in

დიდი ტრანსფორმაცია 17-წლიანი ისტორიის შემდეგ! – როგორ შეიქმნა „მოზაიკას“ განახლებული ბრენდ პლატფორმა

სააგენტო „მოზაიკამ“, 17-წლიანი ისტორია ახალი ფურცლიდან დაიწყო. კომპანიის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და შიდა რესურსების გაანალიზების საფუძველზე გადაწყდა, რის შედეგადაც იგი კრეატიული კომუნიკაციების სააგენტოდ გარდაიქმნა.

BOG
BOG

ცვლილება არ ყოფილა მარტივი. ახლებური პოზიციონირება ბალანსის დაცვას ითხოვდა: ალტერნატიული მიმართულების განვითარებასთან ერთად, გუნდი ვალდებული იყო ძირითადი კომპეტენციები და სტაბილურობა უნდა შეენარჩუნებინა. ამიტომაც, კომპანიის გუნდმა დიდი დრო და ძალისხმევა დაუთმო ანალიზს, რისკების შეფასებას და ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებას. ცვლილებების პროცესში, „მოზაიკამ“ შექმნა ახალი ვიზუალური იდენტობა და მთავარი გზავნილი – „წარმოიდგინე წარმოუდგენელი“, რომელიც გამოხატავს კომპანიის ხედვას – შექმნას კრეატიული, მაგრამ ამავდროულად შედეგზე ორიენტირებული პროდუქტები.

როგორ შედგა განახლების პროცესი, რა გამოწვევები შეხვდათ ტრანსფორმაციის გზაზე და როგორია სამომავლო ხედვა – ბრენდ პლატფორმის შემქმნელებთან და „მოზაიკას“ გუნდთან ერთად განვიხილავთ.

M: რა შესაძლებლობებმა განაპირობა ბრენდისთვის ახალი პლატფორმის შექმნა?

ანა ჩოდრიშვილი, „მოზაიკას“ დამფუძნებელი: პირველ რიგში, ეს კომპანიის მუდმივი ზრდა და განვითარებაა. თავიდან დავიწყეთ მარტივი სარეკლამო სერვისებით, თუმცა თავიდანვე ვიცოდით, რომ „მოზაიკა“ შემოქმედებითი სააგენტო უნდა გამხდარიყო – ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი, რომლისკენაც ეტაპობრივად მივდიოდით. მალევე გადავედით ღონისძიებების ორგანიზებაზე, სადაც სწრაფად დავიკავეთ წამყვანი პოზიცია ბაზარზე. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კომპანიის პოტენციალი გაცილებით ფართოა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი კლიენტების მზარდი მოთხოვნა გახდა – მათ სურდათ სრულ სარეკლამო სერვისზე წვდომა. ჩვენს მიერ ორგანიზებულმა მაღალი ხარისხის ღონისძიებებმა და დაგროვილმა გამოცდილებამ შექმნა ძლიერი ნდობა, რასაც თანდათან უფრო მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობები მოჰყვა.

გუნდში ახალი პროფესიონალებისა და ნიჭიერი ადამიანების შემოერთებამ „მოზაიკას“ ახალი ენერგია შესძინა, კომპანიის ხედვა უფრო მრავალფეროვანი გახდა, ხოლო იდეები – უფრო თამამი და ინოვაციური.

M: როგორ ჩამოყალიბდა ბრენდის სტრატეგია?

ალექსი ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი: „მოზაიკას“ სტრატეგიაზე მუშაობა რთული გამოწვევა იყო – კომპანიას შემოქმედებითი და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიიდან – მკვეთრად გამოხატული ფოკუსის მქონე, შემოქმედებით სააგენტოდ გარდაქმნა სურდა. თუმცა, ეს მარტივი არ იყო – ტრანსფორმაცია ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ არ დაზიანებულიყო ძირითადი კომპეტენცია და სტაბილური შემოსავლის წყარო.

ასეთ ტრანსფორმაციას ანუ რეპოზიციონირებას თან ახლავს სერიოზული საფრთხეები, ამიტომ სანამ სტრატეგიის შემუშავება დავიწყეთ მანამდე „მოზაიკას“ გუნდის ჩვენი მხრიდან დასმული უამრავი კითხვისთვის მოუწია პასუხის გაცემა – ცვლილებისთვის საჭირო რესურსებზე, მოსალოდნელ რისკებზე თუ საფრთხეებზე, სერიოზულ არგუმენტებს ვუდებდით და გვაინტერესებდა როგორ დაიცვდნენ ისინი თავის სურვილს გამხდარიყვნენ კრეატიული კომუნიკაციების სააგენტო. საბოლოო გადაწყვეტილება გეზის შეცვლაზე მხოლოდ ხანგრძლივი განხილვისა და კრიტიკული შეფასების შემდეგ მივიღეთ.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

ალექსი ჩიქოვანი: როგორც თითქმის ყველა ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობისას, „მოზაიკას“ შემთხვევაშიც სტრატეგიის მთავარი წყარო თავად გუნდი იყო – დამფუძნებლები, ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. მე და სალომე ჩხეიძემ ჩავატარეთ სიღრმისეული ბრენდის ინტერვიუები რომ მათი ხედვები, აღქმები და სურვილები გაგვეგო. რა თქმა უნდა, გავაანალიზეთ ინდუსტრიული კონტექსტი და დამკვეთების საჭიროებები.

