in

მრავალჯერადი ჭიქების სისტემა „ფაბრიკაში”, როგორც გარემოზე ზრუნვის მაგალითი

ფოტო: გიორგი მამასახლისი

დღესდღეობით ბიზნესისთვის მხოლოდ პროდუქტის/სერვისის მიწოდება კი არა, გარემოზე ზრუნვაც პრიორიტეტულია. კომპანიები სულ უფრო აქტიურად ნერგავენ ცირკულარულ ეკონომიკას – ინოვაციურ მოდელს, რომელიც რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას, ნარჩენების მინიმიზაციასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, აღნიშნული პრაქტიკა ბიზნესებისთვის ფინანსურადაც სარგებლის მომტანია, რადგან ხარჯების შემცირებასა და არსებული ნივთების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული.

marketer-მა უკვე გიამბოთ ხელახალი გამოყენების სისტემების შესახებ, რომელიც ხორციელდება ცირკულარული ლაბორატორიის წევრ ბიზნესებთან ერთად. მათ შორის არის ყველასთვის პოპულარული და ცნობილი ადგილი „ფაბრიკა”, რომელიც ეკომეგობრულ სიახლეებს ნერგავს და თავის მომხმარებელსაც ასეთ გარემოს აჩვევს. 

გთავაზობთ ინტერვიუს სალომე კუპრაშვილთან, ფაბრიკის მარკეტინგის მენეჯერთან, რომელიც გვიყვება, როგორ ამკვიდრებს ფაბრიკა ეკომეგობრულ სიახლეებს.

M: რა ეკომეგობრული სიახლეები დაიგეგმა ფაბრიკაში და რა იყო ამისი მიზეზი?

ფაბრიკაში ვნერგავთ მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების სისტემას, რომელიც ერთჯერადი პლასტმასის ჭიქების შემცირებას ემსახურება. იდეა თავდაპირველად გაჩნდა ფაბრიკის რეზიდენტების ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც რეგულარულად განვიხილავთ ხოლმე მომავალ გეგმებსა და საერთო ინტერესებს. პირველად აქ გაჟღერდა იდეა მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების პრაქტიკის შესახებ. შემდეგ ჩვენმა ერთ-ერთმა რეზიდენტმა CENN-ის ეკოაქსელერაციის პროგრამაზე გვიამბო და ეს გახდა პირველი ბიძგი.

ძირითადი მიზეზი კი პრაქტიკულად ყოველდღიურობაში ჩანს: ფაბრიკაში ყოველდღე, განსაკუთრებით კი უქმეებზე, გროვდება დიდი რაოდენობით ერთჯერადი ჭიქა, რომელიც, სამწუხაროდ, ვერც ხარისხდება და ვერც გადამუშავდება. მომხმარებელი ხშირად ერთ ვიზიტზე რამდენიმე ერთჯერად ჭიქას მოიხმარს, რაც ერთჯერადი მოხმარების მასშტაბებს კიდევ უფრო ზრდის. როდესაც დავთვალეთ, აღმოჩნდა, რომ წელიწადში მხოლოდ ფაბრიკიდან ნაგავსაყრელზე ნახევარ მილიონამდე ერთჯერადი ჭიქა ხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია ვაგროვებთ გადამუშავებად პლასტმასას და ვთანამშრომლობთ ტენესთან, რომელიც ამ მასალას საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს, ერთჯერადი ჭიქების პრობლემა კვლავაც დიდ მოცულობას იკავებს ფაბრიკის ნარჩენებში. 

შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, შევამციროთ ისეთი ნარჩენი, რომელიც გარემოს პირდაპირ ზიანს აყენებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვენერგა მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების სისტემა, პრაქტიკული, მარტივი და ეფექტური გზა, რომელიც ჩვენს სტუმრებს საშუალებას მისცემს, საკუთარ ყოველდღიურ ჩვევებში მცირე ცვლილებით დიდი გავლენა მოახდინონ.

ესაა მცდელობა, გავხადოთ სივრცე უფრო პასუხისმგებლობიანი, როგორც მის შიგნით, ისე გარეთ.

M: როდიდან იქნება სიახლე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და როგორ იმუშავებს ეს სისტემა?

სისტემა სრულად ამოქმედდება ივნისიდან. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, სასმელი მიიღოს მრავალჯერად ჭიქაში, რომლისთვისაც 3-ლარიან დეპოზიტს დატოვებს. ჭიქასთან ერთად სტუმარი იღებს ტოკენს, რომელიც უნდა შეინახოს. გამოყენების შემდეგ სწორედ ჭიქისა და ტოკენის ერთად დაბრუნებას შეძლებს ფაბრიკის ობიექტებში და უკან დაიბრუნებს დეპოზიტს. ეს არის ძალიან მარტივი ცირკულარული სისტემა: აიღე. დააბრუნე. თავიდან გამოიყენე. მომხმარებელიც ამ სისტემის ნაწილი ხდება. თითოეული დაბრუნებული ჭიქა ნიშნავს ერთჯერადი პლასტმასის ნაკლებად გამოყენებას.

ეს სისტემა ჩვენს რეალობაში სიახლეა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალიან მალე  გახდება ჩვევის ნაწილი. 

ფაბრიკის რეზიდენტები და სტუმრები ხშირად თვითონაც ეძებენ ეკომეგობრულ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა: ქაღალდის გადამუშავება, ნივთების მეორეული გამოყენება, პლასტმასის ბოთლების შეგროვება. ამიტომ ეს პროექტი სწორედ იმ ღირებულებებზეა აგებული, რასაც ისინი იზიარებენ. ვფიქრობთ, იმ ხალხისთვის, ვინც ფაბრიკაში დადის, ერთ-ერთ წამყვან ფაქტორს წარმოადგენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გარემოზე ზრუნვა.

M: რატომ ირჩევს ფაბრიკა ხელახალი გამოყენების სისტემას?

ამ სიახლის დანერგვა მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმიტომ, რომ მდგრადობა ფაბრიკისთვის ერთჯერადი ინიციატივა არ არის, ეს ერთგვარი დიდი სურათის ნაწილია. თავად ფაბრიკაც ხომ ძველი ინდუსტრიული შენობის ხელახალი გამოყენებით შეიქმნა. არსებული შენობებისთვის ახალი ცხოვრების მიცემა და არა მათი დანგრევა და ახლის აშენება, გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა. 

მრავალჯერადი სისტემები უკვე დიდი ხანია ნორმად იქცა ევროპის ბევრ ქალაქსა და ფესტივალზე. ჩვენ გვინდა, ეს კულტურა ლოკალურადაც დამკვიდრდეს და გვჯერა, რომ ჩვენი ვიზიტორების დახმარებით შევძლებთ ამას. 

M: რა მოლოდინი აქვს ფაბრიკის გუნდს ამ სიახლესთან დაკავშირებით?

ფაბრიკაში მოქმედი კაფე-ბარები: თონე, კამორა, მულენი, ლონდა, GUM, წიბახა, პოპოლო, პაიპსი, საამური და ფაბრიკა ჰოსტელი – გაერთიანებული ძალებით ნერგავენ ამ სისტემას. თითოეულ მათგანს ამოძრავებს სურვილი, რომ სივრცეში მომუშავე პროცესი რაც შეიძლება ნაკლებ ზიანს აყენებდეს გარემოს.

ჩვენი მოლოდინია, რომ სტუმრებისთვის ეს ინიციატივა გახდება ყოველდღიური ჩვევის ნაწილი, როგორც მარტივი ქმედება, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს.

ეს თავად ბრენდის პოზიციაა, თუმცა, რამდენად მზად არის სიახლეებისთვის რიგითი მომხმარებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ დარჩეს, აქტივისტ სოფო ბუაძეს მივმართეთ და მისი დაკვირვება გავიზიარეთ:

„ჩვენ საზოგადოებაში ნელ-ნელა იზრდება მზაობა ეკომეგობრული ცვლილებების მისაღებად. განსაკუთრებით ახალგაზრდებში ვხედავთ მზარდ დაინტერესებას გარემოს მიმართ. ჩვენც, (Grlzwave) ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი პლატფორმა იმ საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე მომავლის სურათზე – ხშირად ვამზადებთ კონტენტს, რომელიც სწორედ ამ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რა თქმა უნდა, თავიდან ცვლილების დანერგვა რთულია, ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პოზიტიური მაგალითი, რაც შთააგონებს სხვებსაც და აჩვენებს, რომ თუნდაც ერთი ჭიქით, შესაძლებელია გარემოზე ზრუნვა. ფაბრიკის ნაბიჯი ამ კუთხით მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, ამ კონკრეტულ ცვლილებას უმეტესობა დადებითად შეხვდება. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით ხალხმრავალ დღეებში, როცა ბევრი ადამიანი იღებს ალკოჰოლს, ძალიან შემაწუხებელი იყო, როცა ფაქტობრივად ყოველი კუთხე, სავსე იყო მიგდებული პლასტმასის ჭიქებით. ეს არ იყო მხოლოდ ვიზუალური დაბინძურება – ეს ქმნიდა შეგრძნებას, რომ სივრცეს პატივს არ ვცემდით.

ახლა კი ჭიქის საფასური იმოქმედებს როგორც მცირე, მაგრამ ეფექტური ბერკეტი – როდესაც ადამიანს ეცოდინება, რომ ეს მისი საკუთრებაა და უნდა დააბრუნოს ან გაუფრთხილდეს, ქცევა თავისთავად შეიცვლება”.

სტატია მომზადებულია პროექტის, „თბილისის ცირკულარული ლაბორატორია“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) CENN-თან თანამშრომლობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.

[R]

ბავშვების ერთგული მეგობარი კუპატა – როგორ შექმნა GARNAMATAC-მა საქართველოს ბანკის ანიმაციური რგოლი

27 ჯილდო! ქართული სააგენტოების შედეგები KIAF 2025-ზე