in

3500 დელეგატი და რობოტი სოფია თბილისში! – OGP-ის სამიტი “მოზაიკას” ორგანიზებით

ნუცა ანდღულაძე- ივენთების დეპარტამენტის უფროსი

17-19 ივლისს, თბილისმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტს უმასპინძლა. OGP საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს ღია მმართველობის გარშემო. მისი მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი, ებრძოლოს კორუფციას, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და გააუმჯობესოს მმართველობითი სისტემა. ღია მმართველობის პარტნიორობა აერთიანებს 75 წევრ ქვეყანას. საქართველოში OGP-ის პროექტი იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა, დღეს კი, OGP-ის გლობალური სამიტის  თავმჯდომარე და მეხუთე მასპინძელი ქვეყანაა. OGP-ის სამიტის ფარგლებში, თბილისს დაახლოებით 96 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია, მათ შორის, მთავრობის წევრები, მინისტრები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევარები, ჟურნალისტები და ა.შ. საერთო ჯამში, რეგისტრირებულთა რაოდენობამ 3500-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ეგიდით, კეთილი ნების ელჩი, პირველი ჰუმანოიდი რობოტი სოფია ეწვია საქართველოს, რომელმაც სამიტზე საჯარო სერვისებსა და ინოვაციებზე ისაუბრა. სამიტის ორგანიზება სააგენტო “მოზაიკამ” განახორციელა. მოზაიკა მრავალფუნქციური სერვისების მქონე სარეკლამო სააგენტოა, რომელიც უკვე მე-10 წელია სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს.  რა მასშტაბებს მოიცავდა სამიტის ორგანიზება და რა მიმართულებებზე იმუშავა სააგენტომ, დეტალებზე ივენთების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუცა ანდღულაძეს ვესაუბრეთ.

bog
bog-mob

M: რას მოიცავდა “მოზაიკასა” და იუსტიციის სამინისტროს პარტნიორობა?

საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. ხოლო “მოზაიკას” ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება ივენთ მენეჯმენტია. “OGP”-ის სამიტის ორგანიზება კი ჩვენი ერთობლივი პროექტია. მოზაიკამ  ორგანიზება გაუწია OGP – ს გლობალური სამიტის სრულ პროცესს, რაც გულისხმობდა:

  • მთლიანი პროექტის განახლებულ ბრენდინგზე მუშაობას
  • პროტოკოლის სრულ ციკლს
  • წინასწარი რეგისტრაციების ჩატარებას
  • გახსნის ცერემონიის მოწყობას
  • სესიების  ჩატარების ორგანიზებას, 2 დღის მანძილზე
  • ბრენდირებული მასალის დამზადებას
  • დახურვის ღონისძიების მოწყობას

პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო, და ორივე მხარის აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა. “მოზაიკასა”  და იუსტიციის სამინისტროს პარტნიორობა წარმატებულად შედგა და ეს პროექტი დიდი მეგობრობის დასაწყისიც აღმოჩნდა.

M: რა მასშტაბის პროექტი უნდა განხორციელებულიყო და თქვენი მხრიდან, რა რესურსებსა და სამუშაოებს მოითხოვდა?

პროექტი იყო ძალიან მასშტაბური და მოიცავდა ბევრ კომპონენტს. სამიტს  3500-მდე ადამიანი დაესწრო, სამიტი 3 დღის მანძილზე გრძელდებოდა (17-18-19), თუმცა წინასარეგისტრაციო სამუშაოები 14 რიცხვიდან დავიწყეთ. ჩვენი სააგენტოდან მთლიანი კოლექტივი ვიყავით ჩართულები, ხოლო დამატებით დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა 200-მდე ადამიანს შეადგენდა.

ბრენდინგზე მუშაობა ჩვენმა დიზაინერებმა 1 თვით ადრე დაიწყეს და არსებული ლოგოს საფუძველზე, შეიქმნა მთლიანი პროექტის ბრენდინგი, რომელიც წინასწარ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში გამოჩნდა (ბილბორდები, ინტერნეტ სივრცე და სხვა). ეს გმირობის ტოლფასი იყო რადგან მოცულობა ძალიან დიდი იყო და დრო ცოტა. დიზაინერებმა შეუძლებელი შეძლეს.

ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ პროტოკოლის ნაწილში. პროტოკოლის სრული ციკლი მოიცავდა სტუმრების რეგისტრაციის უზრუნველყოფას თბილისის სხვადასხვა ადგილებში, დახვედრას კონკრეტულ ლოკაციებზე და მათ ტრანსპორტირებას სასესიო სივრცეებში.

უმნიშვნელოვანესი იყო სამიტის გახსნა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მოეწყო გახსნის ცერემონია, რაშიც ჩვენი მეგობარი რეჟისორი ზაზა ორაშვილი დაგვეხმარა. ვინაიდან სამიტის მონაწილეები ძირითადად უცხოელები იყვნენ სამიტი ქართული კულტურული ნომრით გავხსენით. ცედური მრავალჟამიერი, ლაღიძის საჭიდაო და განთიადი ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა სტუმრებისთვის. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის ხელმძღვანელები მონაწილე ქვეყნებიდან, მინისტრები, პარლამენტის წევრები და  რობოტი სოფია, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

საინტერესო გამოცდილება იყო უცხოელ მოდერატორთან ალექს ტეილორთან მუშაობა. ის სპეციალურად ამ დღისთვის იყო მოწვეული და ზოგადად, მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებების მოდერატორად არის ცნობილი.

