სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ის ფარგლებში, უკვე მერამდენე წელია ტრადიციად იქცა Marketer.ge-ის პანელური დისკუსია, რომელიც ნეთვორქინგ ზონასა და გასართობი აქტივობების პარალელურად, ფესტივალისთვის დამახასიათებელ მეგობრულ გარემოში მასპინძლობს სტუმრებს. წელს, მარკეტერის სცენა დელეგატებისთვის 14 და 15 სექტემბერს იქნება ღია. ღონისძიებები Mono Hall-ში იმართება. 14 სექტემბერს ორი პანელური შეხვედრა გაიმართა, პირველი სტუმარი იყო შოთა არველაძე, რომელმაც საფეხბურთო მოედნებზე მოგზაურობა ბრენდინგისა და გუნდურობის ჭრილში დაგვანახა. მეორე შეხვედრის სტუმრები გიორგი ქვლივიძე და ეკა ყიფიანი იყვნენ, რომლებმაც ისაუბრეს კრეატიულობასა და მენტალური ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე, თანამედროვე სოციალური მედიისთვის დამახასიათებელი აგრესიის პირობებში.
შოთა არველაძე პირველად სტუმრობდა მარკეტერის პანელს Ad Black Sea-ზე. მასთან საუბარი ავტობიოგრაფიული წიგნით დაიწყო, სახელწოდებით „გუშინ“, რომელიც 2009 წელს გამოსცა. წიგნში შოთა არველაძე მისი ბავშვობის, განვლილი კარიერის, ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელების, სასიამოვნო მომენტების, პრობლემებისა და იმ წარმატებების შესახებ წერს, რომელიც მან კარიერის მანძილზე გაიარა. მარკეტერის სცენიდან მან საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო ფესტივალის სტუმრებს, თუ როგორ იწყებდა კარიერას ქვეყნისთვის გარდამტეხ ურთულეს წლებში. რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული იმ უხილავი კედლის გადალახვა, რომლის წინაშეც იდგნენ ქართველი ახალგაზრდები, პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობების ძიებაში. რამდენად კონტრავერსიული იყო ქართული რეალობა ევროპულთან მიმართებაში. როგორ ჩამოყალიბდა გუნდური აზროვნება და ამ აზროვნების გამო ჯერ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშზე თქვა უარი, სხვა დროს კი თამაშზე დააგვიანა. მართალია, შოთა არველაძის ნაამბობს მასავით სხარტად ვერ გიამბობთ და გეტყვით, რომ „იქ უნდა ყოფილიყავით“, მაგრამ ვეცდებით ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – გუნდურობაზე გაგიზიაროთ მისი მოსაზრება.
„1995 წელი იყო, ესპანეთის ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კლუბში Deportivo La Coruna გვიწვევდნენ – ძალიან ცნობილი ბრაზილიელები თამაშობდნენ (ბებეტო, რივალდო…). ძალიან კარგი შემოთავაზება ჰქონდათ – ყოველკვირეულად ცნობილ გუნდებთან უნდა გვეთამაშა, იყო La Liga, უზრუნველყოფილი შემოსავალი, სახელი და ა.შ. ორივეს აყვანა უნდოდათ, მაგრამ ჩემმა ძმამ ტრავმა მიიღო და უახლესი ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა თამაშს. მე კი უარი ვთქვი წასვლაზე, მერჩივნა დავრჩენილიყავი და გამოჯანმრთელებაში დავხმარებოდი. ვერ ვიქნებოდი ბედნიერი, თუკი ჩემი ძმა, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარს, თამაშს ვერ შეძლებდა და სხვა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. მეუბნებოდნენ – შოთა, ხვდები, რაზე ამბობ უარს? ევროპის საუკეთესო გუნდში თამაშზე – დაფიქრდი. ჩემთვის საფიქრალი არც არაფერი იყო. გავიდა დრო, აჩი გამოჯანმრთელდა, დაუბრუნდა ფეხბურთს და ორივე მოვხვდით, კლუბ Ajax-ში, რომელიც ევროპის საუკეთესო ნაკრები იყო იმ დროისათვის. ასე მოვხვდი ისევ იმ ადგილას, სადაც უნდა ვყოფილიყავი ცოტა ხნით ადრე. ორივე ძალიან ბედნიერები ვიყავით.
