უკვე მრავალი წელია, რაც მთელ მსოფლიოში სკოლისა თუ კოლეჯის გამოცდები გამოიყენება, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, სტუდენტების სწავლის შესაძლებლობების შესამოწმებლად. ალბათ, ისიც ხშირად გსმენიათ, რომ ბევრი გამოცდას საკუთარი ცოდნის საზომად არ მიიჩნევს… ახლა კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ტვინის სკანირებით სტუდენტების სწავლის შესაძლებლობების იმაზე უფრო ზუსტ საზომს მივიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივი კლასისა თუ ნიშნებზე დაფუძნებული სისტემები გვთავაზობს.
მეცნიერებმა კონკრეტული კვლევა უნიკალური სასწავლო გეგმის ცენტრში მოაქციეს, რომელიც აშშ-ის ზოგიერთ საჯარო სკოლაში ისწავლებოდა. მას „გეოსივრცითი კურსის“ სახელით გვაცნობენ. სასწავლო გეგმა კი სივრცით აზროვნებაზეა ფოკუსირებული, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გონების შესაძლებლობა, გამოიყენოს სხვადასხვა უნარი, ცოდნა თუ მოქმედება იმ სივრცისა და ობიექტების გასააზრებლად, რომლებიც ადამიანის ირგვლივ არის წარმოდგენილი.
„სივრცითი აზროვნება არის ძალა გონებრივად წარმოაჩინოს და სივრცეში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მანიპულირება მოახდინოს. მაგალითად, რუკის გამოყენება ადგილმდებარეობის საპოვნელად ან მარშრუტის განსაზღვრა“. სანამ სკოლის მოსწავლეები სივრცითი აზროვნების კურსს გადიოდნენ, მათი სწავლის უნარიც გაანალიზდა, როგორც ტვინის სკანირების, ისე ტრადიციული ტესტების გამოყენებით.
შედეგები კი ნამდვილად გასაოცარი იყო — აღმოაჩინეს, რომ ტვინის სკანირებამ გამოცდის ქულებზე უკეთ განსაზღვრა, რამდენი ისწავლეს მონაწილეებმა სივრცითი აზროვნების კურსიდან. მეტიც, MRI სკანირება დეტალებს „შორს გადაცემის“ შესახებაც ამჟღავნებს, ეს კოგნიტიური სწავლების მოწინავე ტიპია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, მიღებული ცოდნა ისეთი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს, რომლის მოგვარებაც მათთვის არავის უსწავლებია.
ხოლო ტესტების ქულები თუ შეფასებები „შორს გადაცემის“ სწავლების ტიპზე საერთოდ არაფერს გვეუბნება… თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ სკოლისა და კოლეჯის გამოცდებს სტუდენტების ფსიქოლოგიური და პიროვნული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის სტუდენტებს ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრის გარდა, დისციპლინის, თვითკონტროლისა და ჯანსაღი კონკურენციის გრძნობას უჩენს.
გამოდის, ტვინის სკანირება გამოცდების ჩასანაცვლებლად არც ისე კარგი იდეა იქნება, თუმცა ეს იმ კურსების მოსაძებნად შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომლებიც სტუდენტების სწავლის უნარს გააუმჯობესებს. ტვინის სკანირების მონაცემები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტად ეფექტური სასწავლო გეგმების შემუშავებაშიც დაგვეხმარება.
„ჩვენ ყველა ბავშვზე ტვინის სკანირების გადაღებას არ გთავაზობთ. ეს წარმოუდგენლად ძვირი და შრომატევადიც იქნება. თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ნეიროვიზუალიზაცია, რათა დავადგინოთ ის ცვლილებები, რომლებიც რეალურ სამყაროში კონკრეტული სასწავლო გეგმის სწავლას მოჰყვება. შემდეგ კი ამ ცვლილებებს სხვადასხვა სასწავლო გეგმასთან შესადარებლად გამოვიყენებთ. მსგავსად, სწავლების საუკეთესო მეთოდსაც მივაგნებთ. სასწავლო გეგმები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ნეიროვიზუალიზაცია ნამდვილად არა“, — აცხადებს რობერტ კორტესი, კვლევის თანაავტორი.