პროექტის ფარგლებში, 2 დღის მანძილზე ავიღეთ მთელი მთაწმინდის ტერიტორია (ფუნიკულორი): მთელი სივრცე რესტორან ფუნიკულიორზე, 3-ვე სართული, ასევე კლუბი ანდერვილი და ლოკაციაზე არსებული დამატებითი შენობები. ყველგან პარალელურად ტარდებოდა სესიები, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფდითსამიტის ფარგლებში, წინასწარ დავამზადეთ პროექტისთვის საჭირო ბრენდირებული ატრიბუტიკა და საჩუქრები ყველა მონაწილესთვის

დახურვის წვეულება მოეწყო სილქ ფექტორი სტუდიოში, სადაც უკვე იყო გასართობი ნაწილი მონაწილეებისთვის, კონცერტი სუხიშვილების თანხლებით, DJ და სხვა თემატური დეკორაციები.

M: ვისაუბროთ რებრენდინგზე. რამ განაპირობა ვიზუალური იდენტობის ცვლილების საჭიროება? საერთო ჯამში, რა გაკეთდა რებრენდინგის ფარგლებში?

OGP-ის სამიტების ისტორიაში გვხვდება მასპინძელი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და განსხვავებული ვიზუალური ბრენდინგი. ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას აძლევს სამიტის ვიზუალს.

OGP-ის სამიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბრენდინგიც შესაბამისად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა გახდა ჩვენი დიზაინერებისთვის. უკვე არსებობდა OGP-ის ქართული ლოგო, ამიტომ სტილის შექმნისას ჩვენმა დიზაინერებმა გაითვლისწინეს მისი ფორმა, ფერი და ვიზუალი.

მოზაიკამ შექმნა ახალი, მაქსიმალურად თანამედროვე და დინამიური ვიზუალური სტილი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს შემთხვევაში, ბრენდინგის მთავარი სტილი OGP-ის აბრევიატურა გახდა, რომელიც სტილში გაიშალა. აბრევიატურას ვიყენებთ, როგორც სრულად, ასევე ცალკეულ ნაწილებად, სამკუთხედების სახით.

M: ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ჰუმანოიდი რობოტი სოფია ეწვია. ორგანიზაციული თვალსაზრისით, რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული მისი სტუმრობა?

სოფია ცალკე თემა იყო. როდესაც გავიგეთ, რომ სამიტის ფარგლებში რობოტი სოფიაც გვეყოლებოდა, მივხვდით, ეს დიდ ინტერესს გამოიწვევდა და ასეც მოხდა. სოფიას თავისი ტექნიკური ჯგუფი მოყვა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის გამართულობაზე. სოფია გახსნაზეც გვყავდა და Underwheel-შიც გამოვიდა სპიკერად. მის სესიას განსაკუთრებულად ბევრი ადამიანი დაესწრო, რადგან ინტერესი ძალიან დიდი იყო.

M: საერთო ჯამში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი თქვენთვის, როგორც სააგენტოსთვის?

“მოზაიკასთვის” ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვხვდებოდით, რომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრა, ვიდრე სხვა რომელიმე ღონისძიების ორგანიზებისას, რადგან ამ პროექტს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევდა.

პროექტის მასშტაბიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ვუმასპინძლეთ ისეთი რანგის სტუმრებს, როგორებიც არიან ქვეყნის და მთავრობის ხელმძღვანელები, მინისტრები, საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები და სხვა. ასევე, შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა არა მხოლოდ ქართულ მხარესთან, არამედ უცხოელ ორგანიზატორებთანაც.

ღონისძიების ფარგლებში, მოზაიკასთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თავისი მუდმივი პერსონალის გარდა, დამატებით საჭირო გახდა ასეთი რაოდენობის რესურსის ჩართვა და მათი მენეჯმენტი.

ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ეს იყო შესაძლებლობა, როდესაც მთელი “მოზაიკას” გუნდი ერთიანი იყო ერთი დიდი მიზნისთვის, ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მონაწილე იყო. ყველა ჩართული იყო ამ პროექტში ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები ალბათ ამიტომაც იყო პროცესი ასეთი სასიამოვნო.

ეს იყო ერთგვარი გამოწვევა, რომელიც წარმატებით გავიარეთ და სამომავლოდ მზად ვართ კიდევ უფრო დიდ პროექტებს შევეჭიდოთ და გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება.

Photocredit: Khatia-Juda Psuturi

[R]

„თბილისის განაშენიანება ეკოლოგიურად სუფთა უბნებში გარემოს დაცვით უნდა ხორციელდებოდეს“

„ვაიმე“ – აჯიკა, სვანური მარილი და სხვა ქართული სუნელები ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე