წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, „მოზაიკას“ განვლილ თვეებს შევაჯამებთ. სააგენტოს კრეატიული დირექტორი, გუკი ასათიანი, გვიყვება, როგორ ჩაიარა 2022-მა სააგენტოსთვის, რა სიახლეები თუ სირთულეები იყო, ან რას გეგმავენ უკვე მომავალი წლისთვის.
პოსტკოვიდიდან უკან კალაპოტში.
თავიდან რთული ჩანდა გვეფიქრა, რომ ყველაფერი თავის ლიანდაგებს დაუბრუნდებოდა, თითქოს პანდემიას დიდი გარდატეხა უნდა მოეხდინა მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენებაში, თუმცა როგორც დავინახეთ, რეგულაციების გაუქმებასთან ერთად, ეს შიშებიც გაქარწყლდა და კვლავ ახალ, ნორმალურთან დაბრუნება ჩვენთვისაც მარტივი და სასიამოვნო აღმოჩნდა. კოვიდის დასრულებასთან ერთად, მოზაიკას გუნდმა ახალი სტარტი და ახალი გამოწვევები მიიღო. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოზაიკა სრული სერვისის სააგენტოა, რომელიც ნებისმიერი ტიპის და სირთულის ამოცანას გაუმკლავდება.
შემოქმედებითი გუნდი და ახალი ამბიციები
2022 მოზაიკისთვის ახალი სუნთქვით განახლდა. განსაკუთრებული ძალისხმევა ჩაიდო შემოქმედებითი გუნდის გადახალისებაში და განვითარებაში, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და წელს მოზაიკამ კრეატიული კამპანიებისა და ვიდეოს დამზადების მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების მაღალი ინტერესი გამოიწვია, კლიენტთა რაოდენობაც გაიზარდა და ედბელქსიზე ჯილდოც მოვიპოვეთ. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ მოზაიკასთვის იდეების სცენაზე თამაშის წესები იცვლება. გუნდი 2023 წელს მეტად ხმაურიან კამპანიებს და თამამ განცხადებებს გეგმავს, ამიტომ მოლოდინთან ერთად შემდეგი წლიდან ამბიციებიც მაღალი იქნება.
წლევანდელი ჩატარებული კამპანიებიდან გამოვარჩევდით ლოვენბრაუს კომუნიკაციას, რომელიც პირველად საქართველოში ოქტობერფესტის ჩატარებას ისახავდა მიზნად. კამპანია სრულმასშტაბიანი და წარმატებული გამოვიდა, ჩატარებული შეჯიბრებებით, ბავარიული თამაშებითა და ლუდზე დაწერილი სახალისო ისტორიებით. შედეგად, ლოვენბრაუსა და მოზიაკას მეგობრობა ახლაც გრძელდება.
ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტარტაპ კომპანიები და მათთან თანამშრომლობა. წელს ასეთი ბრენდი ბაბმუ იყო — უგემრიელესი ჩინური კერძების დელივერი, რომლისთვისაც ბრენდინგი, ყუთის შეფუთვა და საწყისი კომუნიკაცია დავგეგმეთ.
ღონისძიების მენეჯმენტის მიმართულება
წლის შეჯამებისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ივენთების მიმართულებაც. წელს გაფართოებული და უკვე გამოცდილი გუნდი რეკორდულ შეკვეთებს გაუმკლავდა და იანვრის თვეში მოზაიკა 39-ე წარმატებულ ღონისძიებას დახურავს. არ დავმალავთ, რომ ამ მიმართულებაში წამყვან პოზიციებს ვიკავებთ და ბაზარზე კვლავაც მაღალი ნდობით გამოვირჩევით.
ნიჭი და გზა ფართო
წელს მოზაიკას გუნდს 12 ახალი წევრი შემოუერთდა და მოვისურვებთ, ასე გაგრძელდეს. 2023 წლიდან სააგენტო აქტიურად დაიწყებს ახალი კადრების მოზიდვას და ახალი შემოქმედებით გუნდების ჩამოყალიბებას. თუ ვინმე მოისურვებს ჩვენს ნავზე შემოხტომას, გზა მეტად ფართო ექნება. თანამშრომლების გრძელვადიან ბედნიერებაზე ფიქრი ჩვენს პრიორიტეტად რჩება. გვინდა ყველა სააგენტოს მივულოცოთ ახალი წელი და პატივისცემა გამოვხატოთ ამდენი კარგი გონებისა და პროექტის მიმართ. მართლაც საამაყოა ამდენი მრავალფეროვანი იდეის ხილვა და იმის, თუ როგორ სწრაფად ვითარდება დარგი.