in

„ფორმუსი“: 10-წლიანი გამოცდილების ახალი ეტაპი და რებრენდინგი

თანამედროვე სადეველოპერო ინდუსტრიაში სივრცის დაგეგმვა ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესს პირდაპირ უნდა პასუხობდეს. სწორედ ამ მოცემულობისა და 10-წლიანი გამოცდილების გადააზრების შედეგად, ბაზარზე ახალი სახელით – „ფორმუსი“  (ძველად „თი ისთეითი“) გამოჩნდა დეველოპერული კომპანია, რომელმაც მასშტაბური რებრენდინგის პროცესი დაასრულა.

ლოგოსა და სახელის განახლების მიღმა კომპანიის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დგას, რომელსაც საფუძვლად მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია უდევს. რებრენდინგის, ნეიმინგისა და ახალი ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად კომპანიამ კრეატიულ სააგენტო „მოზაიკასთან“ ერთად იმუშავა.

რა ახალი შესაძლებლობები დაინახა გუნდმა ბაზარზე და როგორ იქცა სტრატეგიული იდეა ერთიან ბრენდ-სისტემად – კომპანიის პოზიციონირებასა და რებრენდინგის პროცესზე უშუალოდ პროექტის ავტორები საუბრობენ.

M: როგორია კომპანიის წინაშე არსებული ახალი შესაძლებლობები, რამაც განახლების გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ?

მეკო აბრამია, „ფორმუსის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: 10 წელზე მეტი გამოცდილების შემდეგ მივედით ეტაპამდე, როდესაც კომპანიის მასშტაბი, გეგმები და ამბიციები არსებულ ბრენდს გასცდა. შეიცვალა ბაზარიც; დღეს მომხმარებელი დეველოპერისგან ხარისხიან მშენებლობასთან ერთად, განსხვავებულ გამოცდილებასა და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ელის.

სწორედ ამიტომ, რებრენდინგი კომპანიის ახალი ეტაპის ფორმირებას ემსახურება. ამ ხედვით დავიწყეთ მუშაობა „მოზაიკასთან“. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბრენდის სტრატეგიული მიმართულება და ღირებულებები, სააგენტომ კი მათ ახალი სახელი, სლოგანი და ვიზუალური ფორმა მისცა.

M: სანამ განახლებულ ბრენდზე ვისაუბრებთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ის გამოცდილება და შედეგები, რაც კომპანიამ ამ დრომდე დააგროვა.

მეკო აბრამია: „ფორმუსის“ უკან 10 წელზე მეტი გამოცდილება და თბილისში განხორციელებული 7 საცხოვრებელი პროექტია – ვაკეში, დიდ დიღომში, გლდანში, დიდუბეში, ავლაბარში, ვაშლიჯვარსა და ორთაჭალაში. ახლა კი ახალ მულტიფუნქციურ პროექტს ვიწყებთ საბურთალოზე.

წლების განმავლობაში შექმნილი ნდობა ჩვენი მთავარი კაპიტალია, „ფორმუსი“ კი ამ გამოცდილების ახალი ფორმით გაგრძელებას წარმოადგენს.

M: როგორია თქვენი ხელწერა, რაც „ფორმუსის“ ახალ პროექტებში გამოიხატება?

მეკო აბრამია: ხარისხიანი პროექტი იწყება იმის გააზრებით, თუ როგორ იცხოვრებს ადამიანი კონკრეტულ სივრცეში, ტექნიკური სტანდარტებისა და კარგი მასალების მიღმა. „ფორმუსის“ ხელწერა თანამედროვე არქიტექტურის, ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოებისა და ადამიანზე მორგებული სივრცეების ერთობლიობაა. ჩვენი მიზანი კომფორტული ცხოვრების ინჟინერიის შექმნას გულისხმობს.

M: რა სტრატეგიას მიანიჭეთ უპირატესობა კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად?

მეკო აბრამია: ჩვენი მთავარი პრინციპი ახალი ბრენდის მიერ რეალური ცვლილების გამოხატვას ეფუძნებოდა. „ფორმუსის“ სტრატეგიის ცენტრში ადამიანი და მისი ცხოვრების განსხვავებული ფორმებია. სწორედ ეს ხედვა გახდა „მოზაიკასთან“ მუშაობის საფუძველიც. სააგენტომ ჩვენი სტრატეგიული იდეა ერთიან, განსხვავებულ ბრენდულ ენად აქცია. შედეგად მივიღეთ ბრენდ-სისტემა, რომელსაც კომპანიასთან ერთად განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

M: საბოლოოდ, როგორია განახლებული „ფორმუსი“, როგორც ბრენდი და რა არის მისი ახალი პოზიციონირება?

