27
Apr
2018

როგორია განახლებული „მოზაიკა“ და რა სიახლეები ელოდებათ სააგენტოს კლიენტებს?!

27 Apr 2018

მოზაიკამ“ ახალი ბრენდ პლატფორმა შექმნა. შეიცვალა სააგენტოს ფერი, სტილი და ლოგოც. რატომ განხორციელდა რებრენდინგი, რა სიახლე და გეგმები აქვს კომპანიას?! Marketer.ge კომპანიის კრეატიულ დირექტორს, სანდრო კაკულიას ესაუბრა.

სანდრო კაკულია: „მოზაიკა“ უკვე მე-10 წელია, რაც ქართულ სარეკლამო ბაზარზეა. 1 სერვისით დაწყებული ბიზნესი, ეტაპობრივად, ვითარდებოდა, ემატებოდა მომსახურებები და იზრდებოდა თანამშრომელთა რიცხვი. დინამიურად განვითარების წარმატებულმა შედეგებმა გააჩინეს შესაძლებლობა, რომ სააგენტო კიდევ უფრო გაფართოებულიყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაგვემატა ბევრი ახალი პოზიცია, შევიძინეთ ახალი მეგობრები (ასე ვუწოდებთ „მოზაიკაში“კლიენტებს). ამ ზრდასთან ერთად, გვინდოდა, „მოზაიკას“ ჰქონოდა კონცეპტუალური განვითარების ჩამოყალიბებული და კარგად გააზრებული ხედვა. მომავალი რომ სწორად დაგვეგეგმა, საჭირო იყო სისტემურად დაგვენახა კომპანიის შესაძლებლობები. გარდა ამისა, გვსურდა, გვეპოვა ისეთი განმასხვავებელი ნიშნები, რაც დაგვეხმარებოდა სააგენტოს „სულის“, მისი ფუნდამენტური შტრიხების პოვნაში. „მოზაიკა“ ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად განვითარების ძიებაში. ამასთან, როგორც ყველა ბრენდის ცხოვრებაში, გარკვეული დროის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც უნდა მოგვეხდინა დროსთან და სარეკლამო ბაზართან ჰარმონიზება, ბაზრის გამოწვევებისთვის რომ ზუსტად გვეპასუხა. 1 წლის წინ დავიწყე  ფიქრი „მოზაიკას“ ახალი ბრენდ პლატფორმისა და ვიზუალური ბრენდინგის შექმნაზე. აღმოჩნდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი და მისი დამფუძნებლებიც იზიარებდნენ ჩემს მოსაზრებას, რის საფუძველზეც დავიწყეთ რებრენდინგის ეს მასშტაბური პროექტი.

სანდრო კაკულია: „პოზიციონირების ნაწილში პირდაპირ გვიწერია: პიარის და მარკეტინგის განყოფილებების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანების მოგვარების გზით“.

კონკრეტულად რას მოიცავს ახალი პლატფორმა?

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ „მოზაიკა“ მომხმარებლისთვის მეგობარი და სანდო პარტნიორია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიული დამხმარე. სწორედ ამ შეფასებებზე ავაწყვეთ ახალი ბრენდი. ვიფიქრეთ, რომ „მოზაიკა“ მენეჯერების ყოველდღიური დამხმარე და სანდო პარტნიორი იქნებოდა. ახალი პლატფორმა ხაზს უსვამს სააგენტოს ოპერატიულობას, საქმის ხარისხიანად შესრულებას და მეგობრულ სააგენტოდ წარმოჩენას. მაგალითად, ხარ მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და მუშაობ რომელიმე კომპანიაში, გაქვს უამრავი საქმე, შეხვედრა და გადაწყვეტილებების მიღება გიწევს დროის მოკლე მონაკვეთში. ამ დროს სასწრაფოდ გჭირდება სარეკლამო მომსახურება, უკავშირდები „მოზაიკას“, სადაც ძალიან სწრაფად გიწევენ კონსულტაციას და გეხმარებიან იმ წუთისთვის არსებული გამოწვევის წარმატებულად გადაწყვეტაში. პოზიციონირების ნაწილში პირდაპირ გვიწერია: „პიარის და მარკეტინგის განყოფილებების მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანების მოგვარების გზით.“

რა არის რებრენდინგის მიზანი?

