5
Oct
2019

ჯადოსნური სიტყვა “მპპდ” – ანუ როგორ შეიქმნა “ალდაგის” კამპანია

5 Oct 2019

“მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა” – საკმაოდ გრძელი ფრაზაა არა? თუმცა, ყველაზე საჭირო მომენტში ნამდვილად შეუძლია, ავტოსაგზაო შემთხვევისას, განრისხებული ადამიანების დამშვიდება და პრობლემების დაპატარავება. აი, თავად სახელის ოთხსიტყვიანი ფრაზით მოხსენიება კი, არც ისე კომფორტულია. უფრო მარტივი იქნება, რაიმე ერთი სიტყვით თუ ვახსენებთ. და რა შეიძლება იყოს ეს ჯადოსნური სიტყვა, რომელიც მძღოლებს ყველაზე კრიზისულ მომენტში წაადგებათ? სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა“, სააგენტო JWT Metro-სთან ერთად, წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ახალ მომხმარებლებს, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას სჩუქნიდა. ამას გარდა, მთლიანი კომუნიკაცია მარტივ პრინციპზე იყო აგებული – დაზღვევის ოთხსიტყვიან სახელს მარტივი ალტერნატივა – მპპდ – მოუძებნეს და დიდი პრობლემების დაპატარავებაც ასე დაიწყეს. კამპანიის დეტალებზე მის შემქნელებს ვესაუბრეთ.

ლადო მალაზონია, JWT Metro-ს სტრატეგი: “ი-ბი-არ-დი”, “ელ-გე-ბე-ტე”, “ბე-ემ-ვე”… – როგორც ჩანს, ქართული ენისათვის არცთუ-ისე ორგანულია ნათარგმნი აბრევიაციის გამოყენება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა ორიგინალური, თუნდაც უცნაურად ჟღერადი აბრევიატურა ამოცანას ყველაზე უკეთ ხსნის. მაგალითად, ქართველი მძღოლებისათვის მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევის (საკმაოდ გრძელი და რთულად აღსაქმელი სახელია, არა?!) ახლებურად გაცნობა და პროდუქტით დაინტერესება უფრო მარტივადაა შესაძლებელი თუ შექმნი ახალ, ჯადოსნურ სიტყვას – მ.პ.პ.დ.
სწორედ ასე ვიფიქრეთ ჯეი-დაბლიუ-თი მეტროში, როცა ალდაგისგან ახალი სადაზღვევო პროდუქტის სახელდებისა და კომუნიკაციის წარმოების დავალება მივიღეთ და შედეგად შევქმენით კამპანია, რომელმაც, როგორც მინიმიმუმ, საკმაოდ ბევრი ღიმილის ემოცია დაიმსახურა.”

 

კამპანიის მიზნებსა და საკომუნიკაციო მიმართულებებზე კი, “ალდაგის” PR განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან მაღალაშვილი გვესაუბრა.

M: რა იყო მთავარი სათქმელი?

კამპანიის მიზანი თავად მპპდ-სთან მიმართებაში ცნობადობის ამაღლება იყო. ჩვენ ვთვლით, რომ ვიდრე მპპდ (მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა), სავალდებულო გახდება, ჩვენმა მომხმარებელმა უკეთ უნდა გაიცნოს ეს პროდუქტი. მპპდ შექმნილია იმისათვის, რომ გზაზე პრობლემები თავიდან ავირიდოთ, ამიტომ ჩვენ მას ჯადოსნური სიტყვის დატვირთვა მივეცით და ვთქვით, რომ მპპდ აპატარავებს პრობლემებს გზაზე. სწორედ ეს სცენარია კლიპში დადგმული და ამასთან, ცხადად ჩანს ის რეაქცია, რომელიც გვაქვს ხოლმე, როდესაც ჩვენი ავტომობილით ძვირადღირებულ ავტომანქანას ვეჯახებით. მთავარი სათქმელიც ეს იყო – პრობლემა ძალიან მსუბუქდება, თუკი გაქვს მპპდ.

 

M: რას მოიცავდა მპპდ-ს კამპანია?

კომუნიკაცია დავიწყეთ კლიპით, სადაც ვნახეთ მპპდ-ს ჯადოსნური ძალა. ვინაიდან იდეა პრობლემების დაპატარავებაზე იყო აგებული, მას მოჰყვა დიჯიტალ კამპანია – დისნეის ბოროტი გმირები დავაპატარავეთ და ძალიან საყვარლები და სასაცილოები გამოვიდნენ. დაძაბული სიტუაციების შემსუბუქებაზე და მხიარულებაზე იყო ვიდეოკონტენტიც, რომელიც მპპდ-ს ფარგლებში გავაკეთეთ. მპპდ რეალურად აბრევიატურაა, მაგრამ საკმაოდ პოზიტიურად, სახალისოდ ჟღერს. მპპდს ლოგოც დაპატარავების იდეაზეა აწყობილი.

M: როგორ აითვისეთ სამიზნე აუდიტორია?

მპპდ-ს კომუნიკაციით ასობით ათას ადამიანს მივწვდით. კამპანიას ინტეგრირებული სახე ჰქონდა და ყველა არხში იყო გაშლილი. შესაბამისად, მპპდ-ს შესახებ, რომელიც მალე ყველა მძღოლს დასჭირდება, დღეს უფრო მეტი ვიცით, ვიდრე გუშინ, ამიტომ ჩვენს მისიას შესრულებულად ვთვლით.

[R]

განხილვა