ხელი.
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა და ამით ეს თარიღი ისედაც ყოველთვის გამორჩეულია ხოლმე, თუმცა წელს ამ გამორჩეულობას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა, კერძოდ, ახალი სივრცე თბილისში, თავხელიძის 1 ნომერში – „მოხალისეები ადამიანებისათვის”. ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და სხვა ადამიანების მიმართ თავისი მზრუნველობის, გვერდში დგომისა და ყურადღების გამოხატვა. იქ მყოფი მოხალისეები მზად არიან, ჩაიბარონ თქვენ მიერ მიტანილი ნივთები, შემდეგ კი დაახარისხონ ისინი და მიაწოდონ იმ ოჯახებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. შენობაში ყოველდღე იქნება უფასო ტანსაცმელი და ყოველ კვირას უფასო საკვები.
ინიციატივა თავდაპირველად აკა სინჯიკაშვილმა გამოამჟღავნა და იდეის აღსრულებასაც შეუდგა, თუმცა მოგვიანებით მას სააფთიაქო ქსელი ჯპს-იც შეუერთდა. ამისთვის ფილიალებში გამოყო სპეციალური ადგილი კალათებით, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, დატოვონ ბავშვთა კვების, საფენებისა და მოვლის სხვა საშუალებები.
პროექტს გრძელვადიანი პერსპექტივით ჩაეყარა საფუძველი, ამიტომ ორგანიზატორები და ყველა მოხალისე, რომელიც მასში ჩართულია, იმედოვნებენ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, მეტი გამოიჩენს ინიციატივას და ამავდროულად, მეტი ადამიანი დარჩება გახარებული.












