არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განსხვავებულები ვართ, რამდენად კონტრასტულია ჩვენი შეხედულებები, რწმენა თუ რწმუნებულება. ჩვენ გვაერთიანებს სამშობლო, ამ სიყვარულის გამოხატვა კი ბევრნაირად არის შესაძლებელი. არ არსებობს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ საფუძველი თქვან, რომ მათი სიყვარული უფრო ძლიერია ან მათი სიმართლე უფრო მართალი. სინამდვილეში, სულაც არაა აუცილებელი ყველა ერთნაირად ვხედავდეთ სამშობლოს იმ ნაწილს, რომელიც გულით დაგვაქვს. არ არსებობს ერთი მართალი მხარე, ვართ ჩვენ – ყველა, რომლებიც ვქმნით იმ მთლიანობას, რასაც ჩვენი სამშობლო ჰქვია.
როგორც აღმოჩნდა, კონტრასტულობაც კი მშვენიერია ამ ქვეყანაში. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ Tamada-ს დუეტი გიორგი უშიკიშვილთან – „დარდიმანდული“ ელექტრონული მუსიკის დამეგობრება ქართულ ფოლკლორთან? ან ნინო ბაშარულისა და ერეკლე დეისაძის, დათო ჯიქიასა და ნატო მეტონოძის დუეტები? ასე ხდება, როცა განსხვავებას წინააღმდეგობად არ აღიქვამ.
რომ არა ასეთი ხედვა, არ შეიქმნებაოდა სამი შესანიშნავი მუსიკალური კომპოზიცია, რომელშიც გამოიძერწა კამპანიის მთავარი სათქმელი. „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის, Leavingstone-ის და USAID/Georgia-ს ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ერთობლივი კამპანიაა, რომელიც სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სანამ Leavingstone-ელ მინდია არაბულს კამპანიის შესახებ ჩავეკითხებოდეთ, აქვე, კამპანიის პირველი სიმღერის მოსმენა ხომ არ გესიამოვნებოდათ?
M: მინდია, როგორ მიხვედით შემოქმედებითი ჯგუფი ბრიფის გადაწყვეტამდე?
ბრიფი სწორედ იმას ეხებოდა, რომ დღითი-დღე ქართულ მედიასივრცეში რადიკალური, შოვინისტური და განხეთქილების შემომტანი ხმების რაოდენობა იზრდება. ეს არაბუნებრივი პროცესია – ჯერ ერთი, იქიდან გამომდინარე, რომ მათი უმეტესობა რუსული საგარეო პოლიტიკის ნაწილია და ბიუჯეტიდან ან კრემლთან აფილირებული ხალხის ჯიბიდან ფინანსდება. აღარ მგონია, ვინმე ამას მალავდეს – თავად ამ ჯგუფების ჩათვლით. და მეორეც – იზოლაციონიზმი ქართული კულტურისთვისაა არაბუნებრივი.

გვქონდა იდენტიფიცირებული პრობლემა და ეს პრობლემა იყო პრო-რუსული ჯგუფების მიერ დამაზიანებელი, განხეთქილების შემომტანი ნარატივების პროპაგანდა საქართველოში. ჩვენი მიზანი იყო, რომ კოალიციას ინფორმაციის სანდოობისთვის ჰქონოდა პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმა და უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ქართველისთვის მიეწვდინა ხმა. უშუალოდ ამ იდეის მიმართულებით, Zinc Network-თან ერთად უკვე მუშაობის პროცესში დავიძარით.
მრავალი იდეა გვქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც იქამდე მივედით, რომ ამ ფსევდო-ქართული ხმების გადაფარვა ავთენტურ, მრავალფეროვან და მიმღებ ქართულ ხმას თუ შეეძლო.
M: რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებაში?
კამპანიის სახელი „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ გზავნილსაც გადმოსცემს – ძალიან მარტივია, რომ ერთი ხმა, ერთი პოზიცია, ერთი ჯგუფი გამოარჩიო და სხვა დანარჩენი მის არასრულ ვარიაციად შერაცხო. ეს მიდგომა არამხოლოდ სხვების მიმართაა დამაზიანებელი – შენც ჩაკეტილ სივრცეში გტოვებს.
ქართული კულტურა, ისევე როგორც საზოგადოება საკმარისად ძლიერია, რომ განსხვავებული შეითავსოს და არათუ დაზიანდეს – გამდიდრდეს კიდეც. ყოველთვის ასე ხდებოდა და ამით ვარსებობთ დღემდე.
M: კამპანიის კონცეფციაზე გვიამბე. ასევე, რა პრინციპით შეარჩიეთ შემსრულებლები?
სულ 6 შემსრულებელი გვყავს. პირველი წყვილი Tamada და გიორგი უშიკიშვილი – ექსპერიმენტული თანამედროვე ქართული მუსიკის და ტრადიციული ფოლკლორის გადაკვეთა. მეორე წყვილია დათო ჯიქია და ნატო მეტონიძე – აქ მუსიკალური თაობების კომბინაციისკენ წავედით. მესამე წყვილი ნინო ბაშარული და ერეკლე დეისაძე – ნინოს შემოქმედება მთის მოტივებს უკავშირდება, ერეკლე კი უფრო ურბანულ შემსრულებლად ხასიათდება. და რაც განსაკუთრებით მახარებს და ოდნავ მაოცებს კიდეც – შექმნილი კომპოზიციები ერთდროულად თითოეული არტისტის იდენტობას ატარებს და ამავდროს, ამ გადაფარვებში მესამე, სრულად ახალი ხმის ნიშნებიც ჩნდება. მგონია, რომ ესაა როგორც კულტურის, ასევე საზოგადოების თვითქმნადობის პროცესი.
ასევე, არ იქნება მებო ნუცუბიძის და ბეთხოს ნაღვაწის არდაფასება – არტისტებთან ერთად ისინი უდგანან ამ ალქიმიას უკან.
M: როგორ წარმოგიდგენიათ კამპანიის მოსალოდნელი შედეგი?
იმაში, რომ სიმღერები დარჩება და დარჩება, ეჭვი არ მეპარება. და თუ ამასთან ერთად სხვა ხელოვანებიც, ჟურნალისტები, საზოგადო პირები – ნებისმიერი ადამიანი, ვისი ხმაც ხალხს წვდება მიხვდება, რომ ხმის ქონა პასუხისმგებლობაა და არ ღირს მისი გამოყენება განხეთქილების შემოსატანად, ესე იგი კარგი საქმე გავაკეთეთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი