ტვინის განვითარების პირველი სქემის შესადგენად ასობით მეცნიერი მთელი მსოფლიოდან გაერთიანდა. პროექტი ყველა ასაკის ადამიანის MRI სკანირებას მოიცავს, რათა გვაჩვენოს თუ როგორ იცვლება ჩვენი ტვინი დროთა განმავლობაში.
მართალია, უკვე არსებობს გარკვეული მაჩვენებლები, რითაც ადამიანის განვითარებას თვალყურს ადევნებენ, მაგრამ ჯერჯერობით მაინც უცნობია, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანის ტვინი, როცა იგი 15 ან 45 წლისაა. ამის გასაგებად კი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან რიჩარდ ბეთლეჰემი და პენსილვანიის უნივერსიტეტიდან იაკობ სეიდლიცი ასობით მკვლევართან ერთად მუშაობდა.
უპირველესად, მათ მონაცემთა ბაზის შეგროვება სჭირდებოდათ, ხოლო რადგან fMRI სკანირება საკმაოდ ძვირი და შრომატევადი საქმეა, ისინი ასობით მკვლევართან გაერთიანდნენ.
„ბევრ მკვლევარს ვუკავშირდებოდით, რათა გაგვეგო რამდენად ჰქონდათ ჩვენთან ერთად სქემების შედგენაში მონაწილეობის სურვილი. როგორც მონაცემთა ბაზიდან ჩანს, ბევრი ამ საკითხს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, რამაც 6 კონტინენტსა და ათობით დაწესებულებაში პროექტი ერთობლივ გლობალურ ძალისხმევად აქცია“, — განმარტავენ კვლევის ავტორები.
საბოლოოდ 100 000-ზე მეტი ადამიანისგან 123 984 MRI სკანირება შეაგროვეს, რაც როგორც 15 კვირის ნაყოფს, ისე 100 წლამდე ადამიანებს მოიცავდა. მონაცემთა ბაზის მსგავსი მასშტაბით შედგენამ კი მკვლევრებს საშუალება მისცა გამოეთვალათ ის პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი დიაპაზონისთვის ტვინის ზომების ნორმალურ სპექტრს განსაზღვრავს.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ, მაგალითად, ტვინში არსებული ნაცრისფერი ნივთიერება პიკს 6 წლისას აღწევს, თეთრი ნივთიერება კი ზრდას 29 წლამდე აგრძელებს, ხოლო კლებას 50 წლის შემდეგ იწყებს. ახლა კი ფიქრობენ, რომ ამ შედეგებით მალე ექიმებიც იხელმძღვანელებენ.
„ეს ნევროლოგს საშუალებას მისცემს, უპასუხოს კითხვას — გამოიყურება თუ არა ტვინის კონკრეტული უბანი ატიპიურად და თუ კი, რამდენად ატიპიურია იგი“, — ამბობს ბეთლეჰემი.
საინტერესოა ისიც, რომ უკვე ინოვაციური MRI სკანირების აპარატებიც იქმნება, რომელიც არსებულისგან განსხვავებით, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„რადგან ტვინის სკანირება უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შედგენილი ტვინის დიაგრამები, საინტერესო ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად, ნეირომეცნიერებს დიდად გამოადგება. ხოლო მაშინ, როცა ეს ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ჩვენც კონკრეტული მონაცემები საჭირო მეთოდებითა თუ ხელსაწყოებით უკვე შეგროვებული გვექნება“, — აცხადებენ კვლევის წამყვანი ავტორები.











