in

რისთვის შეიქმნა Mr.Rex და კიდევ რას უნდა ველოდოთ მისგან ?

BOG
BOG

GPI Holding-ის ახალი საკომუნიკაციო კამპანია გრძელდება. მთავარი გმირის მისტერ რექსის მონაწილეობით უკვე სამი ვიდეო რგოლი გამოვიდა. შეფასებები არაერთგვაროვანია და დასაწყისში, კომუნიკაციის ნაკლებობის გამო, ბუნდოვანი იყო, რისი თქმა სურდათ ავტორებს.

tinatin-stambolishviiმისტერ რექსის პლატფორმის იდეა და რგოლები სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ს ეკუთვნის. GPI Holding-ის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ საკომუნიკაციო კამპანიის დაწყება ორი მიზეზით გადაწყდა.

ინფორმაციის ნაკლებობა, რომელიც, მისი თქმით, ბარიერია ადამიანებისთვის, რომ შეიძინონ დაზღვევა. მეორე კი სადაზღვეო სექტორის მიმართ არსებული ნდობის ნაკლებობაა.

“ამისთვის კომუნიკაცია აუცილებელია, თანაც, ის უნდა იყოს ეფექტური. ადამიანებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, ზოგადად, დაზღვევისა და ჩვენი პროდუქტების შესახებ, რას ვთავაზობთ და რას მიიღებენ მომხმარებლები. ეს კამპანია არ არის მხოლოდ სატელევიზოო რგოლები, თემა გაიშლება სხვა მედიაშიც. თვითონ კამპანიის მიზანია: ერთი-ჩვენს გარკვეულ პროდუქტებზე ცნობადობის ამაღლება და მეორე-რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი იფიქროს დაზღვევაზე. ეს არის სარეკლამო პლატფორმა, რომელსაც დაეფუძნება ყველანაირი კომუნიკაცია და მისტერ რექსი იქნება ყველა მესიჯის კომუნიკატორი.

როგორ გაჩნდა რექსი, რატომ კაცისა და ძაღლის კომბინაცია და როგორია, ზოგადად, მისი კონცეფცია?

როდესაც კონცეფციაზე ვფიქრობდით, იყო რამდენიმე ამოცანა. პირველი-მიგვაჩნია, რომ ერთ პერსონაჟს შეუძლია უკეთ მოახდინოს კომუნიკაცია სხვადასხვა მესიჯებით. თანაც, ეს არის ისეთი კონცეფცია, რომელიც შეიძლება ბევრ მედიაში, ბევრნაირად გამოიყენო. როდესაც კონკრეტულ პერსონაჟზე დავიწყეთ ფიქრი, მთავარი იყო, ადამიანები დადებითად განეწყო, ნდობა დაემსახურებინა და ასევე ყოფილიყო ადვილად დასამახსოვრებელი. ერთგულების, პარტნიორობის კონცეფციას, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად მიესადაგება ძაღლი.

მომხმარებელმა კარგად უნდა აღიქვას, რომ რთულ მომენტებში კომპანია გვერდით დაუდგება. მნიშვნელოვანია პერსონაჟის ადამიანური ბუნებაც. ჯიში შევარჩიეთ იმის მიხედვით, თუ რა არის საქართველოში პოპულარული. თანაც ლაბრადორი ყველაზე გონიერი, არააგრესიულია. ამასთან, უნდა ყოფილიყო პროპორციული ადამიანის ტანთან. მისტერ რექსი დამზადდა ბრიტანეთში/ სტუდიაში, რომელსაც უმუშავია “ჰარი პოტერზე”, “ვარსკვლავების ომებზე” და ა. შ. თვითონ მისტერ რექსი ძალიან სიმპათიური რუმინელი მსახიობია.

rex-ppl

Old  Spice-ის რეკლამაში გამოყენებული იყო ერთ-ერთი ცხოველი (wolf dog). მაშინ ამ კამპანიამ არაერთგავროვანი შეფასებები გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმუშავებს მისტერ რექსის კამპანია?

რაც შეეხება Old  Spice-ს, რეაქციები მართლაც არაერთგვაროვანი გამოიწვია, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი რგოლი და დღემდე ძალიან რეიტინგულია. ცხოველებს კამპანიებში ბევრი იყენებს, მათ შორის სადაზღვეო კომპანიებიც. მაგრამ, ამ პერსონაჟის ანალოგი ვერ ვნახეთ. ჩვენი აზრით, აბსოლუტურად ორიგინალური იდეაა და დარწმუნებულები ვართ, იმუშავებს.

პირველმა რგოლმა ცოტა გაუცხოება გამოიწვია და გასაკვირი არც არის. როცა უყურებ ადამიანს და აქვს ძაღლის თავი, რეაქცია ბუნებრივია. მერე ეჩვევი, მეგობრულად და დადებითად განეწყობი ადამიანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ნახავს, რომ მისტერ რექსის დანიშნულება მათი დახმარება და პრობლემების გადაწყვეტაა. ეს არის დაზღვევის არსიც – რთულ სიტუაციაში არ დატოვოს ადამიანი მარტო და პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღოს.