მეკო აბრამია: „ფორმუსი“ აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც სახლის შერჩევისას კვადრატული მეტრების მიღმა იყურებიან. ჩვენ გვჯერა, რომ სივრცე ადამიანს უნდა ერგებოდეს. ამ იდეას ზუსტად გამოხატავს ახალი სახელი და სლოგანი – „შენებისთვის“, რაც ჩვენს მთავარ სათქმელს ამბობს: ვაშენებთ შენთვის და ვქმნით უკეთეს გარემოს შენებისთვის.

ეს ხედვა სიტყვიერ და ვიზუალურ ენად იქცა: მოქნილ, დინამიკურ იდენტობად, რომელიც თავად „ფორმუსის“ იდეას გამოხატავს. „ფორმუსი“ შენებისთვის.

M: რა იყო შემოქმედებითი გუნდის მთავარი დავალება ამ პროცესში?

გურამ ასათიანი, „მოზაიკას“ უფროსი ქოფირაითერი: ჩვენი დავალება ახალი სახელისა და სლოგანის შექმნას ითვალისწინებდა, რაც ბრენდის მთავარ ღირებულებებსა და განახლებულ სტრატეგიას გამოხატავდა. ამავდროულად, ის მარტივად აღსაქმელი და გასაგები უნდა ყოფილიყო როგორც კომპანიის არსებული მომხმარებლებისთვის, ისე მომავალი მობინადრეებისთვის. ახალი სახელის საფუძველზე კი ბრენდის სრული ვიზუალური იდენტობა უნდა შეგვემუშავებინა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამშენებლო ინდუსტრია განვითარების აქტიურ ეტაპზეა და ბაზარი გაჯერებულია კომპანიებით, რომლებიც საზოგადოებას ინტენსიურად ესაუბრებიან საკუთარ პროექტებზე. შესაბამისად, გამოწვევა მარტივი არ ყოფილა. გვინდოდა, შეგვექმნა იდენტობა, რომელიც კონკურენტულ გარემოში გამოირჩეოდა და საკუთარ სათქმელს მკაფიოდ, დასამახსოვრებლად იტყოდა.

M: რა შეიქმნა უშუალოდ რებრენდინგის ფარგლებში?

გურამ ასათიანი: თავდაპირველად შეიქმნა სახელი „ფორმუსი“, რომელიც გამოხატავს კომპანიის მოქნილობას, მომხმარებლის ინტერესებზე მორგების უნარსა და ახალი არქიტექტურული კონცეფციებისა თუ ტექნოლოგიებისადმი ღიაობას. „ფორმუსში“ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია იპოვოს საკუთარი ფორმა, როგორც სასურველი ბინისა და ცხოვრების შესახებ არსებული ჩანაფიქრის რეალური გამოხატულება.

მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიგნება იყო სლოგანიც: „შენებისთვის“, რომელიც ომონიმური მნიშვნელობების საშუალებით ორ სათქმელს აერთიანებს: პროექტები იქმნება შენთვის და მათთვის, ვინც გიყვარს; პარალელურად კი, გულისხმობს შენებისთვის, აღმშენებლობისა და უკეთესი მომავლის შექმნის კონტექსტში.

M: როგორია და რას გამოხატავს ვიზუალური ბრენდინგი? რა კონცეფციას ეფუძნება იგი?

ესო ჯღამაძე, „მოზაიკას“ არტდირექტორი: ვიზუალურმა ბრენდინგმა სახელის შინაარსობრივი თხრობა ბუნებრივად დაასრულა და კონცეფციას ახალი განზომილება შესძინა. ჩვენი მიზანი სტატიკური, მონოლითური ფორმისგან თავის არიდება და საზოგადოების ცნობიერებაში თანამედროვე, დინამიკური მიდგომით დამკვიდრება იყო.

ამიტომ შეიქმნა ლოგო, რომელიც ლოგოების ერთიან სისტემას ქმნის. სისტემის ფარგლებში უცვლელი რჩება საერთო ჩარჩო, ხოლო ცენტრალური ფორმები თავისუფლად და მრავალფეროვნად იცვლება. ლოგო გარემოებისა და საკომუნიკაციო საჭიროებების შესაბამისად გარდაიქმნება, თუმცა ეს ცვლილება მკაფიოდ განსაზღვრული და თანმიმდევრული წესების მიხედვით ხდება. შედეგად იქმნება მოქნილი, ამავდროულად კი, ერთიანი და ადვილად დასამახსოვრებელი ვიზუალური იდენტობა.

M: საბოლოო ჯამში, როგორია განახლებული „ფორმუსი“, როგორც ბრენდი?

ესო ჯღამაძე: განახლებული „ფორმუსი“ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან საკუთარი სოციალური და საცხოვრებელი ფორმები, თანამედროვე, მათ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული არქიტექტურის საშუალებით.

[R]

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება 

42-კილომეტრიანი გზა და 5 რიტმი – „ჯი-თი მოტორსი“ ისევ ბერლინის მარათონზე