სარეკლამო ჰოლდინგმა “მოზაიკა“, 8 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბური წვეულება მოაწყო. ღონისძიება 8 მაისს ჩატარდა, თბილისთან ახლოს, საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციაზე, რომლის გახსნაც მოზაიკას ივენთთან დაკავშირებით დაიგეგმა და მას 2000-მდე სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიებაზე შეჯამდა ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია სიახლეების შესახებ. კერძოდ, კომპანიის სერვისების ვრცელ ნუსხას, ამიერიდან, საკონსულტაციო და სტრატეგიული მომსახურება დაემატა, ამასთან, კომპანიას უკვე ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. დეტალებზე დამფუძნებლებს: ანა ჩოდრიშვილს, სალომე კობალაძესა და ქეთი ჟორჟოლიანს ვესაუბრეთ.
M: როგორ შეაფასებთ, როგორ ჩაიარა მოზაიკას წვეულებამ?
საღამო მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჩვენ ამ წვეულებისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ, ფაქტობრივად, მთელი მოზაიკა იყო ჩართული, რომ ღონისძიება წარმატებით ჩატარებულიყო. სწორედ ამიტომ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ღონისძიების ყველა დეტალი წინასწარ გაგვეთვალა, პასუხისმგებლობები ზუსტად გადავინაწილეთ და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ – წვეულება შედგა!

M: როგორი იყო ფორმატი და ვინ იყვნენ სტუმრები?
მოზაიკას ჰყავს ასეულობით ლოიალური დამკვეთი, რომლებიც უკვე წლებია მხოლოდ ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობენ, სწორედ ეს მეგობრული ურთიერთობა გახდა ჩვენი ღონისძიების ფორმატის მთავარი ინდიკატორიც.
„მოზაიკა – მეგობრებისთვის„ ეს ფრაზა იყო წვეულების ძირითადი გზავნილი, რითაც ვეცადეთ სტუმრებამდე მიგვეტანა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სათქმელი – მოზაიკა არ არის მხოლოდ სარეკლამო სააგენტო, არამედ ის არის მეგობართა ერთი დიდი გაერთიანება და როგორც ნებისმიერი მოზაიკა შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან, ჩვენი მოზაიკაც შედგება მეგობრებისგან.
სწორედ ამიტომ დავპატიჟეთ ჩვენი პარტნიორი თუ დამკვეთი ორგანიზაციების თანამშრომლები და მათი მეგობრები, სარეკლამო და სხვა მარკეტინგული სააგენტოების წარმომადგენლები და ეს წვეულება მეგობრების თავშეყრის ადგილად ვაქციეთ.

M: შევაჯამოთ განვლილი 8 წელი. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა/მიღწევები მოზაიკას მოღვაწეობის მანძილზე?
ყოველი წელი, დაარსებიდან დღემდე, იყო და არის უსაზღვროდ საინტერესო და მხოლოდ განვითარებისკენ მიმართული.
მოზაიკა თავის მომხმარებელს ამ ეტაპისთვის სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ჩვენ გვყავს დიზაინერთა გუნდი, რომელიც დიზაინსა და ბრენდინგზე მუშაობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სტამბა, რომელიც გახსნიდან რამდენიმე წელში შეიქმნა და მომხმარებელს, მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ მომსახურებას უწევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრენდირებული აქსესუარების მიმართულებით, მოზაიკა ერთ-ერთი ლიდერია ქართულ სარეკლამო ბაზარზე.

ვინაიდან საქართველოში თითქმის არ არსებობს ბრენდირებული აქსესუარების ქარხნები და წარმოება, საჭირო გახდა გაგვეფართოვებინა კონტაქტები და საერთაშორისო მომწოდებლებს დავუკავშირებოდით, ახალი პარტნიორები გაგვეჩინა, – ასე გავხდით PSI-ს საერთაშორისო ჯგუფის წევრები. შევქმენით ბრენდირებული აქსესუარების მიმართულება და დღესდღეობით, ჩვენს დამკვეთებს უფრო მრავალფეროვან და ინოვაციურ არჩევანს ვთავაზობთ. კომპანია თანდათან განვითარდა და გაჩნდა მოთხოვნა, შეგვექმნა კიდევ ერთი ახალი მიმართულება. ივენთ მენეჯმენტის მიმართულება, რომელიც მომხმარებელს ღონისძიებების მენეჯმენტის სრულ სერვისს სთავაზობს. ამასთან ერთად, გვაქვს ღონისძიებისთვის საჭირო ნივთების გაქირავების სერვისიც.
https://www.youtube.com/watch?v=ScBL8ogNOPA
მართლაც, საამაყოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ამ მცირე დროის განმავლობაში, ივენთ მენეჯმენტის დეპარტამენტმა უდიდესი შრომა ჩადო საკუთარ საქმეში, შევასრულეთ ჩვენი დამკვეთების ურთულესი დავალებები, კორპორაციული ღონისძიებები ჩავატარეთ არამარტო საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც, შევიძინეთ ივენთის მართვისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა, სრულიად ნულიდან შევქმენით გუნდი და დავაწესეთ ღონისძების დაგეგმვისა და მენეჯმენტის ჩვენი, საკმაოდ მაღალი სტანდარტი.
რაც მთავარია, ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა მოზაიკელებისგან შემდგარი გუნდი. გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება იშვიათად წარმოადგენს ერთი კონკრეტული ადამიანის მუშაობის შედეგს, ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ნიჭიერი, ენერგიული და შემოქმედებითი იდეების მქონე ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა კონკრეტული ფუნქცია აკისრია, გუნდის ყველა წევრს თავისი წვლილი შეაქვს საერთო იდეის განხორციელებაში, რაც გვეხმარება რომ წარმატებული პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებელს.

M: ღონისძიებაზე გააჟღერეთ ინფორმაცია, რომ სიახლე გაქვთ. რამ განაპირობა საკონსულტაციო და სტრატეგიული სერვისების დამატება? რას მოიცავს ეს ორი ახალი მომსახურება?
დიახ, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ამ სიახლის წარდგენა იყო. მოზაიკა მუდმივად მზარდი კომპანიაა, ჩვენ ერთ ადგილას არასდროს ვჩერდებით და არც მიღწევებით ვკმაყოფილდებით. ამ მომსახურების დამატებაც სარეკლამო ბაზრის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ, ასევე ჩვენი კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე. აქამდე მოზაიკა ზემოთ ჩამოთვლილ სერვისებს სთავაზობდა დამკვეთს, ვხვდებოდით, რომ საჭირო იყო სიახლე, რადგან ჩვენი დამკვეთები მუდმივად გვეკითხებოდნენ, ხანდახან გვთხოვდნენ კიდეც რომ დაგვემატებინა საკონსულტაციო მომსახურება. დღეს ტენდენცია ასეთია – კომპანიებს სურთ სარეკლამო მომსახურების ერთ სივრცეში მიღება, ვგულისხმობთ ერთ სააგენტოს – ე.წ. Full Service, მათ ურჩევნიათ, რომ ორგანიზაციამ სარეკლამო სერვისები იმ სააგენტოსგან მიიღონ, რომელთანაც უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ, ეს გასაგებიცაა, ერთი სააგენტო, რომლის სხვადასხვა დეპარტამენტებიც განსხვავებულ დაკვეთებს ასრულებს, ერთგვარ კომფორტს წარმოადგენს.

იმედი გვაქვს რომ ამიერიდან ჩვენი სააგენტოს ბაზაზე შექმნილი მარკეტინგული თუ საკომუნიკაციო სტრატეგიები წარმატების მომტანი აღმოჩნდება, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი დამკვეთებისთვის, ამისთვის კი ამ განყოფილების ახალი გუნდი უკვე მზად არის. ამ კუთხით უკვე მივიღეთ რამდენიმე დაკვეთა და დავიწყეთ საინტერესო პროექტებზე მუშაობა.
M: რა მოლოდინები გაქვთ სანდრო კაკულიას კრეატიულ დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით?
სანდრო კაკულია ჩვენს გუნდს 2017 წლის დასაწყისიდან შემოუერთდა. სანდრო ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მრავალმხრივი ცოდნისა და კრეატიული ხედვის მატარებელი პროფესიონალია, ის სარეკლამო და გაყიდვების სფეროში 2006 წლიდან მოღვაწეობს, ამ დროის მანძილზე, ის უამრავ საინტერესიო პროექტზე მუშაობდა, ასევე სხვა სარეკლამო სააგენტოში სხვადასხვა დროს ბევრ განსხვავებულ პოზიციაზე აქვს ნამუშევარი, რითაც მან უდიდესი გამოცდილება დააგროვა, ასევე ამ პერიოდის განმავლობაში სანდროს მოუწია ცნობილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბრენდებთან წარმატებულ თანამშრომლობა, იგი ცნობილია საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში. სანდრო ასევე არის დრამატურგი და მწერალი, დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტანტი და ტრენერი, როგორც თვითონ ამბობს ბევრი ცხოვრება აქვს, ეს კი მარკეტინგის სფეროს პროფესიონალისთვის ნამდვილი მისწრებაა, როდესაც შენი კრეატიულობის დონე არა ნასწავლი ხერხებით იზომება, არამედ ამ უნარით ხარ ბუნებისგან დაჭილდოებული, ხოლო როდესაც წერაც შეგიძლია, კიდევ უფრო მისასალმებელია, რადგან როგორც ვიცით, რეკლამაში ქოფირაითინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.

გარდა იმისა, რომ სანდრო კაკულია ჩვენი სააგენტოს კრეატიული დირექტორია ის ამავე დროს საკონსულტაციო და სტრატეგიული მარკეტინგის დეპარტამენტის ხელძღვანელიც არის. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, რა თქმა უნდა, ცალსახად პოზიტიურია. მოხარულები ვართ, რომ წელს ასეთი დიდი სიახლეების შემოტანის სათავეებთან სანდროც არის მოზაიკას გუნდში. მან უკვე ჩაატარა რამდენიმე კონკურსი ახალი კადრების აყვანის მიზნით. სანდროს აქვს ბევრი იდეა, რომელსაც დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებით შევასრულებთ. რაც მთავარია, ჩვენ და სანდროს გვაქვს ურთიერთგაგების მაღალი სტანდარტი და პრაქტიკულად, ერთნაირი ხედვა იმისა, თუ როგორი მიმართულებით უნდა განვითარდეს სააგენტო. ჩვენ სანდროზე დიდ იმედებს ვამყარებთ, გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ საინტერესო პროექტებისა და იდეების აღსრულებას, მარკეტერს კი ვპირდებით, რომ კრეატიული და სტრატეგიული მარკეტინგის კუთხით, მოზაიკას ბაზაზე შექმნილ ქეისებსა და ასევე ინფორმაციას მათზე, ექსკლუზიურად მივაწვდით ხოლმე.















