31
Dec
2018

დღის შუქზე გამოსვლა – ნიკა ჟღერიას #აზრები 

31 Dec 2018

M2


პრინციპში, ეს სათაურია მიზეზი, ახლა რომ ამ სტატიას კითხულობთ, რადგან წელს გამოვჩნდით პირველად, შედარებით ფართო აუდიტორიისთვის ბაზარზე, გავწევრიანდით ACAG-ში [საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია], ბევრი საინტერესო ადამიანი დავიმეგობრეთ, წარმატების გემოც გავიგეთ, მოგვეწონა და ვრჩებით.

ახალ წლამდე ცოტა დროა, ჰოდა, სანამ ყველანი საცივში თავით გადავშვებულვართ, ორიოდე სიტყვით ჩვენც გვინდა განვლილი 2018 წელი შევაჯამოთ:

პირველი და ყველაზე თვალში მოსახვედრი, ალბათ, ის ფაქტია, რომ წელს ორჯერ მეტნი ვხვდებით ახალ წელს ვიდრე შარშან, რაც ძალიან გვახარებს.

პროექტები ბევრი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ გასული წელი გარკვეულწილად მაინც საკუთარი იდენტობის ძიებაში გავატარეთ, ეს პროექტებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა.

იყო რამდენიმე ძალიან საინტერესო ბრენდინგ პროექტი, გვქონდა ანიმაციების სერია „ენთებთან“ ერთად, რომლითაც ძალიან ვამაყობთ და რომლის ფარგლებში, „საქართველოს ბანკთანაცვითანამშრომლეთ, არჩევნების დღეს კი (აბა არჩევნების გარეშე როგორ იქნებოდა წლის შეჯამება?!) „ზომასთან“ ერთად, „ივენთიც“ დავგეგმეთ ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანი არჩევნებში მათი მეტი ჩართულობა იყო.

წლის ყველაზე მთავარი და ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი პროექტი ოქტომბერში დავიწყეთ „მაკდონალდსთან“ ერთად, რომლის ფარგლებშიც მათი კორპორატიული ვებგვერდის სრულიად ახალი ვერსიის დამზადებას შევუდექით და იმედი გვაქვს, იანვარში ჩვენთვის ძალიან საამაყო შედეგითაც დავასრულებთ ამ პროექტს.

თუმცა 2018-ის საუკეთესო მომენტი, ცალსახად, მაინც „ევრობესტის“ ახალგაზრდული კონკურსის შესარჩევი ეტაპის შედეგების გაგება იყო. გვიან საღამოს გვერდის გაუთავებელი „რეფრეშის“ შემდეგ, ცალი თვალით რომ შევხედე გამარჯვებულების სიას და იქ Mr.Wolf ამოვიკითხე, კარგა ხანი გაურკვეველი მოძრაობებით და ხმებით აღვნიშნავდი ამ ამბავს (თუ ვინმემ ამ დროს დამინახეთ, ბოდიში).

მოგზაურობის გარეშეც არ ჩაუვლია ამ წელს. შარშან, საახალწლოდ მთელ სააგენტოს ბუდაპეშტის ბილეთები ვაჩუქეთ და თებერვალში რამდენიმე დღით საკმაოდ კარგი დროც გავატარეთ. იმდენად კარგი დრო, რომ გადავწყვიტეთ არც წელს დაგვევიწყებინა ეს აწ უკვე ტრადიციად ქცეული ფაქტი და ამ წინასაახალწლოდ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა მთელი გუნდისთვის საჩუქარი. მოკლედ, ამჯერად მარტში კვიპროსზე მივდივართ.

ახლა კი მოულოდნელი ექსკლუზივის დროც დადგა:

თებერვლიდან, ჩვენი რებრენდინგის პროცესიც დასრულდება და ახალი სახელით, იდენტობითა და გაათმაგებული შემართებით გავაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას.

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის „ვინდფორსს“, რადგან ACAG-ის Secret Santa-ში მათი ნაჩუქარი პოლაროიდი რომ არა, ჯგუფური ფოტოს გადაღება კიდევ დიდხანს დაგვეზარებოდა.

 

განხილვა