ჩვენთან ერთად, კლუბში გიორგი ქინქლაძე თამაშობდა. ერთხელ, მას თამაშზე დააგვიანდა და მის მოსაყვანად წასულმა, მეც დავაგვიანე. ჩვენმა მწვრთნელმა მკითხა – შოთა, შენს თავზე რატომ არ ფიქრობ? რატომ განაღვლებს, გიორგი დააგვიანებს თუ არა? ვუპასუხე – ოდესმე გყოლია საუკეთესო მეგობარი? თუკი აქ ვიჯდები და მეცოდინება, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი აქ არაა და არ იცის, აქ რა ხდება, კარგად ვერ ვითამაშებ. თამაშს ვერ გამოვაკლდებოდი, ამიტომ ძალიან ვთხოვე, ნუ გამრიცხავთ იმის გამო, რომ კარგი მეგობარი ვარ-მეთქი. სათადარიგო სკამზე დამსვეს. 1-1 იყო ანგარიში. თამაშის დასრულებამდე 9 წუთი იყო დარჩენილი, როცა მწვრთნელმა მითხრა, მოედანზე შევსულიყავი. ნაკრებში გვყავდა ბრაზილიელი, დანიელი, პოლონელი, აფრიკელი ფეხბურთელები. ყველა მათგანს უნდოდა, რომ მეთამაშა. ყველას ესმოდა, რომ ძალა ერთობაშია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მეგობრის მოსაყვანად წასვლა. ის თამაში 2-1 მოვიგეთ. ვფიქრობ, გუნდურობა ნიშნავს, ვიცნობდეთ ერთმანეთს. მჯერა, თუკი ადამიანები ერთმანეთს ენდობიან და პატივს სცემენ, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს.“
ექვსი ენის სწავლისკენ შოთა არველაძეს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობამ უბიძგა. მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცნობადობა მისი წარმატებისთვის, ამიტომ უნდა ყოფილიყო „ადვილი“ რესპონდენტი, რომელიც შეძლებდა სწრაფად და მოქნილად გაეცა პასუხი მედიის შეკითხვებზე თუ სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე. ამ მიდგომამ უნებლიედ დააკავშირა მსხვილ ბრენდებთან, რომლებმაც ინფლუენსერულ კამპანიაში ჩართვა შესთავაზეს.
მარკეტერის პანელური დისკუსიის მეორე თემა ეხებოდა თანამედროვეობის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას – კრეატიულობასა და მენტალურ ჯანმრთელობას, სოციალური მედიის ეპოქაში. პანელს ნატალია ფირცხალავა უძღვებოდა, რომელსაც სტუმრად ეკა ყიფიანი და გიორგი ქვლივიძე ჰყავდა. მაინც, როგორ შევინარჩუნოთ კრეატიულობა თანამედროვე გარემოში ისე, რომ მას მსხვერპლად არ შევწიროთ მენტალური ჯანმრთელობა? ამ ბალანსის პოვნა განსაკუთრებულად რთულია სოციალური მედიის პირობებში. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, სოციალური მედია ნეგატივის წყარო ხდება ადამიანისთვის. უარყოფითი შეფასებები, კომენტარები გულის ტკენის საგნად გადაიქცევა ხოლმე, რაც ბუნებრივია, კრეატიული ადამიანის განწყობაზე მოქმედებს. ზოგჯერ, არაერთი დადებითი კომენტარის ფონზეც კი, რთულია გვერდით ავუაროთ ნეგატიურ კომენტარს და გულთან ახლოს არ მივიტანოთ. პანელის სტუმრების განხილვის საგანიც სწორედ ეს იყო – როგორია თავად პრობლემა, როგორ ვლინდება, როგორია გამოსავალი.
სპიკერების დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, სოციალურ მედიაში ნეგატიური კომენტარებისგან მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად ერთ-ერთი გამოსავალი ეკრანთა გატარებული დროის შემცირებაა. ასევე, იმის გაცნობიერება, რომ ეს უბრალოდ, კომენტარია, რომელზეც შესაძლოა, მის ავტორს ბევრი არ უფიქრია და არც გააზრებულად დაუწერია.
მარკეტერის მეორე პანელი ჩატარდება დღეს, 15 სექტემბერს. Ad Black Sea 2023-ის სტუმრებს გელით Mono Hall-ში, 18:00 საათზე.