ამბობთ, რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო მთავარი, რის გამოც მისტერ რექსის გამოჩენამ დაბნეულობა გამოიწვია. კამპანიის პრეზენტაციაც უკვე პირველი რგოლის გასვლის შემდეგ მოხდა. როგორ გაგრძელდება კამპანია მომხმარებლებისთვის?

დარწმუნებული ვარ შემდეგ რგოლებში უკვე გამოიკვეთება ამ პერსონაჟის თვისებები. გამოიკვეთება ის, თუ რა არის ამ პერსონაჟის მიზანი და რა არის მესიჯი, რომლის გადაცემაც კომპანიას უნდა. პირველი იყო მხოლოდ პერსონაჟის წარდგენის რგოლი და როცა გაიშლება უკვე პერსონაჟი, დარწმუნებული ვართ, ყველას ძალიან შეუყვარდება.

თვითონ რეკლამის ტექნიკურ შესრულებაზე რას იტყვით? დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, როცა რექსი რძით სავსე ჭიქით გამოჩნდა, მეორე რგოლში ჩანს მანქანის კონკრეტული ფირმა, როცა ერთი რგოლის პერსონაჟი ადგილობრივ ქალბატონებს ძროხას ადარებს, (თქვენი კამპანიის მიმართ “ფრთხილად საჭესთან ქალია” გარკვეული შეკითხვები უკვე არსებობდა), საკმაოდ პოპულარული “საძინებლის თემა” სარეკლამო რგოლებში? რამდენად “იმუშავებს” ეს რგოლები?

თავიდან რომ დავიწყოთ – მისტერ რექსი არ ეტანება ალკოჰოლს, რატომ მაინცდამაინც რძე? არაორდინალური პერსონაჟია და ამაზე ბევრი არ გვიფიქრია. რაც შეეხება ირიბ რეკლამას, შესაძლოა, ავტომობილის კონკრეტული მარკის გარდა, იქ სხვა რამეც ჩანს, მაგრამ არ მგონია ეს პრობლემატური საკითხი იყოს.

როდესაც რექსი ძროხას ეუბნება “ევოლუციურად არც ისე შორს ვართ ერთმანეთისგან”, აქაც, მგონი, არაფერია გასაკვირი. არც ის, რომ ძროხა მდედრობითი სქესისაა. “საძინებლის” სცენაც კი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ცხოვრებისუელი სცენაა, იუმორით გადაწყვეტილი. თან მიბმულია მთავარ სათქმელთან.

რატომ “დაზღვევა, რომელიც გყავს” . . .?

რექსის სახით მომხარებელს ჰყავს პარტნიორი, რომელიც რთულ სიტუაციებში გადაწყვეტის გზებს აუცილებლად მოძებნის, პრობლემებს საკუთარ თავზე აიღებს და ჰყავს მეგობარი, რომელსაც შეუძლია ენდოს. ამიტომ, თქვენ “გყავთ დაზღვევა” GPI Holding-ისგან.

კიდევ რა აქტივობები იქნება კამპანიის ფარგლებში?

მისტერ რექსი არ იქნება მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში, ის ცოცხალი პერსონაჟია. აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ხელმისაწვდომია ფეისბუქზეც. ის იქნება კომუნიკატორი, რომელიც დაზღვევის თემაზე სხვადასხვა სივრცეში პროფესიონალურ დონეზე ისაუბრებს.

კამპანიის დასაწყისი ნამდვილად იყო ყურებადი. თუმცა, რომ მიაღწიოთ მთავარ მიზანს, იყოს სანდო და მომხმარებელმა შეიძინოს თქვენი დაზღვევა, საკმარისია მხოლოდ ყურებადობა?

ყურებადობა არის პირველი, რაც აუცილებელია. მეორე არის ის, რამდენაც გასაგებად აწვდი მესიჯებსა და მთავარ სათქმელს მომხმარებელს. ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს. ეს კამპანია მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე ავაწყვეთ. გვინდა, თვალნათლივ დავანახოთ მომხარებლებს, თუ რაში გამოადგებათ დაზღვევა.

კამპანიის დასაწყისით, თუნდაც რგოლებით, კმაყოფილი ხართ? რა მოლოდინები გაქვთ თქვენ თვითონ?

ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. საქართველოსთვის ძალიან არააორდინალური კამპანიაა და გვაინტერესებს როგორ მიიღებს ამ პერსონაჟს საზოგადოება. მიგვაჩნია, რომ შეეჩვევიან მას. პოზიტივისა და დადებითის გარდა მისტერ რექსს არაფერი მოაქვს. რაც შეეხება თვითონ რგოლებს, თუ საქართველოს სარეკლამო ბაზარს დავაკვირდებით, ვთვლით, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციაა, იგივეა პროდაქშენის თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, სრულყოფილი არაფერია, შესაძლოა, ვიღაცამ რაღაც აღმოაჩინოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვთვლით, რომ დასახული ამოცანა შესრულდება.

Forum By New Light – ფორუმი ახალი ნათებისგან

შეიძინე მაკიაჟი უკვე ქუჩის აპარატებში