in

ხომ არ ვიძირებით? – ამონარიდები MRKTRG-ის პანელური დისკუსიიდან [Ad Black Sea 2022]

სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ის დაბრუნებასთან ერთად, ზღვისპირეთში Marketer.ge-ის სადისკუსიო პანელიც დაბრუნდა. 16 სექტემბერს, სპიკერების გამოსვლის ნაწილის დასრულების შემდეგ, ფესტივალის სტუმრებმა BAHN Batumi-ში გადაინაცვლეს, სადაც გასართობ აქტივობებთან ერთად, Marketer.ge-ის პანელი გაიმართა, თემაზე Are We Th(s)inking? –  პანელს სტუმრობდნენ: გაგა დარსალია – Redberry-ის თანადამფუძნებელი, თორნიკე ტურიაშვილი – Kraken-ის თანადამფუძნებელი, ორხან კემიროვი – Endorphin-ის თამფუძნებელი, ქეთო ბარაბაძე – adjarabet-ის ბრენდის ხელმძღვანელი. შეხვედრას აკო ახალაია უძღვებოდა.

მაინც, რას ვაკეთებთ – ვფიქრობთ (Are We Thinking) თუ ვიძირებით (Are We Sinking?) და როგორ მოვიქცეთ? როგორ გავუძღვეთ გუნდს, შტორმის პირობებში?

თორნიკე ტურიაშვილი: „წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ X საუკუნეში და იმყოფებით პირველ გემზე, რომელიც ამერიკის მიმართულებით მიცურავთ. თქვენ ხართ კაპიტანი, ბორტზე კი 20 ადამიანი გყავთ. წარმოიდგინეთ, რომ ძლიერ ქარიშხალში მოხვდით – რას აკეთებთ? ასეთ დროს, აუცილებლად გჭირდებათ გუნდთან სინქრონიზება, ერთ გონებრივ ტალღაზე დადგომა, ფიქრი. უნდა იფიქროთ (და მოიფიქროთ) ერთად ან ჩაიძიროთ ერთად“.

გაგა დარსალია: „მიმართეთ აფრები ახალი ნაპირების აღმოსაჩენად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოვება. ესაა იმედი ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის“.

ქეთო ბარაბაძე: „დისტანციურმა მუშაობამ სხვადასხვა ეტაპი გაიარა. თავიდან, ახალი და სახალისო იყო ლოგინიდან პიჟამათი მუშაობა, მერე – სხვა ქვეყნებიდან მუშაობა. შემდეგ, ნაწილობრივ, დავბრუნდით. ახლა, ჰიბრიდულად ვართ. ამ პროცესებს ყველა ეტაპზე ახლავს ქაოსი. რა მოცემულობაც ახლა გვაქვს, აქ პროცესების უკეთ მართვაა მნიშვნელოვანი. ჩვენ შემთხვევაში, შევიძინეთ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, გავაძლიერეთ პროცესების მენეჯმენტი და ამ მიმართულებით ჩავდეთ რესურსი.“

როგორ გავუძღვეთ გუნდს, შტორმის პირობებში – როგორ შეიცვალა მენეჯმენტი, ახალ რეალობასთან ერთად? როგორ შევინარჩუნოთ ტალანტები ორგანიზაციაში? როგორ იცვლებიან დამკვეთები და სააგენტოების მუშაობის ბიზნესმოდელი? – სტუმრებმა სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ბევრი ისაუბრეს ზეტ თაობაზეც, რომელმაც მილენიალი (და არამხოლოდ) დამსაქმებლები და გუნდის წევრები სამუშაო სპეციფიკის გადაფასებაზე დააფიქრეს.

„ყოველ თაობას ეშინია მომდევნო თაობის და ეს ზეტ თაობასაც ეხება“, – აღნიშნა ორხან კემიროვმა.

ქეთო ბარაბაძე: „თაობა ზეტის წარმომადგენლები სამსახურს ძალიან ადვილად იცვლიან. თუკი რაიმე არ აკმაყოფილებთ, მარტივად გადაინაცვლებენ ხოლმე ერთი ბრენდიდან მეორეში. მათ შესანარჩუნებლად, სპეციფიკური გარემოს შექმნა გვჭირდება“.

გაგა დარსალია: „დიახ, ზეტ თაობა მილენიალებზე უფრო ადვილად იცვლის სამსახურს, თუმცა უცვლელია ბედნიერების განცდის ძიება. ასევე, შეიცვალა კონტექსტი – ზეტ თაობა ადვილად ითვისებს ახალს და აქვს მძაფრი სურვილი, აკეთოს ღირებული საქმე. სწორედ ამიტომ, მათ სჭირდებათ საინტერესო საქმე და გამოწვევები. ყოველივე ეს კი მათ მიმართ პერსონალიზებულ მიდგომას საჭიროებს“.

ორხან კემიროვი: „იდეაზე მნიშვნელოვანი კულტურაა. ჩვენ ვცდილობთ დავიქირავოთ ნიჭიერი ადამიანები. შემდეგ ვხედავთ, რომ ეს არ კმარა და უფრო მეტი გვჭირდება. შემდეგ, შრომისმოყვარე ადამიანების ძებნას ვიწყებთ და კვლავ მივდივართ აზრამდე, რომ არც ეს კმარა. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება თვითმოტივირებული ადამიანი. თუკი ასეთს იპოვით, იზრუნეთ მასზე და ჩადეთ ინვესტიცია. სწორედ ის წაგწევთ წინ.“

Ad Black Sea 2022: რას მოისმენ MRKTRG-ის პანელზე 17 სექტემბერს?

ქართული სერიალები პირველ არხზე