მთელი პროცესის განმავლობაში იყო ბევრი ფიქრი, კამათი და აწონ-დაწონვა იმაზე, როგორი – კრეატიული კომუნიკაციების კომპანია – უნდა გამხდარიყო „მოზაიკა“, რა უნდა ყოფილიყო მისი უპირატესობა და რა უნდა შეეთავაზებინა მას დამკვეთებისთვის ისეთი რაც აქამდე ინდუსტრიას შეთავაზებული არ ქონდა. სტრატეგიის დასრულების შემდეგ, კომპანიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი წევრი დაემატა, რის გამოც დოკუმენტს თავიდან მივუბრუნდით, შევაჯერეთ ხედვები და ფინალური ეტაპი იყო უკვე საბოლოოდ შეთანხმებული სტრატეგიის პრეზენტაცია მთელი კომპანიისთვის.

M: რა კონცეფცია უდევს საფუძვლად Mozaika-ს განახლებულ ვიზუალურ იდენტობას და როგორ ეხმიანება ის კომპანიის ღირებულებებს?

ბუბა რადიანი, არტ დირექტორი: „მოზაიკას“ 17-წლიანი ისტორია სავსეა გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროექტებით თუმცა იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო არნახული ტემპით ვითარდება, დღის წესრიგში დადგა კომპანიის სერვისების და მომსახურებების არეალის გაფართოება. ეს ნაბიჯი კომპანიის გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და მის საფუძველზე დაიწყო გარდაქმნის პროცესი.

ახალი ბრენდ პლათფორმის შემუშავდა შინაარსობრივად ღრმა და ვრცელი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბრენდის ახალ motto/სლოგანს „წარმოიდგინე წარმოუდგენელი”. მოცემული დევიზი დიზაინ გუნდისთვის ფანტაზიის მაქსიმალირად გამოყენებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ბიძგად იქცა.

M: როგორ შემუშავრა ვიზუალური ელემენტები – რა შეიცვალა ან შენარჩუნდა ბრენდის განახლებისას?

ბუბა რადიანი: პირველ ეტაპზე, გავაანალიზეთ არსებული ვიზუალური იდენტობა. ხანგრძლივი განხილვის და დისკუსიის შედეგად, მივიღეთ მისი სრულად განახლების გადაწყვეტილება, რადგან ძველი ბრენდინგი ვეღარ ეხმიანებოდა კომპანიის ახალ სტრატეგიასა და ხედვას.

გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ცვალებადი და განვითარებადი ვიზუალური იდენტობა, რომელიც სლოგანის იდეას გამოხატავდა. კომპანიის საქმიანობის გაფართოებამაც ხელი შეუწყო ამ მიდგომის ჩამოყალიბებას. შეიქმნა ახალი ვორდმარკი (ლოგო), რომლის თითოეული ასო უნიკალურია და საკუთარი ისტორია აქვს. მისი მოქნილი აგებულებიდან გამომდინარე ფორმის ცვლილება მარტივად ხდება და ერთი შეხედვით სტატიკური სიმბოლო, საბოლოო ჯამში, წარმოუდგენელ ფორმებს ქმნის.

M: ვინ იმუშავა „მოზაიკას“ ახალ ვიზუალურ იდენტობაზე?

ბუბა რადიანი: „მოზაიკას“ ვიზუალურ იდენტობის შექმნაზე ჩვენმა გუნდმა იმუშავა. მისი საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში ჩართული იყვნენ:

  • არტ დირექტორი – ბუბა რადიანი
  • სინიორ დიზაინერი – ანანო მარცვლაძე
  • ჯუნიორ არტ დირექტორი – სალომე ორჯონიკიძე
  • ილუსტრატორი – ლიკა კვიციანი

ერთმანეთისთვის აზრების, შენიშვნების და შეხედულებების გაზიარება საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო პროცესის განმავლობაში მიმდინარეობდა. კოლაბორაციულმა მუშაობამ კი სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. თუმცა ეს მოგზაურობა აქ არ მთავრდება, პირიქით საწყისია, რომელიც მუდმივად განვითარდება და ტრანსფორმირდება.

M: რა გავლენას მოახდენს სტრატეგიული ცვლილება „მოზაიკას“ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობაზე?

