14-16 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს მასპინძლობს. ტრადიციულად, ფესტივალის უცვლელი ნაწილია Marketer.ge-ის პანელური სესია. პირველი პანელური შეხვედრა 14 სექტემბერს შედგა, რომლის სტუმრებიც იყვნენ შოთა არველაძე, გიორგი ქვლივიძე და ეკა ყიფიანი. მეორე პანელური სესია კი 15 სექტემბერს, Mono Hall-ში, არაფორმალურ გარემოში გაიმართა. ნეთვორქინგ ზონასა და გასართობი აქტივობების პარალელურად, ჯაბა შავიშვილმა, პანელური სესიის ფარგლებში, Deka-ს, Mush One-სა და ჯერონიმოს უმასპინძლა. სასაუბრო თემა ჰიპ-ჰოპის, ბითებისა და რითმის 50-წლიან ისტორიასა და გლობალურ კულტურაზე მის გავლენას ეხებოდა. სესიაზე მიმოიხილეს ის ხასიათი, რასაც მუსიკის ეს მიმდინარეობა ასახავს, ჰიპ-ჰოპის კომერციული მხარე და გამოხატვის გზა.
ჯერონიმო: „არ არსებობს ძველი ჰიპ-ჰოპი. ჰიპ-ჰოპი სულ ცოცხალია, სულ მოძრაობაშია და სულ ახალია. შეგვიძლია ვიდავოთ, როგორი ჰიპ-ჰოპია კარგი ან ცუდი. ჰიპ-ჰოპით ყველახე კარგად შეგიძლია თვითგამოხატვა, ესაა თავისუფლების ენა.
ძალიან მიყვარს ცეკვა, თუმცა არ ვარ პლასტიკური, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც გავხდი MC. მე ვარ ჯერონიმო, ქართველი MC და დილას აქ რომ მოვდიოდი ჩემი პრობლემა იყო ის, რომ ჩემი ზღვის გოჭისთვის დამტოვეველი მომეძებნა. ეგაა ქართველი MC.“
DeKa: „უნდა ემსახურო და წარმოადგინო ის, რაც გიყვარს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ DJ გავხდებოდი, მაგრამ მუსიკის დიდმა სიყვარულმა ჩემი მისიის შესასრულებლად, ჰიპ-ჰოპის გზამდე მომიყვანა.
კარგი ჰიპ-ჰოპი სუპერავთენტურია. ის რეზონანსშია ადამიანებთან. ჰიპ-ჰოპი ხელოვნების ფორმაა. ხელოვნება კი ინტიმურია, მას აქვს კონტექსტი, ხან სოციალური, ხან პოლიტიკური. ბოლო დროს, თემატიკა უფრო განზოგადდა, რადგან გარემოება შეიცვალა, მაგრამ სწირედ ესაა ჰიპ-ჰიპი – მას შეუძლია იყოს ყველანაირი, ყველა თემატიკის. ძალიან ცუდია, როცა ხელოვნებაში კომპრომისზე გიწევს წასვლა, შემოსავლის გამო. ვფიქრობ, სჯობს, ხელოვანმა არტი აკეთოს და თუკი ამას მოყვება შემოსავალიც, მშვენიერი იქნება.“
Marketer.ge-ის პანელური სესიის პარალელურად, Mono Hall-ის სივრცეში სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი მოეწყო, ასევე, ფესტივალის პარტნიორების მხარდაჭერით, განთავსებული იყო გასართობი აქტივობების თემატური სივრცეები, Ad Black Sea 2023-ის დელეგატებისთვის.
Ad Black Sea 2023-ის ორი დღე მიიწურა, ახლოვდება ფესტივალის კულმინაციური ეტაპი – 16 სექტემბერს, გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც საერთაშორისო კრეატიული კონკურსის გამარჯვებულები გახდება ცნობილია. ასევე, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG წლის დიზაინ სტუდიასა და წლის კრეატიულ სააგენტოს დააჯილდოებს. 16 სექტემბერს, საზეიმოდ დაიხურება ფესტივალიც და მომდევნო სექტემბრამდე დაგვემშვიდობება.
Mush One: „ჰიპ-ჰოპი უნივერსალური ენაა. ვფიქრობ, ჰიპ-ჰოპის მთავარი მომენტი რიტმია. რომც არ ვიცოდე ტექსტი, მაინც შემიძლია საათობით ვუსმინო.
ჰიპ-ჰოპი არ იყო მხოლოდ სოციალური თემატიკა. 90-იანებში განსხვავებული თემატიკის არტისტების მოსმენა შეიძლებოდა. ახლა, ჰიპ-ჰოპერები ბევრად გვანან ერთმანეთს, უფრო მეტად კომერციულ მხარეზე არიან ორიენტირებულები. ვფიქრობ, უნდა გესმოდეს საკუთარი თავის და იმის, რას აკეთებ.“