პლატფორმაზე მუშაობის დაწყებამდე, ჩვენი მეგობარი კლიენტების გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება და მათ შორის, ახალ „მოზაიკასთან“ შეხვედრის მზაობა. დავინტერესდით, როგორ აღგვიქვამდნენ მას ახლა ან როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი სააგენტო. პასუხების დამუშავების შემდეგ, ნათელი გახდა – მათ შეფასებებზე სწორი და დროული რეაქცია ახალ პლატფორმაზე მუშაობა იქნებოდა. გამოკითხვაში კარგად ჩანდა, რომ „მოზაიკა“ კლიენტებისთვის მეგობრულ სააგენტოსთან ასოცირდებოდა. ასევე, გამოიკვეთა სააგენტოს მიმართ ნდობის მაღალი მაჩვენებელი. 90%-მა ჩვენი მომსახურება ძალიან კარგად შეაფასა. სწორედ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ახალი სერვისების მიწოდება და არსებული მომსახურების გაუმჯობესება გახდა მიზეზი, რის გამოც ბრენდ პლატფრომასთან ერთად, სააგენტომ სტრუქტურული ცვლილებების გატარებაც გადაწყვიტა. გვჯერა, რომ ახალი, რებრენდირებული „მოზაიკა“ კიდევ უფრო  დიდი წარმატებით მოემსახურება არსებულ თუ ახალ კლიენტებს.

 

მოზაიკამ“ ასევე განაახლა სტილი და ლოგო . . .

დიახ, პროექტის მასშტაბურობა სწორედ ამას გულისხმობდა, რომ განგვეხორციელებინა რებრენდინგი ყველა მიმართულებით. ახალმა ბრენდ კოდმა ახალი სტილისა და ლოგოტიპის აუცილებლობა გააჩინა. ფერები, სტილი და ლოგო ზუსტად პასუხობს პლატფორმის ძირითად მიმართულებებს და ესადაგება „მოზაიკას“ ახალ კონცეფციას.

ვინ იმუშავა „მოზაიკას“ ახალ ლოგოზე, სტილსა და „ბრენდ ბუქზე“?

პლატფორმის სამუშაო ჯგუფი რომ შევქმენით, გვსურდა, საქმეში, ჩვენი კადრების გარდა, სხვა პროფესიონალებიც ჩაგვერთო. ამით გავზარდეთ მიღებული საბოლოო შედეგის ეფექტიანობა და პროექტში მეტი ღიაობა შევიტანეთ. ლოგოსა და სტილზე ჩვენმა მეგობრებმა, დიზაინ სტუდია „kollektiv”-მა იმუშავა, ბუბა რადიანის ხელმძღვანელობით. „ბრენდ ბუქი“ კი „მოზაიკას“ დიზაინერთა გუნდმა შექმნა. ახლა ქართულ ლოგოზე კვლავ სააგენტოს შიგნით ვმუშაობთ და მალე მასაც წარვადგენთ.

რაც შეეხება ახალ პლატფორმას . . . 

დოკუმენტზე სამუშაოდ მოვიწვიეთ დამოუკიდებელი კონსულტანტები: რუსო ბარათაშვილი და ნინო დათიაშვილი. მათ წლებია ვიცნობ, გვქონდა ერთად მუშაობის გამოცდილება და ვიცოდი, რომ ნამდვილად წარმატებული პროექტის გაკეთება შეეძლოთ. პლატფორმის შექმნაში ჩართული იყო „მოიზაკას“ გუნდიც. თითოეულ მათგანს ვეკითხებოდით, როგორ ხედავდნენ მომავალს?! მიღებული მოსაზრებები დავამუშავეთ და საბოლოოდ ავსახეთ კიდეც დოკუმენტში. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ახალი პლატფორმა „მოზაიკას“ საერთო თანხმობის დოკუმენტია. ბრენდ პლატფორმისა და ახალი ვიზუალური ბრენდინგის პრეზენტაცია თანამშრომლებს უკვე წარვუდგინეთ.

რა სხვაობაა ბრენდის ძველ და ახალ პლატფორმას შორის?

„მოზაიკას“ აქამდე დაწერილი პლატფორმის დოკუმენტი არ ჰქონია. ახლა კი სააგენტომ საკუთარი, ძირითადი დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც გაწერილია მისი ღირებულებები, მისია: „გავხადოთ მარკეტინგის და პიარის მენეჯერის ყოველდღიური სამუშაო პროცესი ეფექტური, სასიამოვნო და მშვიდი“. ასევე, ახალ პლატფორმაში დავაფიქსირეთ მომავალი განვითარების გზები –  რაზე უნდა იმუშაოს სააგენტომ უახლოეს მომავალში და რა მიმართულებით განავითაროს საკუთარი საქმიანობა.

 

რაც შეეხება განახლებული „მოზაიკას“ სამომავლო გეგმებს . . .

„მოზაიკას“ დაემატა რამდენიმე მიმართულება, მათ შორის კრეატიული სერვისები და ციფრული მედიის მომსახურება. გვყავს ახალი თანამშრომლებიც. თუმცა, ამაზე არ შევჩერდებით. დროდადრო ჩვენს კლიენტებს უფრო მეტ სერვისს შევთავაზებთ. გვსურს, სააგენტო ეტაპობრივად განვითარდეს და დასახულ მიზნებს სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით მივაღწიოთ.

[R]

განხილვა