ალექსი ჩიქოვანი: „მოზაიკას“ სტრატეგიის მთავარი იდეაა – განსაკუთრებული საქმე, რაც შემოქმედებითი პროცესის ახლებურ გააზრებას გულისხმობს. შედეგად მივედით იქამდე, რომ „მოზაიკამ“ მთელი თავისი საქმიანობა ისე უნდა ააწყოს, რომ მისმა გუნდმა შეუზღუდავი ფიქრით წარმოუდგენელი წარმოიდგინოს და შექმნას ისეთი საკომუნიკაციო პროდუქტები, რომლებიც ხელშესახებ, კონკრეტულ შედეგს მოუტანს დამკვეთებს.

„მოზაიკას“ შემოქმედებითი პროდუქტების კრიტერიუმებად – გემოვნებიანი, დამაჯერებელი და ეფექტური (შედეგიანი) – განისაზღვრა. საკომუნიკაციო პროდუქტი, რომელიც უნდა მოეწონოს როგორც დამკვეთს, ასევე თავად „მოზაიკას“, საკმაოდ რთული ამოცანაა – ამას ჩვენ „მოზაიკას ეფექტი“ ვუწოდეთ. თუ ეს ყველაფერი შესრულდება და დამკვეთი მიიღებს სასურველ ხელშესახებ შედეგს, „მოზაიკა“ შეიქმნის რეპუტაციას ისეთი კომპანიისა, რომელიც ქმნის შემოქმედებას შედეგისთვის და არა შემოქმედებას შემოქმედებისთვის.

M: როგორ შეაფასებდით – როგორია განახლებული „მოზაიკა“, როგორც ბრენდი?

ალექსი ჩიქოვანი: „მოზაიკას“ 17-წლიანი გამოცდილება სამი გოგოს წარმატების ისტორიაა, რომლებმაც შემოქმედებითი პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიას ჩაუყარეს საფუძველი. ამ მიმართულებით ბრენდი უკვე დამკვიდრებულია. ახალი სტრატეგიითა და პოზიციონირებით, კრეატიული კომუნიკაციების სააგენტო „მოზაიკამ“ მყარი ნაბიჯებით დაიწყო – ახალ მიმართულებაშიც გადმოიტანა დამკვიდრებული მომსახურების სტილი, რომელიც მის ერთგულ კლიენტებს უკვე უყვართ და რამდენიმე საინტერესო კამპანიაც განახორციელა.

რეპოზიციონირების შემდეგ, „მოზაიკა“ თითქოს ზრდასრული კომპანიიდან კვლავ მოტივირებულ, ახალგაზრდა ეტაპზე გადავიდა – ნიჭიერი და ანთებული, რომელიც ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს ხელშეწყობის პირობებში, დიდი ალბათობით იქცევა იმ მაღალი კლასის კრეატიულ სააგენტოდ, რომლის სლოგანიც – „წარმოიდგინე წარმოუდგენელი“ – 100%-იანი სიმართლე იქნება.

M: როგორ აისახება ახალი ბრენდინგი კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაზე და სამომავლო გეგმებზე?

ანა ჩოდრიშვილი: „მოზაიკასთვის“ ახალი მიზნების დასახვა და ბაზარზე წამყვანი პოზიციების განმტკიცება მუდმივი სტრატეგიული ამოცანაა. კრეატიული გუნდის გაფართოებას მოყვა ვიდეოპროდაქშენის მიმართულების განვითარება, ხოლო უახლოეს პერიოდში ციფრული დეპარტამენტის განვითარებაც იგეგმება, რითაც ვუპასუხებთ როგორც ბაზრის რეალურ საჭიროებებს, ისე კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს.

ახალი ბრენდინგი ასახავს ჩვენს მოქნილობას, შემოქმედებითობას და სერვისების მრავალფეროვნებას. სწორედ ეს კომბინაცია – ახალი ხედვები და სტრატეგიული განვითარება – გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ „მოზაიკა“ დღეს იმ ადგილასაა, სადაც ყოველთვის ვცდილობდით მისვლას.

M: რას ნიშნავს თქვენთვის დიჯითალ მარკეტინგის მიმართულების დამატება და როგორ უკავშირდება ეს ბრენდის ახალ პლატფორმას?

ანა ჩოდრიშვილი: ციფრული მარკეტინგის დამატება გამოწვეული იყო ორი ძირითადი ფაქტორით: მზარდი მოთხოვნებით კლიენტებისგან და ბაზრის სწრაფად ცვალებადი, ონლაინ კომუნიკაციების გავლენით. დღეს, ციფრული მარკეტინგი ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა დამკვეთებისთვის.

ჩვენი ახალი პლატფორმით უკვე შესაძლებელი ხდება ბრენდებს სრული მარკეტინგული  მომსახურება შევთავაზოთ. გვჯერა, რომ სხვა მიმართულებების მსგავსად აქაც საუკეთესოები ვიქნებით.

[R]

Diesel-მა მოდელები კვერცხის ფორმის კაფსულებში დააყენა  

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000